შინაარსზე გადასვლა

ჩუღურეთის ხიდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩუღურეთის ხიდი — ხიდი მტკვარზე, თბილისის ისტორიული უბნების კუკიისა და გარეთუბნის ზღვარზე, მშრალი ხიდის გაგრძელებაზე. აგებულია 1962 წელს. ჩაანაცვლა 1848-1853 წლებში აშენებული მიხეილის ხიდი. სხვადასხვა დროს ერქვა მიხეილის, კარლ მარქსის, ზაარბრიუკენის, ჩუღურეთის სახელი. 2022 წლის 4 ნოემბერს მიენიჭა ქართველი მწერლის გურამ დოჩანაშვილის სახელი.[1]

XIX საუკუნის 40-იან წლებში ამ ადგილას მესანგრეები აშენებდნენ ხის ხიდს, რომელსაც რეგულარულად იტაცებდა ადიდებული მტკვარი. 40-იან წლებში მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის დავალებით არქიტექტორმა ჯოვანი სკუდიერიმ შეადგინა ხიდის პროექტი. იგი ამავე დროს სამუშაოთა ხელმძრვანელიც იყო. ნაგებობა შედგებოდა ორი ცალკეული - დიდი (ხუთმალიანი) და პატარა (ერთმალიანი) ხიდისგან, რომლების კვეთდნენ მტკვრის ძირითად კალაპოტს და მის მარჯვენა შტოს, ორბელიანების (მადათოვის) კუნძულის ადგილას. 1851 დიდი ხიდის პროექტი გადაამუშავა ინჟინერმა ს. ბლიქსმა. მან ხის მალები აგურის კამარებით შეცვალა. მშენებლობას სათავეში ჩაუდგა ქართველთა შორის პირველი ინჟინერი ჰიდრავლიკოსი ვახტანგ მუხრანბატონი. ხუთმალიანი თაღოვანიხიდი გაიხსნა 153 და, ვორონცოვის პატივსაცემად ეწოდა მიხეილის სახელი. ამავე დროს ხიდის მიმდებარე მოედანზე 1867 დაიდგა მიხეილ ვორონცოვის ძეგლი. ხიდი იმდენად ვიწრო (მალების სიგრძე 19 მ, სიგანე 9,3 მ) იყო, რომ 1884 გადააკეთეს - ტროტუარები გაიტანეს ლითონების კონსოლებზე.

1962 ჩატარდა ხიდის საფუძვლიანი რეკონსტუქცია (არქიტექტორები: შოთა ყავლაშვილი, გივი მელქაძე; ინჟინერი გიორგი ქარცივაძე). მშენებლობისას შეინარჩუნეს ძველი ხიდის ბურჯები და ხუთმალიანი კონსტრუქცია. სავალი ნაწილი გაფართოვდა 25 მ-მდე, ტროტუარებისა 3-3 მ-მდე. თავსა და ბოლოში მოუშენეს არსებული მალის სიგრძის რკინაბეტონის თაღები. განაპირას მალის ქვეშ გადის მარცხენა სანაპირო. საბჭოთა პერიოდში კარლ მარქსის სახელს ატარებდა, შემდეგ თბილისთან დაძმობილებული ქალაქ ზაარბრიუკენის, 1994 წელს ჩუღურეთის, 2022 წელს კი გურამ დოჩანაშვილის სახელი ეწოდა.

  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 479, ISBN 99928-20-32-2.
  • სარალიძე, ა., „თბილისის ხიდები“, გვ. 14-16, „ტფილისის ჰამქარი“, თბილისი, 2012
  • კვირკველია თ., ძველთბილისური დასახელებანი, თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1985. — გვ. 41–42.