წითელი ტბა (ხორვატია)
| წითელი ტბა | |
|---|---|
წითელი ტბა | |
| კოორდინატები: 43°27′11″ ჩ. გ. 17°11′48″ ა. გ. / 43.45306° ჩ. გ. 17.19667° ა. გ. | |
| მდებარეობა | |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 522 მ |
| სიგრძე | 0,2 კმ |
| სიგანე | 0,2 კმ |
| ფართობი | 0,03 კმ² |
წითელი ტბა, ცრვენო (ხორ. Crveno jezero) — კარსტული ძაბრი და ტბა სამხრეთ ხორვატიაში, ქალაქ იმოტსკის სიახლოვეს. ცნობილია მრავალრიცხოვანი მღვიმეებისა და მაღალი კლდეების კომპლექსით, რომელთა სიმაღლე წყლის საშუალო დონიდან 241 მ-ია. სიახლოვეს მდებარე ცისფერ ტბასთან ერთად უკავია ღრმა კარსტული ძაბრი, რომელიც ჩამოყალიბდა მიწისქვეშა მღვიმის ჩამონგრევის შედეგად. ტბის სიგრძეა 200 მ, სიგანე 200 მ. მტკნარწყლიანია.
წითელი ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 522 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,03 კმ². მაქსიმალური სიღრმე 287 მ. კარსტული ძაბრის ერთიანი გამოკვლეული სიღრმე დაახლოებით 530 მ-ია, ხოლო მოცულობა 25-30 მლნ. კუბური მეტრი, რითაც იგი მსოფლიოში სიდიდით მესამე კარსტული ძაბრია.[1] გამდინარეა მიწისქვეშა წყლის გზით, რომელიც ტბის ფსკერის დონის დაბლა ეშვება. ტბის უღრმესი ცნობილი წერტილი 4 მ-ით მდებარეობს ზღვის დონიდან დაბლა.[2]
სპელეოლოგიის მე-13 საერთაშორისო კონგრესზე 2001 წელს გამოაშკარავდა ახალი შედეგები. ტბის აღმოსავლეთ ნაწილში, 175 მ სიღრმეზე აღმოაჩინეს მღვიმური შენაკადი.[3] ტბაში ბინადრობს ენდემური სახეობის თევზი Delminichthys adspersus.[3] სახელი ეწოდა გარემომცველი რკინის ოქსიდით შეფერილი მოწითალო-მოყავისფრო კლდეების გამო.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Crveno Jezero — Red Lake. Wondermondo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-16. ციტირების თარიღი: 2020-05-22.
- ↑ Preliminarni izvještaj prirodoslovnih istraživanja u okviru Speleoronilačke ekspedicije Crveno jezero 2017
- ↑ 3.0 3.1 New Speleohydrogeological Research of Crveno jezero (Red Lake) near Imotski in Dinaric Karst Area...