ჩუქება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩუქებახელშეკრულება, რომლის ძალითაც მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით[1]. მოძრავ ნივთზე ხელშეკრულება დადებულად ითვლება ქონების გადაცემის მომენტიდან, ხოლო თუ საქმე ეხება უძრავ ნივთს, იგი დადებულად ითვლება ხელშეკრულებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან[2]. ჩუქების ვალდებულება შესაძლებელია წარმოიშვას საჩუქრის დაპირებამ. დადგენილია, რომ საჩუქრის დაპირება წარმოშობს ჩუქების ვალდებულებას მხოლოდ მაშინ, თუ იგი წერილობითი ფორმითაა დადებული[3]. ჩუქების დაპირება წინარე ხელშეკრულებაა, რომელიც ავალებს პირს მომავალში ხელშეკრულების დადებას, რაც ნივთის გადაცემით განხორციელდება[4]. ჩუქების ხელშეკრულების მხარეები შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები.

ჩუქების ხელშეკრულება უსასყიდლოა, ამიტომ იგი არ უნდა შეიცავდეს ისეთ პირობას, რომლის ძალითაც მჩუქებელი დასაჩუქრებულისგან იღებს შემხვედრ დაკმაყოფილებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულება უსასყიდლო ხასიათს დაკარგავს და სახეზე აღარ გვექნება ჩუქება. მაგრამ პირობასთან დაკავშირებით, კანონი უშვებს გამონაკლისს. მთავარია, რომ გათვალისწინებული პირობა მჩუქებლისთვის რაიმე ეკვივალენტის მიღებას არ ითვალისწინებდეს[5]. მხარეებს შეუძლიათ დაადგინონ, რომ ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია ამა თუ იმ პირობის შესრულებაზე ან განსაზღვრული მიზნის მიღწევაზე. ეს მიზანი კი შეიძლება იყოს საერთო-სასარგებლოც, რომელსაც შეწირულობა ეწოდება[6]. მის მაკვალიფიცირებელ თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ, შეწირულობის შემთხვევაში, დასაჩუქრებული არის პირთა გარკვეული ჯგუფი, ჩვეულებრივ, იურიდიული პირი, რომელსაც საზოგადოებრივი მნიშვნელობა გააჩნია. ამ შემთხვევაში, ჩუქების მიზანია კეთილი, საზოგადოებრივად სასარგებლო საქმის წახალისება, ქველმოქმედების განხორციელება და სხვა. შეწირულობის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ქმედუანიან პირს[7].

მხარეთა უფლება-მოვალეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირს უფლება არ აქვს გააჩუქოს ქონება, თუ ქონების გაჩუქება საარსებო წყაროს უსპობს მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირებს[8]. თუ მჩუქებელი ბოროტი განზრახვით დამალავს გაჩუქებული ქონების ნაკლს, იგი ვალდებულია დასაჩუქრებულს აუნაზღაუროს ამით მიყენებული ზიანი[9].

თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია რაიმე პირობა, მაშინ მისი ნამდვილობა და მოკიდებულია ამ პირობის განხორციელებაზე. პირობის შესრულება, გარდა მჩუქებლისა, შეუძლია მოითხოვოს იმ პირმაც, ვის ინტერესებშიც იგი იქნა დათქმული[10].

ჩუქების გაუქმება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია რაიმე პირობა და დასაჩუქრებული პირობას არ ასრულებს, მაშინ მჩუქებელს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე[11].

ჩუქების გაუქმება შესაძლებელია დასაჩუქრებულის უმადურობის გამო. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს[12].

ჩუქების გაუქმებისგან განსხვავდება ნივთის გამოთხოვა. თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში[13].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
  • საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მეოთხე წიგნის პირველი ტომი, თბ., 2001
  • ზ. ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლი
  2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები
  3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის და მე-3 ნაწილები
  4. ზ. ახვლედიანი, ვალდებულებითი სამართალი, თბ., 1999, გვ. 115
  5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მეოთხე წიგნის პირველი ტომი, თბ., 2001, გვ. 74
  6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლის პირველი ნაწილი
  7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მეოთხე წიგნის პირველი ტომი, თბ, 2001, გვ. 75
  8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლი
  9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 527-ე მუხლი
  10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლის მე-2 ნაწილი
  11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლის მე-3 ნაწილი
  12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლი
  13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლი