ჩუუკის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჩუუკის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Chuuk Islands
Map Chuuk Islands1.png
ჩუუკის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 7°25′ ჩ. გ. 151°47′ ა. გ. / 7.417° ჩ. გ. 151.783° ა. გ. / 7.417; 151.783
მთავარი კუნძული მოენი
ფართობი 99,87 კმ²
უმაღლესი წერტილი 443 მ
მიკრონეზიის ფედერაციული შტატების დროშა მიკრონეზიის ფედერაციული შტატები
შტატი ჩუუკი
დემოგრაფია
მოსახლეობა 40 465 (2000)
სიმჭიდროვე 405,177 ად. /კმ²

ჩუუკის კუნძულები (ინგლ. Chuuk Islands) — პატარა კუნძულების ჯგუფი კაროლინის კუნძულების არქიპელაგში წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. შედის მიკრონეზიის ფედერაციული შტატების შემადგენლობაში და არის შტატ ჩუუკის ნაწილი.

დასახელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი ჩუუკის ენიდან თარგმანში ნიშნავს «მაღალ მთებს»[1]. ისტორიული სახელებია — ტრუკი, რუკი, ჰოგოლეუ, ტორესი, უგულატი, ლუგულუსი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩუუკის კუნძულების რუკა

ჩუუკის კუნძულები მდებარეობს კაროლინის კუნძულების არქიპელაგის მიკრონეზიის ცენტრალურ ნაწილში წყნარ ოკეანეში და წარმოადგენს პატარა კუნძულოვან ჯგუფს, რომელიც შედგება მოტუებით და ბარიერული რიფებით შემოფარგლული მთიანი კუნძულებისაგან. სულ ჯგუფში შედიან 19 ამოწეული კუნძული ლაგუნის შიგნით, 10 ატოლი და 225 მოტუ, რომელთაგან ბევრი მდებარეობს ლაგუნის გარეთ[1]. ჩუუკის კუნძულების ცენტრში მდებარეობს დიდი ლაგუნა, რომლის ფართობი შეადგენს დაახლოებით 2131 კმ²-ს (ხმელეთის ფართობი — დაახლოებით 100 კმ²)[1]. ყველაზე მთავარი კუნძულებია დუბლონი, ეიოლი, ეოტი, ეტენი, ფილო, ფანაპენგესი, ფეფანი, მოენი, პარამი, პატა, პისი, პოლე, რომუნუმი, სისი, ტარიკი, ტოლი, უდოტი და უმანი. ზოგჯერ ჯგუფს მიაკუთვნებენ მეზობელ ჰოლის კუნძულებს და ნომონუიტოს ატოლს[2]. გეოგრაფიულად და დიალექტურად კუნძულები იყოფა დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად: ფაიჩუუკის კუნძულები და ნამონეასის კუნძულები.

კლიმატი ჩუუკის კუნძულებზე ტროპიკულია უმნიშვნელო სეზონური ცვალებადობით. წლის საშუალო ტემპერატურა შეადგენს დაახლოებით 26,7 °C-ს. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობაა — 3050—3560 მმ. ყველაზე უფრო მეტი ნალექების რაოდენობა მოდის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქეოლოგიური მასალების თანახმად, რომელიც ნაპოვნი იქნა ჯგუფის ერთ-ერთ კუნძულზე, ჩუუკის კუნძულები დასახლებული იყო დაახლოებით 2 ათასი წლის წინ. ადგილობრივი ლეგენდების თანახმად პირველი დასახლებულები იყვნენ კუნძულ კოსრაედან წამოსულები, რომელიც მდებარეობს დაახლოებით 1300 კმ-ით აღმოსავლეთით. საწყის ეტაპზე ადგილობრივი მაცხოვრებლები სახლდებოდნენ მხოლოდ კუნძულის სანაპიროებზე და დაკავებული იყვნენ თიხისგან ჭურჭლის გამოძერწვით, მაგრამ დაახლოებით 1500 წლის წინ ეს კულტურა გაქრა, ხოლო კუნძულელები გადასახლდნენ კუნძულის შიდა რაიონებში და მთის კალთებზე[3].

