ჩქუნეთის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩქუნეთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, ხუროთმოძღვრული ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუნეთში, „მეწყერის“ მიდამოებში. აგებულია გარდამავალ შუა საუკუნეებში.

სოფლიდან სამხრეთით 2 კმ-ზე, მდ. ჭურთის ხეობაში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის დიდი ზომის ქვითაა ნაგები. წყობა სწორხაზოვანია. დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხა მოხაზულობისაა, აღმოსავლეთით აქვს კოლოფა აბსიდი, ცენტრში გაჭრილი თაღოვანი სარკმლით. ჩრდილოეთით და სამხრეთით თითო სწორკუთხა ნიშაა. საკურთხეველში, ჩრდილოეთით და ცენტრში ტრაპეზის ქვები დგას. კონქი სფერულია. სატრიუმფო თაღი პილასტრებს ეყრდნობა. საკურთხევლის წინ შემორჩენილია სოლეა. ეკლესიის ცილინდრული კამარის საბრჯენი თაღი ეყრდნობა პილასტრებს, რომელთაგან ჩრდილოეთისა სამსაფეხურიანია, ხოლო სამხრეთისა ორსაფეხურიანი. დასავლეთი საბრჯენი თაღი კი კრონშტეინებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ კედელში, პილასტრის მიჯრით მცირე ზომის არქიტრავული ნიშაა. ეკლესია ნათდება აღმოსავლეთის, სამხრეთის და დასავლეთის სწორკუთხა სარკმლებით. სამხრეთი შესასვლელი არქიტრავულია. ეკლესიას სადა ფასადები აქვს. კარნიზი მარტივპროფილიანია. ნაგებობიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას სამსართულიანი სამრეკლო. მისი პირველი სართული ყრუა და ამოვსებულია მიწით. მეორე სართული ოთხივე მხრიდან გახსნილია თაღებით, რომლებიც მასიურ, ოთხკუთხა სვეტებს ეყრდნობიან. სვეტებში მოწყობილია მცირე ნიშები. მესამე სართული ჩამონგრეულია. სამრეკლოს სამშენებლო მასალა ფლეთილი ქვაა, რომელიც შემდეგ შეულესიათ. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ფრაგმენტები. აყრილია ეკლესიის საბურავი, ამოსულია ხეები. კარი და სარკმლები დაზიანებულია, კედლები დაბზარული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 226-227