შინაარსზე გადასვლა

ცერკნიცის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცერკნიცის ტბა
კოორდინატები: 45°45′08″ ჩ. გ. 14°23′06″ ა. გ. / 45.75222° ჩ. გ. 14.38500° ა. გ. / 45.75222; 14.38500
მდებარეობა სლოვენიის დროშა სლოვენია
სიმაღლე ზღვის დონიდან 546–551 
სიგრძე 10.5 კმ
სიგანე 4.7 კმ
ფართობი 38 კმ²
მაქსიმალური სიღრმე ~10 
ცერკნიცის ტბა — სლოვენია
ცერკნიცის ტბა

ცერკნიცის ტბა (სლოვენ. Cerkniško jezero) — დროებითი კარსტული ტბა სლოვენიაში. მდებარეობს კარსტის პლატოზე, ცერკნიცის პოლიეს სამხრეთ ნაწილში,[1] ზღვის დონიდან 546–551 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი მერყეობს 28 კმ²-დან 38 კმ²-მდე. ტბის სიგრძეა 10.5 კმ, ხოლო სიგანე 4.7 კმ.[2]

ორიენტირებულია დინარიდების მიმართულებით ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ და წელიწადის მეტ დროს წყლითაა ამოვსებული,[1] რა დროსაც სლოვენიის უდიდეს ტბას წარმოადგენს. ტბის ქვაბულს სამხრეთით ესაზღვრება იავორნიკის ბორცვები, ხოლო ჩრდილოეთით სლივნიცა. დამახასიათებელია კონტინენტური კლიმატი. ჰაერის საშუალო ტემპერატურა 9.2 °C. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა დაახლოებით 1700 მმ.[3]

ველური ბუნების მნიშვნელოვანი ადგილსამყოფელია, განსაკუთრებით ფრინველთა ბუდობის თვალსაზრისით. ბოტანიკურად, განირჩევა წყალხმელეთა მცენარეების მრავალფეროვნებით, რის გამოც Natura 2000-ის ორი დაცული ტერიტორიის ნაწილია.[4]

ცნობილია ანტიკური ხანიდან. მოხსენიებული ჰყავს გეოგრაფ სტრაბონს თავის „გეოგრაფიაში“.[5] 1687 წლის ნოემბერში ტბა აღწერა სლოვენიელმა სწავლულმა იანეზ ვაიკარდ ვალვაზორმა.[6] დასვენების პოპულარული ადგილია. ტბის სიახლოვესაა ქალაქი ცერკნიცა.[7]

2006 წლის 19 იანვრიდან ცერკნიცის ტბა დაცულია რამსარის კონვენციით.[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]