ევროპელების მიერ ჩუუკის კუნძულების აღმოჩენა დაკავშირებულია ესპანელი ზღვაოსნების მოგზაურობასთან: საკმაოდ მაღალი ფასები სანელებლებზე იძულებულს ხდიდა ესპანელებს მოეძებნათ ახალი მიწები. კატო-კამბრეზის ზავის ხელშეკრულების ხელმოწერიდან ექვსი თვის შემდეგ, რომელიც დამთავრდა 1494—1559 წლების იტალიური ომებით, ესპანეთის მეფე ფილიპე II-მ გაუგზავნა წერილი ახალი ესპანეთის ვიცე-სამეფოს ვიცე-მეფეს ლუის დე ველასკოს, მოთხოვნით «მოლუკის კუნძულებისთვის დასავლეთის კუნძულების გახსნის თაობაზე»[4]. საუბარი ასევე ეხებოდა ფილიპინების დაპყრობის თემასაც[5]. პასუხად მოეწყო ახალი ექსპედიცია ოთხი გემის შემადგენლობით, მიგელ ლოპეს დე ლეგასპის მეთაურობით, რომლებიც 1564 წლის 21 ნოემბერს გავიდნენ ქალაქ აკაპულკოდან[4]. 1565 წლის 17 იანვარს გემ «სან-ლუკასის» ეკიპაჟმა ალონსო დე არელიანოს მეთაურობით, ჰორიზონტზე შეამჩნია ჩუუკის კუნძულები[6]. ლაგუნაში შესულ გემს მაშინვე შეხვდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები კანოებით, რომლებმაც შესთავაზეს უცხოელებს გადმოსულიყვნენ ხმელეთზე კუნძულ ტანოვასთან შორიახლოს. მაგრამ შემხვედრი ქარი და კუნძულელთა დიდმა რაოდენობამ შეაშინა არელიანო, ამიტომ მან გადაწყვიტა მოებრუნებინა გემი უკან. მაგრამ მანამდე ეკიპაჟის წევრებმა მოასწრეს ტყვედ აეყვანა რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებელი. მხოლოდ ზარბაზნების გასროლის შემდეგ ეკიპაჟმა შეძლო თავი დაეხსნა კუნძულელებისგან, რომლებმაც დაიწყეს შუბების სროლა. რიფის შიდა მხარეს ღამის გატარების შემდეგ, «სან-ლუკასის» ეკიპაჟი მეორე დღეს გამოვიდა ღია ოკეანეში[7].

თითქმის ორნახევარი ასეული წლის განმავლობაში ჩუუკის კუნძულები რჩებოდა შეუმჩნეველი უცხოური გემებისათვის. მეორე ევროპელი, რომელიც ესტუმრა კუნძულებს არელიანო შემდეგ, იყო მანუელ დუბლონი, რომლის გემი შევიდა კუნძულების ლაგუნაში 1814 წლის 10 დეკემბერს. მიუხედავად ამისა დაწვრილებითი ცნობები ამის შესახებ არ არის შემორჩენილი[6].

1824 წლის 24 ივნისს ჩუუკის კუნძულებთან მიცურდა გემი, ფრანგი ლუი დუპერეის მეთაურობით, რომელმაც გამოიკვლია კუნძულები ხუთი დღის განმავლობაში (დაზუსტდა კოორდინატები, შედგა ლაგუნის პირველი რუკა). მიუხედავად იმისა, რომ მოგზაური მთელი ამ დღეების განმავლობაში არ შესულა ლაგუნაში, ბორტზე მიიღეს რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ზოგიერთი კუნძულის სახელების გაგება. ორი ინგლისელი დატოვეს ნაპირზე მათი საკუთარი სურვილის გამო. მიუხედავად იმისა, რომ დუპერეიმ შეაგროვა მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ინფორმაცია, მის ჩანაწერებში მაინც არ იყო ცნობები ადგილობრივი მოსახლეობის კულტურისა და ყოფაცხოვრების შესახებ[6]. ოთხი წლის შემდეგ ჩუუკის კუნძულები გამოიკვლია ფრანგმა ზღვაოსანმა ჟიულ სებასტიენ სეზარ დიუმონ-დურვილმა, ხოლო შემდეგ რუსმა მოგზაურმა ფიოდორ ლიტკემ[6].

