ცუი ჰარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცუი ჰარკი
徐克

ცუი ჰარკი 2011 წლის ნიუ იორკის აზიურ კინოფესტივალზე
დაბადების თარიღი 15 თებერვალი, 1950 (1950-02-15) (74 წლის)
ხოშიმინი, ვიეტნამი
საქმიანობა კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მსახიობი

ცუი ჰარკი (ჩინ.: 徐克; ვიეტ. Từ Khắc; დ. 15 თებერვალი, 1950) — ჰონგკონგელი კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.

ცუის რეჟისორობით ჰონგკონგური კინოს გავლენიანი ფილმებია გადაღებული, ესენია: „ძუ: მაგიური მთის მებრძოლები“ (1983), „მახვილი“ (1995) და კინოსერია „ერთხელ ჩინეთში“ (1991-1997). მისი პროდიუსერობით გადაღებული ფილმებია „უკეთესი მომავალი“ (1986), „ჩინელი მოჩვენების ამბავი“ (1987), „მკვლელი“ (1986), „ლეგენდა რაინდზე“ (1992), „ბოროტი ქალაქი“ (1992), „რკინის მაიმუნი“ (1993) და „შავი ნიღაბი“ (1996).

ცუი ჰონგკონგური კინოს ოქროს ხანის მთავარ ფიგურად მიიჩევა, კრიტიკოსები მას „აზიური კინემატოგრაფიის ერთ-ერთ საუკეთესო ოსტატს“ უწოდებენ.[1]

1990-იანი წლების დასასრულს ცუი ხანმოკლე დროით აშშ-ში მოღვაწეობდა, სადაც მან ჟან-კლოდ ვან დამის ფილმები: „ორმაგი გუნდი“ (1997) და „Knock Off“ (1998) გადაიღო. ორივე ფილმი კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. კრეატივის ნაკლებობით უკმაყოფილო ცუი ჰონგ-კონგში დაბრუნდა, სადაც ბლოკბასტერებით, როგორებიცაა „დეტექტივი დი“ (2010), „დრაკონის კარიბჭის მფრინავი მახვილები“ (2011) და „ვეფხვის მთის აღება“ (2014), დიდ კომერციულ და კრიტიკულ წარმატებას მიაღწია.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცუი ვიეტნამის ქალაქ ხოშიმინში, მრავალშვილიან ჩინურ ოჯახში დაიბადა.[2] მან ადრეული ასაკიდანვე გამოამჟღავნა ინტერესი შოუ-ბიზნესისა და კინოს მიმართ. 10 წლის ასაკში მან მეგობრებთან ერთად რვა მილიმეტრიანი კამერა იქირავა, რათა სასკოლო დადგმა გადაეღო. იგი ხატავდა კომიქსებს, რამაც მის კინემატოგრაფიულ სტილზე იქონია გავლენა. როცა ცუი 13 წლის იყო, მისი ოჯახი ჰონგ-კონგში გადავიდა საცხოვრებლად.[3]

ცუიმ საშუალო სკოლაში სწავლა 1966 წელს ჰონგ-კონგში დაიწყო. მან უმაღლესი განათლება კინოს განხრით ტეხასში, სამხრეთ მეთოდისტურ უნივერსიტეტსა და ტეხასის უნივერსიტეტში მიიღო, რომელიც 1975 წელს დაამთავრა.

სწავლის დასრულების შემდეგ ცუი ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც ქრისტინა ჩოის დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდა. იგი ასევე რედაქტორი იყო ჩინურ გაზეთში. 1977 წელს ცუი ჰონგ-კონგში დაბრუნდა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მხატვრული ფილმებზე მუშაობის დაწყებისთანავე ცუიმ მალევე „ახალი ტალღის“ მიმდინარეობის რეჟისორთა რიგებში დაიკავა ადგილი. მისი დებიუტი 1979 წელს ფილმით „მკვლელი პეპლები“ შედგა, რომელიც მისტიკის, ფანტასტიკისა და საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს აერთიანებს. რეჟისორის მომდევნო ფილი „ჩვენ შენს შეჭმას ვაპირებთ“ 1980 წელს გამოვიდა. ფილმში საშინელებათა ჟანრის, შავი კომედიის და საბრძოლო ხელოვნების ნაზავს ვხვდებოთ.

ცუის 1980 წლის თრილერი „სახიფათო შემთხვევები“ პოლიტიკურ ქვეტექსტებს შეიცავდა, რის გამოც ფილმი ბრიტანეთის კოლონიურმა მთავრობამ ცენზურის ქვეშ გაატარა. მკვეთრად შეკვეცილი და შეცვლილი სახით ფილმი 1981 წელს გამოვიდა.

1983 წელს სტუდია Golden Harvest-სთვის ცუიმ ჩინური საბრძოლო ხელოვნების შესახებ ფენტეზის ჟანრის ფილმი „ძუ: მაგიური მთის მებრძოლები“ გადაიღო.

1984 წელს ცუიმ მის იმჟამინდელ მეუღლე ნანსუნ შისთან ერთად, რომელიც ხშირად მისი თანაპროდიუსერი იყო, კინოწარმოების კომპანია Film Workshop დააარსა.

ცუის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია ფილმების სერია „ერთხელ ჩინეთში“, რომელიც 1991-1997 წლებში გადაიღო. სერიის შვიდიდან ოთხ ნაწილში ცნობილი მსახიობი ჯეტ ლი ჩინელი სახალხო გმირის, ვონგ ფეი ჰუნგის როლს ასრულებს. სერიაში ნათლადაა ასახული რეჟისორის დამოკიდებულება ჩინური ნაციონალიზმისა და ჩინეთის ისტორიის მიმართ, რომელსაც დასავლური გავლენები უპირისპირდება.

1993 წელს ცუიმ ფენტეზის ჟანრის ფილმი „მწვანე გველი“ გადაიღო, რომელიც ლილიან ლის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაციას წარმოადგენს.

1990-იანი წლების მეორე ნახევარში, ცუი ხანმოკლე დროით ჰოლივუდში მოღვაწეობდა. 1997-1998 წლებში მან გადაიღო ჟან-კლოდ ვან დამის ფილმები: „ორმაგი გუნდი“ და „Knock Off“.

რეჟისორმა ჩინეთში მოღვაწეობა 2000 წელს განაახლა, როცა ფილმი „დრო და ტალღა“ გადაიღო. მას მოჰყვა „ლეგენდა ძუზე“ 2001 წელს.

2011 წლის ოქტომბერში, ბუსანის მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალზე ცუიმ ჰონგ-კონგის კინოში გაწეული წვლილისთვის წლის აზიელი კინორეჟისორის ჯილდო მიიღო. იგი ამ ჯილდოს მფლობელი მეხუთე ჩინელი რეჟისორია.[4]

2014 წლის დეკემბერში ჩინეთში ცუის ახალი ფილმის „ვეფხვის მთის აღება“ პრემიერა შედგა.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]