შინაარსზე გადასვლა

ცელიუსის ბორცვი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კომუნა

იტალ. Celio
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
დაქვემდებარება იტალიის კომუნა
კოორდინატები 41°53′00″ ჩ. გ. 12°29′41″ ა. გ. / 41.8835875000° ჩ. გ. 12.4949923389° ა. გ. / 41.8835875000; 12.4949923389
ცენტრის სიმაღლე 50 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
ცელიუსის ბორცვი — იტალია
ცელიუსის ბორცვი

ცელიუსის ბორცვი (ლათ. Collis Caelius; იტალ. Celio) — რომის ცნობილი შვიდი ბორცვიდან ერთ-ერთი.

ავენტინის ბორცვიდან დანახული ცელიუსის ბორცვი.

ცელიუსის ბორცვი არის ზომიერად გრძელი კონცხი, დაახლოებით 2 კმ (1.2 მილი) სიგრძის, 400 მ (0.25 მილი) - 500 მ (0.31 მილი) სიგანის და 50 მ (160 ფუტი) სიმაღლის, მდებარეობს კლავდიუსის ტაძართან ახლოს მდებარე პარკში.[1] ბორცვი გადმოჰყურებს პლატოს, საიდანაც ასევე იწყება ესკვილინის, ვიმინალისა და კვირინალის ბორცვები.

ცელიოლუსი (ასევე ცნობილი როგორც ცელიკულუსი ან ცელიუს მინორი) ეწოდება ბორცვის (შესაძლოა დასავლეთ) ნაწილს, კოლოსეუმის ველისაკენ, ან იმ მონაკვეთს, რომელიც ახლა ბაზილიკა დეი სანტი კვატრო კორონატის მიერ არის დაკავებული.

რომის სქემატური რუკა, გამოსახავს შვიდ ბორცვსა და სერვიუსის კედელს.

ტულუს ჰოსტილიუსის მეფობის დროს, ალბა-ლონგას მთელი მოსახლეობა ძალით გადაასახლეს ცელიუსის ბორცვზე.[2] ვარონის მიერ გადმოცემული თქმულების მიხედვით,[3] ბორცვს სახელი ეტრუსკელი ხალხის გმირის, ცელიუს ვიბენას გამო დაერქვა, რადგან ის ან იქ დასახლდა, ან მის სიკვდილის შემდეგ იქ იქნა დაკრძალული მისი მეგობრის, სერვიუს ტულიუსის მიერ. სხვა ავტორები სახელს უკავშირებენ ლათინურ სიტყვას „კაელუმ“ (caelum), რაც „სამოთხეს“ ნიშნავს.[4] მიუხედავად ამისა, ბორცვის ადრინდელი სახელი სავარაუდოდ კვერკეტულანუს მონსი (Querquetulanus mons) უნდა ყოფილიყო, მის ზედაპირზე მუხების (ლათ. Quercus) სიუხვის გამო. მეცნიერთა აზრით, არსებობდა ეთნიკური სახელწოდება „კვერკეტულანი“, რომელიც აღნიშნავდა ცელიუსის წინამორბედ მცხოვრებლებს, წინა-ეტრუსკულ პერიოდში.[5]

ვულჩის ფრანსუას აკლდამის ფრესკის ფაქსიმილეს დეტალი. ცელიუს ვიბენა მარცხნიდან პირველია, ძვ.წ. IV საუკუნე.

სავარაუდოდ, მონს ცელიუსი ქალაქის საზღვრებში ანკუს მარციუსის მეფობის დროს მოექცა.[6] სეპტიმონტიუმის სია მას ახსენებს, და ისა ქალაქის პირველი კვარტლის (Suburana) ნაწილი სერვიუს ტულიუსის მიერ დადგენილ დაყოფაში. მოგვიანებით, ავგუსტუსის დაყოფის დროს, ის გახდა რეგიონი II კელიმონტიუმი.

