ცანა
ცანა — სოფელი საქართველოში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ცანის ადმინისტრაციულ ერთეულში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე).
მდებარეობს სვანეთის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდ. ყორულდაშის (მდ. ზესხოს მარჯვენა შენაკადი, ცხენისწყლის აუზი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1700 მ-ზე, დაბა ლენტეხიდან 56 კმ-ში. მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფლის ისტორიული სახელია ცენა. ის წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება 1503 წლით დათარიღებულ დოკუმენტში „წიგნი ალექსანდრე მეფისა სვანთა მიერ ჯაფარიძეთა სასისხლოს გადახდაზე“. ე. თაყაიშვილის წაკითხვით ცენა ასევე მოხსენიებულია ჟიბიანის მთავარანგელოზის ხატის წარწერაში, რომელსაც ის XV-XVI საუკუნეებით ათარიღებს: „წმიდაო მთავარანგელოზო, შეიწყალე მაშენებელი შენი სოფელი ესე ცენა“.[2]
ცენიდან უშგულში ზაგარის უღელტეხილით გადასასვლელის გზით ცხენისწყლის ხეობა ენგურის ხეობას უკავშირდებოდა. გადმოცემით თანახმად, ისტორიული ცანა გავერანებულა ცანელების და ზესხველების ურთიერთმტრობის შედეგად.[3] XIX საუკუნის ბოლოს ცანა უშგულიდან გადმოსახლებულებმა დაასახლეს. 1886 წლის „საოჯახო სიებით“ აქ 12 კომლი (127 სული) ცხოვრობდა.[4] 2014 წლის აღწერის დროს სოფელში მუდმივი მოსახლეობა აღარ იყო.
სოფლის სამხრეთით, გორაკზე, ძველი ქვის ეკლესიის ნანგრევებზე აგებულია მაცხოვრის სახელობის ეკლესია (2003 წ.). ცანის მიდამოებში არის დარიშხანის საბადო, რომლის მადნის გადამუშავება 1938–1991 წლებში ხდებოდა ცანის სამთო-ქიმიურ კომბინატში. 1990-იანი წლების დასაწყისში მადნის ამოღების შეწყვეტის, საწარმოს დახურვისა და დაშლის შემდეგ მისი ტერიტორია დაბინძურებულია მომწამლავი საწარმოო ნარჩენებით. 2023 წელს ტერიტორია შეისყიდა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ დარიშხანშემცველი ნარჩენების სარკოფაგის მოწყობის მიზნით.[5]
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში არავინ ცხოვრობს.
| აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
|---|---|---|---|
| 2002[6] | 57 | 25 | 32 |
| 2014[1] | 0 | 0 |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 185.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ თაყაიშვილი, ე., არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს, პარიზი, 1937. — გვ. 142-143.
- ↑ ნიჟარაძე ბ., ოთხი დღე მდ. ენგურის, ცხენისწყლის და რიონის სათავეებში, კრებ. ისტორიულ-ეთნოგრაფიული წერილები, ტ. II, თბ., 1964. — გვ. 7-63.
- ↑ თოფჩიშვილი რ., სვანეთი და სვანეთის მკვიდრნი, თბ., 2015. — გვ. 33.
- ↑ ლენტეხის მუნიციპალური ნარჩენების მართვის სამოქმედო გეგმა 2023-2027 წწ., ლენტეხის მუნიციპალიტეტი, 2024. — გვ. 18-21.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
| ||||||||||