ციხისჯვარელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ციხისჯვრელები)
Jump to navigation Jump to search

ციხისჯვარელები — სამხრეთ საქართველოს, სამცხის წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო, ახალ ჩორჩანელთა საგვარეულოს განშტოება. მისი ფუძემდებელი იყო XI საუკუნის შუა წლების მოღვაწე, სულა კალმხის ერისთავი. გვარის სახელწოდება წარმოსდგა სამცხეში მდებარე ციხე ციხისჯვარიდან, რომელიც სულას უწყალობა საქართველოს მეფე ბაგრატ IV-მ ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ ბრძოლის დროს ერთგული სამსახურისათვის. სულას საგვარეულოს მეორე შტომ მამულად დაიმკვიდრა საერისთავო კალმახი და კალმახელთა სახელწოდება მიიღო. XII საუკუნის 80-იან წლებში თამარ მეფემ გიორგი რუსის აჯანყების დროს ერთგული სამსახურისათვის ივანე-ყვარყვარე ციხისჯვარელს სამცხის ერისთავთ-ერისთავობა და სპასალარობა უბოძა, და უწყალობა ჯაყის ციხე, რომელიც ახალ ჩორჩანელთა მეორე განშტოების წარმომადგენელს ბოცო ჯაყელს ჩამოართვა. ამიერიდან ციხისჯვარელ-ჯაყელები პირველობენ სამცხეში, XIII საუკუნის 60-იან წლებში კი ყვარყვარეს შვილიშვილი სარგის I სამცხის მთავარი ხდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]