ცის კოორდინატთა სისტემები
ცის კოორდინატთა სისტემები, ასტრონომიულ კოორდინატთა სისტემები — რიცხვები, რომელთა საშუალებით განისაზღვრება ცის სფეროზე ნებისმიერი წერტილის, მათ შორის ბუნებრივი თუ ხელოვნური ციური სხეულების მდებარეიობა. ასტრონომიაში ხმარებულ ცის კოორდინატთა სისტემების ყკელა სისტემას საერთო პრინციპი უდევს საფუიძვლად. ესაა სფეროზე პოლარულ კოორდინატთა სისტემა. ამ უკანასკნელის დასაფიქსირებლად არჩევენ ცის სფეროს დიდ წრეწირს, რომელზეც აირჩევენ საწყის წერტილს ერთ-ერთი კოორდინატის ასათვლელად. წრეწირის ნაცვლად შეიძლება დავასახელოთ მისი პოლუსი, ე ი ცის სფეროს ზედაპირს ის წერტილი, რომელიც 90°-ითაა დაშორებული ამ წრეწირის თითოეული წერტილიდან. ცის კოორდინატთა სისტემის ძირითადი წრეწირი შეიძლება იყოს მათ ჰორიზონტი, ცის ეკვატორი, ეკლიპტიკა ან გალაქტიკური ეკვატორი, ამის შესაბამისად სათანადო ცის კოორდინატთა სისტემებს ეწოდება ჰორიზონტული, ეკვატორული, ეკლიპტიკური ან გალაქტიკური. მეორე კოორდინატი გვიჩვენებს აღებული წერტილის დაშორებას ძირითადი წრეწირიდან. სხვადასხვა ამოცანათა განხილვისას ამოცანის ხასიათის მიხედვით სარგებლობენ ცის კოორდინატთა ამა თუ იმ კონკრეტული სისტემით. ცის კოორდინატებს იყენებდნენ შორეულ წარსულში. მაგალიტა ისინი აღწერილია ძვ. ბერძენი მათემატიკოსის ევკლიდეს შრომებში, პტოლემეს „ალმაგესტში“ გამოქვეყნებულ ჰიპარქეს ვარსკვლავთა კატალოგში კი ვარსკვლავთა მდებარეობების დასასახელებლად პრაქტიკულადაა გამოყენებული ცის კოორდინატთა ეკლიპტიკური სისტემა.
ცის კოორდინატები გეოგრაფიული კოორდინატების მსგავსია. ისინი კუთხური ცვლადებია, რომელთაგან ერთი შეესაბამება განედს, მეორე — გრძედს.

კოორდინატთა ჰორიზონტულ სისტემაში პოლუსს ზენიტი წარმოადგენს, ის კი სხვადასხვაა დედამიწის სხვადასხვა წერტილებში მყოფი დამკვირვებლებისთვის მაშასადამე, ერთი და იმავე მნათობის ჰორიზონტული კოორდინატები – აზიმუტი და სიმაღლე (ან ზენიტური მანძილი) — სხვადასხვა დამკვირვებლისათვის სხვადასხვაა. მეორე მხრივ, ცის დღეღამური ბრუნვის გამო იცვლება მნათობთა მდებარეობა ჰორიზონტის მიმართ, ამიტომ მოცემული დამკვირვებლისთვის ცალკეული ციური სხეულის ჰორიზონტული კოორდინატები დროის მსვლელობაში ცვალებადია.

კოორდინატთა ეკვატორული სისტემა ორ ნაირსახეობას მოიცავს. ორივეში ერთერთი კოორდინატი დახრილობაა. მოცემული მნათობის დახრილობა ცის დღეღამური ბრუნვის მიზეზით არ იცვლება. მეორე კოორდინატია საათ-კუთხე (I სისტემაში) ან პირდაპირი აღვლენა (II სისტემაში). რადგანაც II სისტემის ათვლის წერტილი მონაწილეობს დღეღამურ ბრუნვაში, პირდაპირი აღვლენა დროის მცირე შუალედებში უცვლელია დროის დიდ შუალედებში (საუკუნეები და მეტი) რამდენადმე იცვლება მნათობის ეკვატორული კოორდინატებიც, ასევე ეკლიპტიკური და გალაქტიკური კოორდინატები. ამის მიზეზია ცის ეკვატორისა და ეკლიპტიკის ნელი ცვლა პრეცესიისა და ნუტაციის გამო. პარალაქსის გათვალისწინებით, მნათობთა მდებარეობათა შესადარებლად ცის კოორდინატები მიჰყავთ დედამიწის ცენტრში ან მზის ცენტრში მოთავსებული წარმოსახვითი დამკვირვებლისათვის აგებულ საკოორდინატო სისტემაზე. საუკუნეობრივი ცვლილებების გამო ცის კოორდინატების დასახელებისას მიუთითებენ ეპოქას, ანუ მომენტს, რომლისთვისაც განსაზღვრულია ცის კოორდინატების სიდიდეები. აღსანიშნაგია აგრეთვე, რომ მნათობთა ცის კოორდინატებს ამახინჯებს დედამიწის ღერძული ბრუნვით ან წლიური მზისირგვლივი მოძრაობით გამოწვეული აბერაციის მოვლენა და რეფრაქცია. მნათობთა ცის კოორდინატები ნელა იცვლება მათი საკუთარი მოძრაობის გამოც.
უშუალო დაკვირვებებით ზომავენ მხოლოდ ჰორიზონტულ და ეკვატორულ კოორდინატებს. ეკლიპტიკური და გალაქტიკური კოორდინატები გამოითვლება ეკვატორული კოორდინატებისაგან.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საბაშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 225.