არქაული პერიოდის კვალი შემორჩენილია ტყეებისა კულტებსა და სხვადასხვა წყაროების ჩანაწერებში, როგორიცაა ნიმფა ეგერიას კულტი კამენეს ტყეში, პორტა კაპენას გარეთ. ამბობენ, რომ ნუმა პომპილიუსი განსაკუთრებით ერთგული იყო ამ სამლოცველოს მიმართ.

რესპუბლიკურ ხანაში (ისევე როგორც იმპერიულ რომში) ცელიუსის ბორცვი მოდური საცხოვრებელი უბანი და მდიდართა რეზიდენციების ადგილი ხდება. პლინიუს უფროსის „ბუნების ისტორიის“ ამონარიდი, „ვინ იყო პირველი, ვინც რომში სახლების კედლები მარმარილოთი მოაპირკეთა“, ამას ადასტურებს.[7] მამურა, ჯარისკაცი, რომელიც იულიუს კეისრის დროს გალიაში მსახურობდა და კორუფციიდან უზარმაზარ სარგებელს იღებდა, ამ ძვირადღირებულ საქმეს ცელიუსის ბორცვზე ახორციელებდა; ჰორაციუსი და კატულუსი ამის გამო მას მწარედ აკრიტიკებდნენ.[8]

ბორცვის უდიდესი ნაწილი პომერიუმის (რომის რელიგიური საზღვრის) გარეთ მოხვდა, ამიტომ უცხოური ღვთაებების ტაძრების აშენება არ აკრძალულა (მაგ. მინერვა კაპტას ტაძარი ან დიანას ძველი სამლოცველო, სერვიუსის კედლის გარეთ).

ზოგიერთი სამარხი, როგორიცაა ერთ-ერთი ვია ჩელიმონტანაზე, ამ პერიოდს განეკუთვნება.

ეს ბაზანიტის ქანდაკება, რომელიც აგრიპინა უმცროსს ღვთაებრივი კლავდიუსის ქურუმის სახით გვიჩვენებს, ახ.წ. 54-59 წლებითაა დათარიღებული, და აღმოჩნდა ცელიუსის ბორცვზე, 1885 წელს.

ავგუსტუსის დროს ცელიუსის ბორცვი ქალაქის 14 დანაყოფიდან ერთ-ერთად მიიჩნეოდა, და კელიმონტიუმი ეწოდებოდა. ტერიტორია ლატერანსა და მაჯორეს კარიბჭეს შორის V რეგიონში ითვლებოდა (ესკვილიაე), თუმცა ფიზიკურად ის ბორცვის ნაწილია.

ბორცვის უმაღლეს წერტილზე, კოლიზეუმისკენ მიმართულ მხარეს, აშენდა კლავდიუსის ტაძარი უზარმაზარ საყრდენ პლატფორმაზე. ის ეძღვნებოდა იმპერატორ კლავდიუსს და დაიწყო მისმა ქვრივმა აგრიპინამ მეუღლის სიკვდილისა და ღვთაებად გამოცხადების შემდეგ, ახ. წ. 54 წელს; საბოლოოდ ის დასრულდა ვესპასიანეს მმართველობის დროს.[9] ნერონმა ამ პლატფორმის აღმოსავლეთ კედელს დაამატა დიდებული ნიმფეუმი (იარუსებიანი წყლის შადრევანი), ნახევარწრიული და მართკუთხედის ფორმის ნიშებით.[10] ამ შადრევნის წყლით მომარაგება ხდებოდა აკვა-კლაუდიას სპეციალური განშტოებით, სახელწოდებით არკუს ნერონიანი, რომელიც გადაჭიმული იყო 2 კილომეტრით დასავლეთით კლაუდიადან პორტა მაჯორემდე და სრულდებოდა ცელიუსის ბორცვის სამხრეთ მხარეს, სტრუქტურაში, სახელწოდებით „აკვედუქტიუმი“. აკვედუქტიუმი ანაწილებდა წყალს მილსადენების საშუალებით, ნიმფეუმის უკან მდებარე რეზერვუარებში და ტაძრის ტერიტორიაზე.[10][11]

