ციხისძირის წმინდა ბარბარეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ციხისძირის წმინდა ბარბარეს ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის სასაფლაოზე, მდინარე არაგვის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. 1982 წელს, სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმოო გაერთიანებამ ძეგლზე ჩაატარა სარესტავრაციო სამუშაოები (რესტავრაციის პროექტის ავტორები: ნ. მინდორაშვილი და აკ. შავერდაშვილი). აღდგა კედლების ზედა ნაწილები და გადახურვა. ეკლესია დარბაზულია (4,9 x 4,2 მეტრი), ტლანქად ნაგები სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. გარედან თაღოვანი, ხოლო შიგნით ბრტყლად გადახურული შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდის ღერძზე, ვიწრო სარკმელია, რომელსაც თარაზული გადახურვა და საფეხურებიანი ძირი აქვს. მსგავსი სარკმელია დასავლეთითაც. აფსიდის გვერდებში თითო პატარა სწორკუთხა ნიშია. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილო კედლების აღმოსავლეთ კიდეში თითო სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის ცილინდრული კამარით გადახურული დარბაზი შესამჩნევად მოკლეა. მისი განივი ღერძი გრძივ ღერძს რამდენადმე სჭარბობს. ფასადები სადაა. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგარდნით. ეკლესია გადახურულია ფიქლის ორფერდა სახურავით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]