ციხისუბნის ღვთისმშობლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ციხისუბნის ღვთისმშობლის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისუბნიდან სამხრეთ-დასავლეთით 0,5 კილომეტრზე. თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (8,4 x 5,2 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. გარეთა კუთხეებისა და კონსტრუქციული ნაწილების წყობაში გამოყენებულია შირიმისა და ქვიშაქვის დამუშავებული ქვები. ძლიერ დაზიანებულია. ჩამონგრეულია კამაროვანი გადახურვა და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი შიგნით თაღოვანია, გარედან არქიტრავით (ჩამოვარდნილია) ყოფილა გადახურული. ქვაზე ლილვით შემოფარგლული თანაბარი სიდიდის ორი წრეა, რომლებშიც დაბალი რელიეფით თითო ტოლმკლავა ჯვარია გამოსახული. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო მცირე სწორკუთხა ნიშია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის კონქს ნახევარწრიული ფორმის თაღი აქვს. დარბაზის გრძივ კედლებზე სხვადასხვა სიგანის ორ-ორი პილასტრია, რომლებსაც კამარის საბჯენი თაღები ეყრდნობოდა. კედლების დაზიანების გამო სარკმლების კვალი აღარ ჩანს. გარედან ეკლესიის შემორჩენილი კედლები სადაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]