ცთომილი ნერვი

ცთომილი ნერვი (ლათ. nervus vagus) — თავის ტვინის X წყვილი ნერვი, შერეული ხასიათისაა. მოიცავს მგრძნობიარე, მამოძრავებელ და ვეგეტატიურ ბოჭკოებს. მოგრძო ტვინში, მას 3 ბირთვი აქვს დორსალური (ვეგეტატიური), ვენტრალური (მამოძრავებელი) და ე. წ. განცალკევებული კონისა (მგრძნობიარე). ტვინის ფუძეზე ცთომილი ნერვი გამოდის ნათხემის ფეხებიდან 10–18 ფესვით. ქალას ტოვებს საუღლე ხვრელით და აქ წარმოქმნის პირველ, საკმაოდ მსხვილ ზემო კვანძს ოდნავ ქვემოთ შეიქმნება ქვემო კვანძი. ამ კვანძების ნეირონების ცენტრალური მორჩები განცალკევებული კონის ბირთვს უკავშირდება, პერიფერიული კი ცთომილი ნერვის მგრძნობიარე ხასიათის ნერვებს წარმოქმნის. ცთომილი ნერვი კისერზე შიგნითა საუღლე ვენასა და საძილე არტერიებს შორის მდებარეობს, ჩადის გულმკერდში და საყლაპავი მილის გაყოლებით აღწევს მუცლის ღრუს, სადაც მისი ბოჭკოები მზის წნულის ფაშვის კვანძებში ბოლოვდება. ცთომილი ნერვი ადამიანის სხეულში ყველაზე გავრცობილი ნერვია, მისი ტოტები გვხვდება თავის, კისრის, გულმკერდისა და მუცლის მიდამოებში. იგი მამოძრავებელი ხასიათის ტოტებს უგზავნის ხახას, ხორხს, საყლაპავ მილს, კუჭს, სისხლძარღვებს და გულს (ანელებს მის მოქმედებას), მგრძნობიარე ხასიათის ტოტებს — ტვინის გარსებს, გარეთა სასმენ მილს, კისრის ორგანოებს, ფილტვებს. ცთომილი ნერვი მონაწილეობს მრავალ რეფლექსურ აქტში (ყლაპვა, ხველა, პირღებინება, კუჭის ავსება და დაცლა), აწესრიგებს გულისცემას და სუნთქვას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აბაშიძე ვლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 210.