პარმენ ცახელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცახელი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თვალჭრელიძე.

პარმენ ცახელი (ნამდვილი სახელი და გვარი პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძე) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, მწერალი და პუბლიცისტი. დაიბადა 1866 წლის 9 ივნისს რაჭაში, სოფელ ცახში (ახლანდელი ამბროლაურის რაიონი). მამამისი ივანე მღვდელი იყო. წერა–კითხვა შინ ისწავლა. ცხრა წლისა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიუბარეს, ათი წლისა უფროსმა ძმამ ანტონმა სტავროპოლში წაიყვანა.

სტავროპოლში იგი ექვსკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში სწავლობდა. სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ პარმენი რაჭაში დაბრუნდა. 1883 წელს თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.

სწორედ იმ წელიწადს გამოაქვეყნა საბავშვო ჟურნალი ნობათში პირველი ლექსი მარინე, რომელიც ხალხური ლეგენდის საფუძველზე იყო შექმნილი. ღირსეულ ლეგენდას ხალხისას ღირსეული კალამი შეხვედრია და მშვენიერია ნაწარმოები შეუმატნია ჩვენი ლიტერატურისათვის.– წერდა ამ ლექსის თაობაზე მაშინ იაკობ გოგებაშვილი. მაგრამ ‘’მარინე’’ საბავშვო ნაწარმოებად არ მიაჩნდა… იგი საბავშვო არ არის და მისი დაბეჭდვა „ნობათში“ ცოტა უადგილო იყო.

პარმენ ცახელი თბილისში მასწავლებლის ადგილს ეძებდა. ამ მიზნით გადაწყვიტა მასწავლებლობის უფლების მისაღებად გამოცდების ჩაბარება, მაგრამ ვერ მოახერხა და ისევ სტავროპოლში გაემგზავრა. ძმის შემწეობით იქ ჩააბარა სათანადო გამოცდები და მასწავლებლობის უფლება მიიღო. სოფლის მეურნეობით დაინტერესდა და ერთი წლის შემდეგ მოსკოვს გაემგზავრა. იქ შევიდა პეტროვ–რაზუმუნოვის სასოფლო–სამეურნეო აკადემიაში უმაღლესი აგრონომიული განათლების მისაღებად. უსახსრობის გამო აკადემია ვერ დაამთავრა, ისე დაბრუნდა საქართველოში. იგი დიდხანს ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას ქუთაისის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიასა და წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში. 1904–1905 წლებში მონაწილეობდა სახალხო მოძრაობაში. მის ბინას თავს აფარებნდნენ რევოლუციონერები. თვითონ ავრცელებდა რევოლუციურ პროკლამაციებს, პოლიტიკურ წიგნებს, ინახავდა იარაღს. ცახელმა განიცადა „ თერგდალეულთა“ იდეურ-ესთეტიკური შეხედულებების ზეგავლენა. მისი შემოქმედებითი მრწამსის გამოხატულებაა ლექსები „ნანა“ (1885; აკრძალა ცენზურამ, გამოქვეყნდა 1919), „ქვეყნის ერთგული ის არის“ (1896) და სხვ.

ცახელი პოპულარული საბავშვო პოეტი იყო. მისი ლექსები და პოემები („მარინე“ 1883; „ზაალი“, 1884; „შალვას თავგადასავალი“, 1885; „გურგენ რაინდი“, 1893) მაღალი მოქალაქეობრივი და პატრიოტული შეგნებით ზრდიდა ახალგაზრდობას, უნერგავდა მშრომელი ხალხის სიყვარულს, უსამართლობის სიძულვილს. ცახელმა თარგმნა ი. კრილოვის იგავ-არაკები.

მოკლეს 1919 წლის 31 აგვისტოს, ქუთაისში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კინწურაშვილი ლ., ქსე, ტ. 11, გვ. 189, თბ., 1987