გრიგოლ ცინცაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცინცაბაძე, გრიგოლ)
გრიგოლ ცინცაბაძე
დაბადების თარიღი 1879
დაბადების ადგილი ზომლეთი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 11 ივლისი, 1937
გარდაცვალების ადგილი კრასნოიარსკის მხარე, რსფსრ
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ეროვნება ქართველი
მამა დიმიტრი ცინცაბაძე

გრიგოლ ცინცაბაძე (დ. 1879, ზომლეთი — გ. 20 თებერვალი, 1938, კრასნოიარსკის მხარე) — ქართველი პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გლეხის ოჯახში. აკეთის ერთკლასიანი სკოლის დასრულების შემდეგ მშობლებმა მიაბარეს ასოთამწყობის შეგირდად სტამბაში, თბილისში. მუშაობის დროს ჩაერთო სოციალ-დემოკრატიული წრეების მუშაობაში. პირველად დააპატიმრეს 1899 წელს. მუშაობდა თბილისის საბარგო სადგურის შავ მუშად. იყო რსდმპ მენშევიკების ფრაქციის წევრი. თბილისში აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში. დააპატიმრეს 1908 წლის 13 ოქტომბერს. სასამართლომ მიუსაჯა ოთხი წლით კატორღა, რომლის მოხდის შემდეგ, 1913 წელს დამუდამოდ გადაასახლეს ციმბირში.

1917 წელს თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში. იყო სდპპ ცეკა-ს წევრი. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1919 წლის 12 მარტიდან გახდა დამფუძნებელი კრების წევრი. 1921 წლიდან, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში. ოკუპაციის შემდეგ დაბრუნდა სოფელში, დააპატიმრეს 1 მაისს. ციხეში გაატარა ორთვე-ნახევარი. გათავისუფლების შემდეგ კვლავ დაბრუნდა სოფელში, მაგრამ ნოემბერში დააპატიმრეს 25 დღით. ციხიდან გამოსული წავიდა ძმასთან, თელავში, მაგრამ იქ სამუშაო ვერ იპოვა და კვლავ გურიაში დაბრუნდა. 1922 წლის 1 აგვისტოს დააპატიმრეს თბილისში, იოსებ კალანდაძის სახლში, თანაპარტიელებთან ერთად. 1922 წლის 9 ოქტომბერს პოლიტპატიმართა 62-კაციანი ჯგუფი მოსკოვის გავლით გააძევეს პოლონეთში, მათ შორის იყო გრიგოლ ცინცაბაძე. ცინცაბაძე არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში ბენია ჩხიკვიშვილთან, ვალიკო ჯუღელთან, ვიქტორ ცენტერაძესთან და ვასილ ნოდიასთან 1924 წლის მაისში. 1924 წლის აგვისტოში ის ავთო წულაძესთან ერთად ხელმძღვანელობდა იატაკქვეშა ორგანიზაციების აღდგენას. დააპატიმრეს 1924 წლის შემოდგომაზე. გაასამართლეს 1925 წლის ზაფხულში და მიუსაჯეს რვა წლით პატიმრობა. სასჯელის მოხდის შემდეგ ცხოვრობდა კრასნოიარსკში, სადაც კვლავ დააპატიმრეს 1933 წლის 22 თებერვალს და ციხეში იჯდა 29 ოქტომბრამდე. შემდეგ ცხოვრობდა ქალაქ მინუსინსკში. 1934 წელს ჩამოართვეს სამოქალაქო უფლებები. 1936 წლის ზაფხულიდან დაიწყო ქართველი გადასახლებულების დაპატიმრება „ციმბირის ცენტრის“ საქმეზე. ცინცაბაძე დაიჭირეს 1937 წლის 5 ნოემბერს. 1938 წლის 13 თებერვალს მიუსაჯეს დახვრეტა. დახვრიტეს 20 თებერვალს. რეაბილიტირებულია 1956 წლის 22 სექტემბერს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]