ციგურები
![]() |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ციგურები}} |
ციგურები ყინულზე ჩქაროსნული სრიალისათვის.
ციგურები ყინულზე ჩქაროსნული სრიალისათვის მნიშვნელოვნად განსხვავდება ჰოკეისტებისა და ფიგურული სრიალის ციგურებისაგან. განსხვავდება როგორც თვით ციგურები, ასევე ფეხსაცმელი, რომელზედაც იგი არის დამაგრებული, განსხვავდება აგრეთვე ფეხსაცმელზე დამაგრების სქემით. ძირითადი განსხვავება არის ციგურის დანის სიგრძეში, მისი პირის სისქესა და ყინულზე მოსრიალე ზედაპირის ფორმაში. ჩქაროსნული მოციგურავეს ციგურების დანა არის გრძელი (30-40სმ) და თხელი (დაახლოებით 1.3მმ), ყინულზე მოსრიალე ზედაპირი არის განივად სწორი, ხოლო სიგრძივ ძირითადად წრფივია, მხოლოდ ოდნავ არის გამრუდებული თავში და ბოლოში.
ძველად ციგურები მაგრდებოდა ფეხსაცმლის ლანჩზე მოქლონებით. ახლა ციგურის დანასა და ფეხსაცმელსაც აქვს სპეციალური მოწყობილობები, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად გამოიცვალოს დანის პირი. თუმცა ბევრი მოციგურავე კვლავ მოქლონებით დამაგრებულ ციგურებს აძლევს უპირატესობას. გარდა ამისა თანამედროვე ფეხსაცმელი და ციგურები შეუდარებლად უფრო მსუბუქია, ძველთან შედარებით. მნიშვნელოვანი განსხვავება ძველსა და ახალ ციგურებს შორის ის არის, რომ ახალ ვარიანტში ციგურის დანა ფეხსაცმლის ქუსლთან უძრავად დამაგრებული არ არის და მოციგურავეს საშუალებას აძლევს მუშა ფეხის გამართვისას თავისუფლად მიაწვეს ყინულს დანის პირის მთელი სიგრძით. როგორც კი მოციგურავე ამ ფეხს მოწყვეტს ყინულს, სპეციალური ზამბარა დანის პირს "ჩაამაგრებს" ფეხსაცმლის ქუსლში.
იმის გამო, რომ ვირაჟზე მოციგურავეს მარჯვენა და მარცხენა ფეხი სხვადასხვა სახის მოძრაობას ასრულებს, ყინულზე მოსრიალე ზედაპირი დანის ვერტიკალურ სიბრტყესთან სხვადასხვა კუთხეს ადგენს. მარცხენა ფეხისთვის ეს კუთხე 90 გრადუსს შეადგენს, ხოლო მარჯვენა ფეხისთვის ოდნავ განსხვავდება და ციგურის დანის გარე წახნაგი ოდნავ უფრო დაბალია, ვიდრე შიგა. ეს, და აგრეთვე, მოსრიალე ზედაპირის საჭირო სიმრუდე თავში და ბოლოში მიიღწევა ციგურების გალესვის დროს. ფეხსაცმლის ლანჩაზე დამაგრების თვალსაზრისიდაც მარცხენასა და მარჯვენას შორის არის მცირე განსხვავება, კვლავ ვირაჟზე მოძრაობის სპეციფიკურობის გამო, - მარჯვენა ფეხსაცმელზე ფეხსაცმლის ლანჩისა და ციგურის სიგრძივი ღერძები ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს, ხოლო მარცხენა ფეხზე კი - ციგურის სიგრძივი ღერძი ოდნავ წანაცვლებულია მარცხნივ.
ციგურის დანის სიგრძე დამოკიდებულია სპორტსმენის ფეხის ზომაზე, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული არ არის. (სპორტსმენის ფეხის ზომაზე უფრო დამოკიდებულია ციგურის ლანჩზე მისამაგრებელი პლატფორმები, ვიდრე დანის პირის სიგრძე, მაგრამ ციგურების დამამზადებელი ფეხის ზომის მიხედვით ამზადებს შესაძლო მაქსიმალური სიგრძის დანის პირებსაც). ფეხსაცმელი არის ღრმად დახურული, მაგრამ არ არის მაღალყელიანი. აქვს ზონარიანი შესაკრავი მთელს სიგრძეზე, ფეხსაცმლის ცხვირიდან ყელამდე. დამზადებულია მეტად რბილი ტყავისაგან, აქვს რბილი საფენები და ისეა მომჯდარი მოციგურავეს ტერფზე, რომ ტერფი და ციგური შეიგრძნობა როგორც ერთი მთლიანი.
ციგურების სწორ გალესვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ცუდად გალესილი ციგურებით სპორტსმენმა შეიძლება თავისი შესაძლებლომის ნახევარიც კი ვერ გამოავლინოს. ორივე ციგურის დანის მოსრიალე ზედაპირის სიმრუდე აბსოლუტურად ერთნაირი უნდა იყოს, ხოლო ვერტიკალთან დახრა კი ოდნავ განსხვავებული, ამიტომ დაზგაზე ერდროულად ორივე ციგური მაგრდება და სპეციალური ხრახნებით სწორდება ციგურები ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებში. შემდეგ მოციგურავე სპეციალური სალესი ქვებით, ციგურის დანის მთელ სიგრძეზე თანაბარი დაწოლით ლესავს, ბოლოს კი სპეციალური ფხვნილით აპრიალებს გალესილ ზედაპირს. გალესვის შემდეგ, ციგურების დანების მოსრიალე ზედაპირებით ერთმანეთზე მიდებით ამოწმებს დანის სიგრძივ სიმრუდეს. დანის პირები ზუსტად სწორ ხაზზე უნდა ედებოდეს ერთმანეთს თითქმის მთელ სიგრძეზე და თანდათანობითი დაცილება უნდა შეიმჩნეოდეს მხოლოდ ცხვირთან და ბოლოსთან (დაახლოებით 2-4მმ).