ცხავის ძვალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ორბიტალური ძვლები
კრანიალური ძვლები

ცხავის ძვალი (ლათ. os ethmoidale) — კენტი ძვალი. მდებარეობს შუბლის ძვალის თანამოსახელე ამონაჭდევში, ავსებს მას და დაკავშირებულია სახნისთან, შუბლის, ძირითადად, ყვრიმალი და ცრემლის ძვლებთან. ცხავის ძვლის ძირითადი ნაწილი წარმოდგენილია მეტად თხელი, ნაზი კედლებისა და ტიხრების მქონე ჰაეროვანი უჯრედებით, რომელთა გაერთიანება ქმნის ცხავის ძვლის ლაბირინთს. მთლიანად ცხავის ძვალს კუბის ფორმა აქვს, რომლის ზედა კედელს ქმნის ჰორიზონტალურად მდებარე, ქალას ფუძის შემადგენელი, დაცხრილული ფირფიტა, რომელზეც ორმოცამდე წვრილი ნაჩვრეტი აღინიშნება. ზემოთა ზედაპირის ნაწილი შუბლის ძვლისკენაა მოქცეული. ამ უკანასკნელზე მას დართული აქვს კარგად გამოხატული ხვრელები შუბლის წიაღთან დასაკავშირებლად. ლაბირინთის ლატერალურ კედელს ქმნის თვალბუდისკენა ფირფიტა, უკანას — ლაბირინთის უკანა უჯრედების კედელი, ხოლო ქვედას ცხავის დიდი ბუშტუკის ძირი და კავისებრი მორჩი, რომელთა შორის არსებული თავისუფალი სივრცე — ცხავის ძაბრი ზევით უკავშირდება შუბლის წიაღს, ხოლო მის ქვევით მდებარე ნახევარმთვარისებრი ნაპრალი აკავშირებს ზედა ყბის წიაღს ცხვირის შუა გასავალთან. ცხავის ძვლის ლაბირინთი ორ განცალკევებულ (მარჯვენა და მარცხენა) ნაწილებად არის დაყოფილი. ცხავის ძვალი გადის გაძვალების 3 სტადიას: მუცლადყოფნის მე-16 კვირას გაძვალების წერტილი წარმოიქმნება შუა ნიჟარაში, მე-20 კვირას - ზედა ნიჟარაში, მე-9 თვეს- წყვილ დაცხრილულ ფირფიტაში. პერპენდიკულარული ფირფიტა ძვალდება 6-8 წლის ასაკში. დაბადების შემდეგ ლაბირინთში ვითარდება 2-3 ჰაეროვანი ღრუ, ხოლო ლაბირინთის სრული ჩამოყალიბება მთავრდება 12-14 წლის ასაკში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კაციტაძე ი., ადამიანის ანატომია, ტ. 1, გვ. 144-145, თბ., 2011.