კლარა ცეტკინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცეტკინი, კლარა)
კლარა ცეტკინი

კლარა ცეტკინი
დაბადების სახელი კლარა აისნერი
დაბადების თარიღი 5 ივლისი 1857
ვიდერაუ, გერმანია
გარდაცვალების თარიღი 20 ივნისი 1933
არხანგელსკოე, მოსკოვის სიახლოვეს, სსრკ
ეროვნება გერმანელი
საქმიანობა პოლიტიკოსი
პარტია გერმანიის კომუნისტური პარტია
მეუღლე(ები) ოსიპ ცეტკინი
შვილ(ებ)ი მაქსიმ ცეტკინი
კოსტია ცეტკინი
ჯილდოები ლენინის ორდენი
ხელმოწერა

კლარა ცეტკინი (გერმ. Clara Zetkin; დ. 5 ივლისი, 1857, ვიდერაუ, გერმანია, — გ. 20 ივნისი, 1933, არხანგელსკოე, მოსკოვის სიახლოვეს, სსრკ) — გერმანელი პოლიტიკური მოღვაწე. გერმანიისა და საერთაშორისო კომუნისტური მოძრაობის მონაწილე. გერმანიის კომუნისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი, ქალთა უფლებების აქტივისტი.[1]

განათლება მიიღო ლაიფციგის კერძო პედაგოგიურ სასწავლო დაწესებულებაში, სადაც დაუახლოვდა რევოლუციონერ სტუდენტ-ემიგრანტებს რუსეთიდან, რომელთა შორის იყო მისი მომავალი მეუღლე ოსიპ ცეტკინი. 1882 წლის ნოემბრიდან კლარამ და ოსიპ ცეტკინმა ერთად დაიწყეს ცხოვრება პარიზში. ამავე დროს შეიცვალა მან თავისი ქალიშვილობის გვარი ცეტკინად. შეეძინათ ორი შვილი: მაქსიმ და კოსტია ცეტკინი. ოსიპ ცეტკინი 1889 წელს გარდაიცვალა ტუბერკულოზით.[2]

ცეტკინმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მეორე ინტერნაციონალის დაარსებაში და იყო მისი ყველა კონგრესის მონაწილე. 1881 წელს შევიდა გერმანიის სოციალ-დემოკრატიის რიგებში. ემიგრაციაში ყოფნისას მონაწილეობდა საფრანგეთის, ავსტრიისა და იტალიის სოციალისტურ მოძრაობაში. 1890 წელს ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ, სათავეში ჩაუდგა გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ ქალთა მოძრაობას. როზა ლუქსემბურგთან, კარლ ლიბკნეხტთან და ფრანც მერინგთან ერთად ებრძოდა რევიზიონიზმს. ცეტკინის ინიციატივით 1907 წელს მოიწვიეს I საერთაშორისო ქალთა კონფერენცია. ცეტკინი აირჩიეს საერთაშორისო ქალთა სამდივნოს მდივნად. 1910 წელს, კოპენჰაგენში სოციალისტ ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე ცეტკინის წინადადებით მიიღეს გადაწყვეტილება ქალთა საერთაშორისო დღის — 8 მარტის დაწესების შესახებ.[1]

ცეტკინს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ვლადიმერ ლენინთან და ნადეჟდა კრუპსკაიასთან. რაიხსტაგის დაწვისა და ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერის მოსვლის შემდეგ, მემარცხენე პარტიები გერმანიაში აიკრძალა და ცეტკინი უკანასკნელად წავიდა გადასახლებაში, ამჯერად საბჭოთა კავშირში. კლარა ცეტკინი გარდაიცვალა 1933 წლის 20 ივნისს ღამის 2 საათზე არხანგელსკოეში. იგი ყოველთვის იხსენებდა როზა ლუქსემბურგს და მისი უკანასკნელი სიტყვა იყო „როზა…“. დაჯილდოებულია ლენინის ორდენითა და წითელი დროშის ორდენით.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 204.
  2. Женщина, которая придумала 8 марта