პირველი სერიოზული ინფორმაცია ადგილობრივ კულტურაზე და მაცხოვრებლებზე მოაგროვა ჟიულ სებასტიენ სეზარ დიუმონ-დურვილმა 1838 წელს კუნძულზე მისი მეორე სტუმრობისას. 22 დეკემბერს ექსპედიციის ორი გემი, «ასტროლაბია» და «ზელე», შევიდნენ ლაგუნაში სრუტის გავლით კუნძულების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში მოგზაურმა შეაგროვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ადგილობრივ მაცხოვრებლებზე: სახლების მორთულობაზე, თევზსაჭერ ბადეებზე, ადგილობრივ კანოეებზე, იარაღზე. გემების ბორტებზე ხდებოდა საქონლის გაცვლა აბორიგენებთან. კუნძულელები იყვნენ სტუმართმოყვარენი, მაგრამ ძალიან ფრთხილები, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში გამოხატავდნენ შიშს უცხოელების წინაშე. მაგალითად, ქალები, უცხოელების დანახვაზე, ეგრევე გარბოდნენ ტყეში ან მიცურავდნენ მეზობელ კუნძულებზე. შემდგომში ფრანგებს უხსნიდნენ, რომ ადგილობრივ ქალებს აკრძალული აქვთ უცნობებთან მიახლოება ქმრების ნებართვის გარეშე, რადგან სხვა შემთხვევაში მათ დაუყოვნებლივ მკაცრად დასჯიდნენ[8]. ჩუუკის კუნძულების მოსახლეობა სიხარულით ცვლიდნენ თავის საგნებს, საჭმელს რკინის ნაკეთობებზე, ბრასლეტებზე, სამკაულებზე და სხვა ევროპელთათვის უმნიშვნელო საგნებზე. მაგრამ დურვილი იყო რამდენადმე გაკვირვებული, როდესაც მიხვდა, რომ აბორიგენებს არასოდეს არ ენახათ ცეცხლსასროლი იარაღი. თოფით მოკლულმა ფრინველმა ძლიერ შეაშინა ადგილობრივი მოსახლეობა[8].

თანდათანობით კუნძულელები მიეჩვივნენ უცხოელებს, ისინი ხდებოდნენ უფრო მეგობრულები, მაგრამ ამავდროულად უფრო ყველაფრისადმი ინტერესის გამომხატველნი. კუნძულებზე ორი ფრანგი ოფიცრის მოსვლიდან რამდენიმე დღის შემდეგ, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში აგროვებდნენ ადგილობრივი ფლორის და მწერების ნიმუშებს, სიხარულით შეუერთდნენ საღამოს კოცონის ირგვლივ მსხდომ ადგილობრივი მაცხოვრებლების კომპანიას. რომ ეჩვენებინათ საკუთარი პატივისცემა, ევროპელებმა აბორიგენებს დაუწყეს საკვებით გამასპინძლება, რომელიც მათ თან ჰქონდათ წამოღებული[9]. ფრანგებმა საკვებად უვარგისი ჩათვალეს ნახევრადმომზადებული თევზი და კიბორჩხალა. შემდეგ მოგზაურები განთავსდნენ სახლ-კანოეში, რომ იქ გაეთენებინათ ღამე. კუნძულელები კი დარჩნენ კოცონთან. მოულოდნელად ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა დაიწყო სიმღერა. ამან საკმაოდ გააკვირვა ფრანგები: ერთ-ერთმა მათგანმა საპასუხოდ წამოიწყო მარსელიეზას სიმღერა. კუნძულელმა კი ცეკვა დაიწყო. როდესაც ის ცეკვას მორჩა, ევროპელს მოსთხოვა, რომ მასაც ეცეკვა. ფრანგი, დიდ ხანს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მაინც დათანხმდა და ფეხშიშველმა შეასრულა ფრანგული ცეკვა კადრილი[9].

