ცაბაძეები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცაბაძეები — ქართული გვარი, რომლის ფუძეს წარმოადგენს საკუთარი სახელი „ცაბა“. ცაბა-დან აგრეთვე ნაწარმოებია გვარები: ცაბაურაშვილი, ცაბაური, ცაბაშვილი, ცაბეკია, ცაბოლაშვილი, ცაბოშვილი, ცაბულაშვილი, ცაბურაშვილი, ცაბუტაშვილი, ცაბუტაძე. ყველა ეს გვარი ცაბაძეებისაგან დამოუკიდებლად წარმოშობილი გვარია, ამდენად, არც ერთი მათგანი ცაბაძეების გვარს არ ენათესავება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცაბაძეების გვარი მომდინარეობს შიდა ქართლის სოფელ საციხურიდან (ქარელის მუნიციპალიტეტი). ჯერ კიდევ 1715 წელს შედგენილ „რუისის სამწყსოს დავთარში“ საციხურის მცხოვრებთა შორის იხსენიება დათუნა წაბაძე, რომლის შთამომავლებიც მოგვიანებით უკვე ცაბაძეებად იხსენიებიან (ჩანს, რომ წაბაძე არის ცაბაძის თავდაპირველი ფორმა).

გვარის ფორმა „ცაბაძე“ დოკუმენტურად დასტურდება XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამ დროისათვის შედგენილ სხვადასხვა სახის საბუთებში და მოსახლეობის აღწერის დავთრებში (რომელთა დედნებიც დაცულია სახელმწიფო არქივისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებში) იხსენიებიან: გლახა, დავით, ივანე, ვასილ, ზაქარია, ნინია, შიო ცაბაძეები. ყველა მათგანი შიდა ქართლის მკვიდრია.

სოციალური მდგომარეობით ცაბაძეები ხერხეულიძეების კუთვნილი ყმა-გლეხები იყვნენ. საციხურიდან ძველი დროიდანვე გადასახლებულან ზემო იმერეთის სოფელ ბაჯითში (საჩხერის მუნიციპალიტეტი), ფრონის ხეობის ზემო ნაწილის სოფელ წირეთში (ამჟამად ნაბაკევი, თუმცა ამ სოფლიდან ცაბაძეები მალევე გადასახლდნენ თბილისში), ლიახვის ხეობის სოფლებში მარანაში (ამ სოფლიდან ცაბაძეები უკანვე საციხურში დაბრუნდნენ საცხოვრებლად), თერგვისში (ამ სოფელში დღემდე ცხოვრობენ), კეხვში, ქალაქ გორსა და ცხინვალში.

ზემო იმერეთსა და ლიახვის ხეობაში ცაბაძეების გადასახლების მიზეზი, როგორც ჩანს, ფრონის ხეობის სოფლებზე ლეკების გამუდმებული თავდასხმებია. XVIII საუკუნეში აღნიშნული რეგიონი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა. ამ მხრივ კი იმერეთი და ლიახვის ხეობა შედარებით უსაფრთხო იყო.

1840-იან წლებში იმერეთში შედგენილ აღსარების მთქმელთა სიებში დოკუმენტურად დასტურდება ცაბაძეების გვარის მოსახლეობა სოფელ ბაჯითში.

არსებობს მოსაზრება, რომ ცაბაძეების გვარი წარმოშობილია არა საციხურში, არამედ ბაჯითში, თუმცა საისტორიო და ეთნოგრაფიული მასალების უმეტესი ნაწილი ამ გვარის საციხურიდან წარმოშობაზე მეტყველებს.

1818 წლის კამერალური აღწერის სიების მიხედვით საციხურში ცხოვრობდა (მარანადან დაბრუნებული) ცაბაძეების 6 (გიორგი, გაბრიელი, თამაზი, ნინია, ნინია, გიორგი) კომლი, წირეთში - 1 (გლახა) და თერგვისში - 1 (გიორგი) წარმომადგენელი. ამ რვა ოჯახიდანაა გამრავლებული შიდა ქართლელი ცაბაძეების გვარი.

ცაბაძეების გვარში ბევრი გამოჩენილი პიროვნებაა აღზრდილი. მათ შორის არიან: კომპოზიტორები - გიორგი (გოგი) და კახა ცაბაძეები, მსახიობები - როზა და ელისო ცაბაძეები, რეჟისორი - ალექსანდრე (ალეკო) ცაბაძე, მხატვარი ირაკლი ცაბაძე, სპორტსმენი ლევან ცაბაძე, პროფესორები ვალერიან და თეიმურაზ ცაბაძეები, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები - ევსევი, ვასილ, ივანე და მიხეილ ცაბაძეები და სხვა.

ამჟამად ცაბაძეები განსახლებულნი არიან:

ამჟამად საქართველოს მასშტაბით დაფიქსირებულია 1055 სული ცაბაძე. ამათგან ყველაზე კომპაქტურად განსახლებულნი არიან შემდეგ 10 მუნიციპალიტეტში: თბილისი - 318, ქარელი - 258, საჩხერე - 140, რუსთავი - 71, გორი - 70, ხაშური - 49, ქუთაისი - 21, აბაშა - 20, ბორჯომი - 12 და სოხუმი - 12.