ციბრუტელები
ციბრუტელები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Rotifera (Cuvier, 1798) | ||||||||||||
|
ციბრუტელები (ლათ. Rotifera) — უხერხემლო ცხოველების ტიპი პირველადღრუიანი ჭიების ჯგუფისა. მრავალუჯრედიან ცხოველებს შორის ყველაზე მცირე ზომისანი არიან. აქვთ მოგრძო, იშვიათად სფეროსებრი სხეული (სიგრძით 0,03–2,5 მმ,[1] ჩვეულებრივ 1 მმ-მდე), რომელიც შედგება თავისაგან, ტანისა და ფეხისაგან. სხეულის უჯრედთა რაოდენობა მუდმივია; ქსოვილის უმრავლესობა წარმოდგენილია სინციტიუმით. ამ უკანასკნელის ეპიდერმისის წარმომქმნელი გარე პლაზმური მემბრანის ქვეშ მდებარეობს მჭიდრო შრე, რომელიც უზრუნველყოფს სხეულის ფორმის შენარჩუნებას.[2] მრავალი ციბრუტელას სხეული დაფარულია ჯავშნით.[1] წამწამები (ჩვეულებრივ ორი რიგი) და მათი წარმოებულები, რომლებიც გარსაა შემორტყმული სხეულის წინა ბოლოს და მუცლისკენაა ჩამოშვებული, წარმოქმნიან მბრუნავ აპარატს. ამ წამწამების მოძრაობა, რომელიც ბორბლის ტრიალს წააგავს (აქედან სახელწოდება), უზრუნველყოფს ციბრუტელების გადაადგილებას და მუცლის მხარეს განლაგებულ პირის ღრუში საკვების შემთრევი მორევის წარმოქმნას.[2]
გამჭვირვალე ნაწლავების წინა განყოფილებაში აქვთ საღეჭი მოწყობილობა — მასტაქსი. სხეულის უკანა ნაწილში მდებარეობს მამოძრავებელი ფეხი, რომელიც ბოლოვდება ერთი ან ორი გამონაზარდით; მათი დახმარებით ციბრუტელას შეუძლია სუბსტრატზე მიმაგრება. ნერვული სისტემა შედგება თავის განგლიონისა და ორი გვერდითი ნერვული ჭიმისაგან, რომლებიც შეერთებულია ბევრად მცირე გვერდითი განგლიონების რამდენიმე წყვილით (სულ 200-მდე ნეირონი); სენსორული ორგანოები წარმოდგენილია მექანო-, ჰემო- და ფოტორეცეპტორული სენსილებით. გამოყოფის ორგანოები (პროტონეფრიდიუმები) იხსნება კლოაკაში.[2]
კვერცხმდები ან, იშვიათად, ცოცხლადმშობი ცხოველებია.[1] საკვერცხეები (კენტი ან წყვილი) ოოციტების მუდმივი რიცხვითაა წარმოდგენილი, ხშირად საყვითრეებითაა (უზრუნველყოფს ჩანასახის კვებას). ნაწილი ციბრუტელების მამრები უცნობია (იხ. პართენოგენეზი). დანარჩენებში პართენოგენეზული გამრავლება ჭარბობს, მაგრამ იგი ენაცვლება სქესობრივს: განსაზღვრულ მომენტში ჩნდებიან ჯუჯა ჰაპლოიდური მამრები; შეჯვარების შემდეგ მდედრები დებენ მკვრივი ორმაგი გარსის მქონე კვერცხს, რომლიდანაც იჩეკებიან პართენოგენეზული მდედრები.[2]
ცნობილია დაახლოებით 2000 სახეობა.[1] გავრცელებული არიან მთელ მსოფლიოში; ბინადრობენ მტკნარ და მლაშე წყალსატევებში (ფსკერის და პლანქტონური ფორმები), ტენიან ნიადაგში, ქვიშაში, ხავსებს შორის და ა.შ. მრავალი ციბრუტელა არახელსაყრელი პირობების შემთხვევაში (მაგ., წყალსატევის ამოშრობის დროს) ეცემა ანაბიოზში. იკვებებიან ბაქტერიებით, უმარტივესებით, იშვიათად — სხვა ციბრუტელებით. ერთ დღე-ღამეში შთანთქმული საკვების მასა სხეულისას შესაძლოა 6-ჯერაც აღემატებოდეს. დიდი მნიშვნელობა აქვთ როგორც პლანქტონის შემადგენლებს (წარმოადგენენ სხვა ცხოველების საკვებს), განსაკუთრებით მტკნარ წყალსატევებში.[2] მნიშვნელოვან როლს თამაშობენ წყალსატევების თვითგაწმენდაში.[1] ზოგიერთ სახეობას (მაგ., Brachionus-ის გვარის წარმომადგენლებს) აშენებენ კულტურაში როგორც თევზის ლიფსიტის საკვებს.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 211.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Иорданский Н. Н., Чесунов А. В. Коловратки // Большая российская энциклопедия. т. 14. — М., 2009. — стр. 509.