ყინულისა და ცეცხლის სიმღერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცეცხლისა და ყინულის სიმღერა)
ყინულისა და ცეცხლის სიმღერა
A Song of Ice and Fire

კომპლექტის გარეკანი
წიგნები
ავტორი ჯორჯ რეიმონდ რიჩარდ მარტინი
ქვეყანა შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
ჟანრი ფენტეზი
გამომცემელი Bantam Books (აშშ, კანადა)
Voyager Books (დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია)
AST (რუსეთი)
პირველი გამოცემა აგვისტო, 1996
მედია რბილი და მაგარი ყდები
აუდიოწიგნები

ყინულისა და ცეცხლის სიმღერა (ინგლ. A Song of Ice and Fire) — ეპიკური ფენტეზის ჟანრის რომანთა სერია, დაწერილი ამერიკელ ავტორ, ჯორჯ მარტინის მიერ. მარტინმა სერიაზე მუშაობა 1991 წელს დაიწყო და პირველი ტომი, „სატახტოთა თამაში“, 1996 წელს გამოიცა. თავიდან სამტომეულად დაგეგმილი სერია თანდათან ოთხ, ექვს და საბოლოოდ შვიდტომეულამდე გაფართოვდა. მეხუთე წიგნი, „ცეკვა დრაკონებთან“, ხუთი წელი იწერებოდა და 2011 წელს გამოიცა. მეექვსე, „ზამთრის ქარები“ კი, დაწერის პროცესშია.

„ყინულისა და ცეცხლის სიმღერაში“ მოვლენები რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიის მქონე გამოგონილ კონტინენტებზე, ვესტეროსსა და ესოსზე ვითარდება. თხრობა მიმდინარეობს მესამე პირში, სხვადასხვა პერსონაჟთა პერსპექტივიდან, რომელთა რაოდენობაც მეხუთე რომანისათვის 31–ს აღწევს. იკვეთება სიუჟეტის სამი ხაზი: რამდენიმე საგვარეულოს დაპირისპირება ვესტეროსის ტახტისათვის; ჩრდილოეთ–ვესტეროსის ყინულოვანი კედლის გაღმა მცხოვრები ზებუნებრივი სხვებისაგან მომდინარე საფრთხის ზრდა; სამოქალაქო ომში მოკლული მეფის შვილის, დენერის ტარგარიენის ამბიცია, ცეცხლისმფრქვეველ დრაკონებთან ერთად დაბრუნდეს ვესტეროსში და რკინის ტახტი დაიბრუნოს.

მარტინის შთაგონების ძირითადი წყაროა ვარდების ომი. სერიას აქებენ მისი რეალიზმისათვის, სადაც მაგია უკანა პლანზეა გადატანილი და ამის სანაცვლოდ ბრძოლები და პოლიტიკური ინტრიგებია წინ წამოწეული. ასევე, ხშირია ძალადობა, სექსი და მორალური ბუნდოვანება. მთავარი პერსონაჟები ხშირად კვდებიან, რათა მკითხველები გმირების უსაფრთხოებაში დარწმუნებამ არ დაამშვიდოს. განსხვავებული პერსპექტივები პერსონაჟთა სხვადასხვა კუთხიდან დანახვის შესაძლებლობას ქმნიან, მათ შორის არის სავარაუდო არამზადების პერსპექტივებიც.

მიუხედავად პირველი გამოცემის ნაკლებად პოპულარობისა, ახლა მსოფლიოს მასშტაბით 15 მილიონზე მეტი წიგნია გაყიდული[1] და სერია ოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. მეოთხე და მეხუთე წიგნები ნიუ იორკ თაიმზ ბესტსელერთა სიაში მოხვდნენ.[2] სერიაზე დაფუძნებულ ქმნილებათა შორისაა სამი წინაისტორიული რომანი, HBO-ს ტელესერიალი „სატახტოთა თამაში“, კომიქსები და რამდენიმე სამაგიდო და ვიდეო თამაში.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ბარბერი, ჯონი. (11 ივლისი, 2011) George R.R. Martin: At the top of his Game (of Thrones). theglobeandmail.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-13. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2012.
  2. სმიტი, დინიტია. (12 დეკემბერი 2005) A Fantasy Realm Too Vile For Hobbits. nytimes.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 4, 2012. ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2012.