მაგრამ მოგზაურების იქ ყოფნას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. როდესაც მეორე დღეს ფრანგების მცირერიცხოვანი ჯგუფი გაემართა გამოეკვლია რიფები ფეფანის კუნძულსა და დუბლონის კუნძულს შორის, მათ თავს დაესხა ადგილობრივი მაცხოვრებლების ჯგუფი. ევროპელები იძულებულები იყვნენ გაესროლად, შედეგად მოკლული იქნა ათი ან თორმეტი აბორიგენი. ამ მოვლენის შემდეგ ფრანგებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ კუნძულები[9].

ამის შემდეგ კუნძულები საკმაოდ დიდ ხანს რჩებოდა ევროპელების ინტერესების გვერდით. ვეშაპის დამჭერი გემებიც კი, რომლებიც საკმაოდ ხშირად სტუმრობდნენ მეზობელ კუნძულებს პონპეის და კოსრაეს, მტკნარი წყლის და ხე-ტყის მარაგის შესავსებად, ჩუუკის კუნძულებს გვერდს უვლიდნენ: 1840 წლიდან 1860 წლამდე პერიოდში კუნძულებს გვერდით გაცურა სულ ორმა გემმა და არც ერთი მათგანი არ შეჩერდა ჩუუკის კუნძულების ნაპირებთან[7].

ქრისტიანი მისიონერები საბოლოოდ დამკვიდრდნენ ჩუუკის კუნძულებზე 1879 წელს: მანამდე ყველა ადრეულ ცდებს არ მოყოლია დადებითი შედეგი. 1879 წელს კუნძულ უმანის ბელადი (ჯგუფის ერთ-ერთ ამოწეულ კუნძულზე), რომელიც ვიზიტით იმყოფებოდა მორტლოკის კუნძულების კუნძულ ნამაზე, მოისმინა ერთ-ერთი მისიონერის ლოცვა. შემდგომში ბელადმა სტუმრად მიიწვია იგი თავისთან კუნძულზე, რომ მას იქ დაეარსებინა ქრისტიანული ეკლესია, და მისცა მას, როგორც მის სხვა თანამოაზრეებს, პირადი უსაფრთხოების გარანტია. ასე გაჩნდნენ კუნძულებზე პირველი მისიონერები, რომლებსაც შემდგომში მოჰყვნენ პირველი უცხოელი ვაჭრები[7].

1886 წელს კონტროლი მიკრონეზიაზე, მათ შორის ჩუუკის კუნძულებზე, გადავიდა ესპანეთის ხელში. მაგრამ 1898 წლის ესპანეთ-ამერიკის ომის შემდეგ, ესპანეთის, გერმანიის და აშშ-ს შორის შეთანხმების საფუძველზე მიკრონეზია, კუნძულ გუამის გარდა, აშშ-სგან იყიდა გერმანიამ $4,2 მილიონად[3]. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, 1914 წელს, კუნძულების ოკუპაცია მოახდინა იაპონიამ, რომელიც მართავდა მას 1919 წლიდან ერთა ლიგის მანდატის საფუძველზე.