ბორცვის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ნაშთები საშუალებას გვაძლევს რეკონსტრუქცია გავუკეთოთ მნიშვნელოვან საყოფაცხოვრებო გარემოს ახ.წ. II საუკუნის მეორე ნახევარში, მაშინ როცა ძვ.წ. I საუკუნის შენობები სავარაუდოდ განადგურდა ახ.წ. 27 წლის ხანძრის შედეგად.

იერონიმე ამბობს, რომ მარკუს ავრელიუსი დაიბადა ცელიუსის ბორცვზე, ახ.წ. 121 წელს.[7]

IV საუკუნეში მდიდრული დომუსები (სახლები), გარშემორტყმული ვრცელი პარკებით, ბორცვზე მომრავლდა, და ამ დომუსებში შედიოდა კონსტრუქციები, როგორებიც იყო სიმახებისა (რომლის ახლოსაც აღმართული იყო ბაზილიკა ჰილარიანა) და ტეტრიცის ოჯახების კუთვნილი სახლები, ასევე დომუს ფაუსტაე, რომელიც შესაძლოა ეკუთვნოდა კონსტანტინე I-ის მეუღლეს. ანიუსების, დომიცია ლუცილა უმცროსის (მარკუს ავრელიუსის დედის) და კვინტილიების საკუთრება გახდა კომოდუსის დომუს ვექტილიანას ნაწილი.

ბორცვის ურბანულ ტერიტორიაზე რამდენიმე ბარაკი აშენდა დედაქალაქში განლაგებული ჯარებისთვის: წმინდა სტეფანეს ბაზილიკის ადგილზე დაიდგა კასტრა პერეგრინა (აშენებული ტრაიანეს დროს და რამდენჯერმე აღდგენილი შემდგომ საუკუნეებში), ახლოს ვალერიების დიდ სახლთან (დომუს ვალერიი). მის პირისპირ იდგა V კოჰორტის ვიგილების შტაბბინა.

ლატერანების ოჯახის მფლობელობაში არსებულ მიწაზე სეპტიმიუს სევერუსმა 193-დან 197 წლამდე პერიოდში ააშენა კასტრა ნოვა ეკვიტუმ სინგულარიუმი, ახალი ბარაკი საიმპერატორო გვარდიის მხედრების კორპუსისთვის, ტრაიანეს დროს აშენებული ყოფილი ბარაკის (კასტრა პრიორა ეკვიტუმ სინგულარიუმი) პირისპირ. როდესაც კონსტანტინე I-მა გააუქმა კორპუსი, ახალი ბაზილიკა, მიძღვნილი მესიისადმი, რომელიც შემდგომში გახდა სან ჯოვანი ლატერანოს არქიბაზილიკა, ნაწილობრივ იკავებდა სევერუსის ბანაკის ტერიტორიას.

ზარაფხანის მუშაკთა 271 წლის აჯანყების გადამწყვეტი ბრძოლა, რომელსაც ფელიციზიმუსი ხელმძღვანელობდა, ცელიუსის ბორცვზე მოხდა.[12] შესაძლებელია, რომ ეს აჯანყება რაღაც კავშირში იყო სენატორულ და საცხენოსნო კლასებთან, რადგან აურელიანმა რამდენიმე სენატორი სიკვდილით დასაჯა.

ცელიუსის ბორცვის შენობები მძიმედ დაზიანდა ალარიხის 410 წლის თავდასხმის დროს; ამ პერიოდიდან დაწყებული, ბორცვი სულ უფრო მეტად განიცდის მიტოვებასა და რურალიზაციას.

VI საუკუნეში ის შედიოდა რომის II საეკლესიო რეგიონში, ლატერანის ბაზილიკასთან სიახლოვის გამო, იმდენად, რომ ტოპონიმი „ლატერანო“ ხშირად გამოიყენებოდა მთელი ბორცვის წოდებად. პატრიარქიუმის აშენებამ, რომელიც სავარაუდოდ VI საუკუნეს განეკუთვნება, გამოიწვია სხვადასხვა ტიტულების და ქსენოდოქიების (მომლოცველთა და ავადმყოფთა დახმარებისა და მიღების ცენტრების) შექმნა.

ბორცვზე დაარსდა მონასტრები, ხშირად გარშემორტყმული მამულებითა და ბაღებით, ასევე კეთილშობილი ოჯახების რამდენიმე კოშკი, ძირითადად X და XI საუკუნეებში. სტრუქტურების ნაწილის განადგურება მოხდა 1084 წლის თავდასხმისას.

XII საუკუნიდან ის შედიოდა რეგიო მონტიუმში, რომელიც კვირინალის ბორცვამდეც კი ვრცელდებოდა.

„ცელიუსის ბორცვი პალატინიდან“, მხატვარი: ჩარლზ ლოკ ისტლეიკი, 1823 წ.

დღეს ცელიუსის ბორცვი შედის იმავე სახელწოდების რეგიონში, და, საუკუნოვანი ტრადიციის გაგრძელებით, ფლობს პოლიკლინიკო მილიტარე დელ კელიოს, რომელიც აშენდა სალვატორე ბიანკისა და ფილიპო ლაჩეტის პროექტის მიხედვით.

ჯორჯ სანტაიანა ცხოვრობდა ინგლისელი ლურჯი დების მონასტერში, ცელიუსის ბორცვზე, 1912 წლიდან გარდაცვალებამდე.

  • Filippo Coarelli, Guida archeologica di Roma, Arnoldo Mondadori Editore, Verona 1984.
  • Caelius I Santa Maria in Domnica San Tommaso in Formis e il clivus Scauri, edited by A. Englen, Erma di Bretschneider, Rome 2003
  • Livy, Book One

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

www.perseus.tufts.edu.

  1. From Geo.OnLine of Regione Lazio. Technical Regional Chart 1:5000 2002 (RM _ VT _ LT ) IWS 2015. ციტირების თარიღი: March 15, 2018
  2. Titus Livy. „28–30“, From the Founding of the City: Book 1: The Earliest Legends of Rome, Canon Roberts (translator). 
  3. Marcus Terentius Varro, On the Latin Language, 5.46
  4. Anderson, Benedict (July 6, 2017). Buried City, Unearthing Teufelsberg: Berlin and its Geography of Forgetting. Taylor & Francis. ISBN 9781317170686. 
  5. Loicq, Jean. "Sur les peuples de nom «vénète» ou assimilé dans l’Occident européen". In: Etudes Celtiques, vol. 35, 2003. p. 146. DOI: 10.3406/ecelt.2003.2153.
  6. Strabo, Geographica, V, 3,7.
  7. 7.0 7.1 Mann, Euphemia M. (March 1, 1926). „Some Private Houses in Ancient Rome“. The Classical Weekly. 19 (16): 127–132. doi:10.2307/30107860. JSTOR 30107860.
  8. Bostock, John. Pliny the Elder, Natural History. Tufts University. ციტირების თარიღი: March 4, 2019
  9. Stanford Forma Urbis Romae Project. formaurbis.stanford.edu. ციტირების თარიღი: September 28, 2020
  10. 10.0 10.1 Andrea Carandini (2017). Atlas of Ancient Rome. Princeton University Press, გვ. 347. 
  11. Rodolfo Lanciani (1897). The Ruins and Excavations of Ancient Rome. Houghton Mifflin & Co., გვ. 351. 
  12. Syvänne, Ilkka (2020). Aurelian and Probus: The Soldier Emperors Who Saved Rome (en). Yorkshire: Pen and Sword Military, გვ. 84. ISBN 978-1-5267-6750-9.