ცრუდათვისსოკო
ცრუდათვისსოკო | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Caloboletus calopus (Pers.) Vizzini | |||||||||||||||
|
ცრუდათვისსოკო (ლათ. Caloboletus calopus) — სოკოს სახეობა ბოლეტუსისებრთა ოჯახისა. არასაჭმელი სოკოა, ხასიათდება მწარე გემოთი. არსებობს ცნობები, რომ ცრუდათვისსოკოს ჭამენ უკრაინასა და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში.[1]
გავრცელებულია ჩრდილოეთ ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. პირველად აღწერა გერმანელმა მიკოლოგმა კრისტიან ჰენდრიკ პერსონმა 1801 წელს როგორც Boletus calopus.[2]
2014 წლამდე ცრუდათვისსოკო ბოლეტუსის გვარში ერთიანდებოდა.
სამეცნიერო სინონიმები:
- Boletus calopus Pers. (1801)
- Boletus olivaceus Schaeff. (1774)
- Boletus lapidum J.F.Gmel.
- Boletus pachypus var. olivaceus (Schaeff.) Pers. (1825)
- Boletus subtomentosus subsp. calopus (Pers.) Pers. (1825)
- Dictyopus calopus (Pers.) Quél. (1886)
- Tubiporus calopus (Pers.) Maire (1937)
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი 4,5-15 სმ-მდე აღწევს, ნახევარსფეროსებრია, შემდგომში — ამოზნექილი, გლუვი, იშვიათად დანაოჭებული. მქრქალია, მშრალი, მოგვიანებით — შიშველი. ქუდის ფერი — ღია ყავისფერი, ზეთისხილისფერ-წაბლისფერი ან მონაცრისფრო-წაბლისფერი.
რბილობი — მოთეთრო ან ღია კრემისფერი, გაჭრისას ადგილ-ადგილ ლურჯდება (ძირითადად ქუდზე), გემოზე მწარეა.
ფეხის სიმაღლე — 3-15 სმ, სისქე — 1-4,5 სმ. ჯერ ბოლქვისებრია, შემდეგ — ცილინდრული. ზოგჯერ ძირში წაწვეტებულია, მკვრივი, ზედა მხარე ყვითელია თეთრი ბადით, შუაში — კარმინისფერ-წითელი ბადით, ქვედა მხარე — წაბლისფერ-წითელი.
ჰიმენოფორი — ყვითელი, მოგვიანებით ზეთისხილისფერ-ყვითელი, ფორები — მომრგვალებული, წვრილი, ახალგაზრდობაში მონაწრისფრო-ყვითელი, მომწვანო შეფერილობით, დაჭერისას ლურჯდება.
სპორების ფხვნილი მოწაბლისფრო—ზეთისხილისფერი, სპორის ზომა 12—16 × 4—6 მკმ, ჟანგმიწისფერი, გლუვი, თითისტარისებრი.[3]
მსგავსი სახეობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დათვისსოკო — ერთ-ერთი საუკეთესო საჭმელი სოკოა. ცრუდათვისსოკოსგან განსხვავებით ფეხის სიწითლე არ ახასიათებს.[4]
- მუხისძირა — საჭმელი სოკოა. ცრუდათვისსოკოსგან განასხვავებელი ერთ-ერთი ნიშანია წითელი ფორები.
- სატანას სოკო — შხამიანი სოკოა. ცრუდათვისსოკოსგან განასხვავებელი ერთ-ერთი ნიშანია წითელი ფორები.
ეკოლოგია და გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. იზრდება წიწვოვან და ფართოფოთლოვან ტყეებში, მუხნარში, ხშირად მჟავე ქვიშიან ნიადაგზე, მუხისა და წიფლის ძირებში, სკვერებსა და პარკებში ერთეულებად ან ჯგუფებად.[5]
სეზონი — ივლისი-ოქტომბერი.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ა. დერმეკ, სოკოები, ბრატისლავა: „Словарт“, 1989.
- პელე იანსენი, ყველაფერი სოკოების შესახებ, სანქტ-პეტერბურგი, 2005 წელი, ISBN 5-306-00350-8.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ცრუდათვისსოკო“ ვიკისაწყობში.
- ცრუდათვისსოკო MycoBank-ზე (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Boa, E.R. (2004). Wild Edible Fungi: A Global Overview Of Their Use And Importance To People, Non-Wood Forest Products. Rome: Food and Agriculture Organization of the United Nations, გვ. 123, 128. ISBN 978-92-5-105157-3.
- ↑ Persoon, C.H. (1801). Synopsis methodica fungorum (Latin). Göttingen, Sweden: Dieterich, გვ. 513.
- ↑ ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 68, ISBN 99940-856-1-1.
- ↑ Haas, H. (1969). The Young Specialist looks at Fungi. London, UK: Burke, გვ. 36. ISBN 978-0-222-79409-3.
- ↑ Alessio, C.L. (1985). Boletus Dill. ex L. (sensu lato) (Italian). Saronno, Italy: Biella Giovanna, გვ. 153–56.