მეორე მსოფლიო ომის წლებში კუნძულებზე განლაგებული იყო იაპონიის მსხვილი საზღვაო სამხედრო ბაზა (იქ იმყოფებოდა დაახლოებით 40 ათასი ჯარისკაცი და სამოქალაქო პირი), ასევე აეროდრომი. კუნძულები სტრატეგიულად მეტად საჭირო იყო იაპონიის იმპერიისთვის: მასზე მოქმედებდა საკომუნიკაციო შტაბი, საიდანაც მოდიოდა რადიობრძანებები, რომლებიც იძლეოდნენ იაპონიის ყველა სამხედრო-საზღვაო ძალების ოპერაციების მიმართულებებს მიკრონეზიაში. 1944 წელს ჩუუკის ლაგუნაში იმყოფებოდა იაპონიის მეოთხე საიმპერატორო ფლოტის გემები და მეექვსე წყალქვეშა ფლოტის მეთაურობა. 1944 წლის 17 თებერვალს ამერიკელებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია «ჰილსტონის» ამოქმედება, რის შედეგადაც ჩაიძირა 30-ზე მეტი მსხვილი და ბევრი პატარა იაპონური გემი. შემდგომში კონტროლი ჩუუკის კუნძულებზე გადავიდა აშშ-ის არმიის ხელში.

ომში იაპონელთა დამარცხების შემდეგ ჩუუკის კუნძულები გახდა წყნარი ოკეანის კუნძულების სამეურვეო ტერიტორიის ექვსიდან ერთ-ერთი ოლქი, რომლებსაც მართავდა აშშ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მანდატის საფუძველზე.

1990 წელს მიკრონეზიის ფედერაციული შტატები გაეროს უშიშროების საბჭომ აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. მას შემდეგ ჩუუკის კუნძულები ამ ქვეყნის ტერიტორიაა[3].

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს კუნძულების მოსახლეობა შეადგენდა — 40 465 ადამიანს[10]. მათ შორის ფაიჩუუკის კუნძულებზე — 14 049 ადამიანი და ნამონეასის კუნძულებზე (ჩრდილოეთი და სამხრეთი) — 26 416 ადამიანი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძულებზე განვითარებულია ტურიზმი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Chuuk Historic Preservation Office.. Location of Chuuk.. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-18. წაკითხვის თარიღი: 4 სექტემბერი 2008.
  2. 2.0 2.1 Society of Truk Island.
  3. 3.0 3.1 3.2 Chuuk Historic Preservation Office.. Chuuk History.. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-18. წაკითხვის თარიღი: 4 სექტემბერი 2008.
  4. 4.0 4.1 O. H. K. Spate Chapter 4. Magellan's Successors: Loaysa to Urdaneta. Finding and founding a base: Legazpi and Urdaneta // The Spanish Lake. The Pacific since Magellan, Volume I. — ANU E Press. — ISBN 1920942165
  5. Francis X. Hezel The End of a Long Seclusion // The First Taint of Civilization: A History of the Caroline and Marshall Islands in Pre-Colonial Days, 1521—1885. — Hawaii: University of Hawaii Press, 1983. — ISBN 0824816439
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 Foreign Ships in Micronesia.. Chuuk.. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-05-02. წაკითხვის თარიღი: 3 სექტემბერი 2008.
  7. 7.0 7.1 7.2 Francis X. Hezel, SJ.. The Beginnings of Foreign Contact in Truk.. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-03-18. წაკითხვის თარიღი: 3 სექტემბერი 2008.
  8. 8.0 8.1 Francis X. Hezel The End of a Long Seclusion // The First Taint of Civilization: A History of the Caroline and Marshall Islands in Pre-Colonial Days, 1521—1885. — Hawaii: University of Hawaii Press, 1983. — ISBN 0824816439
  9. 9.0 9.1 9.2 Francis X. Hezel The End of a Long Seclusion // The First Taint of Civilization: A History of the Caroline and Marshall Islands in Pre-Colonial Days, 1521—1885. — Hawaii: University of Hawaii Press, 1983. — ISBN 0824816439
  10. 2000 Yap Detailed Tables. General Tables. — C. 1. FSM Division of Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-04-22. წაკითხვის თარიღი: 2010-04-09.