ჩუნძიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩუნძიე — ერთ-ერთი გამორჩეული და მნიშვნელოვანი ტრადიციული დღესასწაული ჩინეთში. ის არის გაზაფხულის დღესასწაული ანუ იგივე ჩინური ახალი წელი. მისი აღსანიშნი თარიღი მჭიდროდ არის დაკავშირებული მთვარის კალენდართან და ცვალებადია. აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებით ჩინეთში ტარდება დიდი ფესტივალი რომელიც იწყება იანვარში და მიმდინარეობს თებერვლამდე. მისთვის მზადებას დაახლოებით მეთორმეტე თვიდან იწყებდნენ. ეს გახლავთ ყველაზე დიდი დღესასწაული როგორც ხალხისათვის, ასევე სახელმწიფოსათვის. ეს დღესასწაული ემთხვევა პერიოდს იანვრის ბოლოდან თებერვლის შუა რიცხვის რომელიმე დღემდე. მეთორმეტე თვის რვა რიცხვში არის დღესასწაული ლაპა. ამ დღეს ბურღულეულისა და უნაბისგან ხარშავენ ტკბილ ფაფას, რაც მომავალი წლის დიდი მოსავლის საწინდარია. სხვა დღეებში ლაგდება სახლი და კარ-მიდამო, რაც ცუდი აურის განდევნის ნიშანია. სახლის მორთვა ხდება ნაყიდი ან ოჯახის წევრების მიერ დამზადებული ქაღალდისაგან გამოჭრილი სამშვენისებით, ხალხური ნახატებით, კარზე დაწებებული წყვილ წითელ ქაღალდზე შესრულებული გარითმული წარწერებითა და ა.შ.

წითელი ფერი ახალი წლის უმთავრესი ატრიბუტია, ამ დღეს ადამიანები იცვამენ წითელ ფერს, ერთმანეთს უგზავნიან განსაკუთრებულ საჩუქრებს, რომელიც წითლად არის შეფუთული, ქუჩებიც კი სპეციალურად ამ დღისთვის წითლად არის მორთული. ეს გამომდინარე იქედან, რომ ჩინელებს განსაკუთრებულად სწამთ წითელი ფერი, ხმაური და ცეცხლი ბოროტ სულებს დევნის.

წლის წინა ღამეს ეწოდება ჩუსი. ამ დღეს ოჯახის ყველა წევრი ერთად იკრიბება, ერთმანეთში იცვლება წარსული წლის ნახატები, სამშვენისები და წარწერები. თორმეტი საათისთვის ამზადებენ განსაკუთრებულ ვახშამს, რომელსაც ეწოდება ნიენ იე ფანი. აუცილებელია, რომ სუფრა მდიდრული უნდა იყოს. ჩრდილოეთ ჩინეთში მთავარი კერძი არის წიაოძი (პილმენი), რაც ვერცხლის ზოდის სიმდიდრისა და ოჯახის ერთობის სიმბოლოა. სამხრეთ ჩინეთში მთავარი კერძი არის ნიენკაო ბრინჯის ფქვილის ტორტი. ფონეტიკურად კაო ემთხვევა სიტყვა ამაღლებას, ამიტომ ტორტი სიმბოლურია. ღამის თორმეტი საათიდან იწყება ფოიერვერკები და მაშხალების გაშვება. წითელი ფერი, ხმაური და ცეცხლი იწვევს ბოროტი სულების განდევნას. ამ ღამეს თავს იქცევენ სხვადასხვა თამაშობით, რადგანაც ტრადიციის მიხედვით დაძინება არ შეიძლება.

პირველი თვის პირველ რიცხვს ეწოდება იუენტანი. ბავშვებს აცმევენ ახალ, წითელ ტანსაცმელს და ასევე ჩუქნიან წითელ კონვერტში მოთავსებულ ფულს. ტაძრებსა და ქუჩებში იმართება გრანდიოზული ფესტივალები. მიმდინარეობს კარნავალები.

ახალი წლის მეორე დღიდან ხუთი-ექვსი დღის განმავლობაში გრძელდება ვიზიტები მილოცვებით, რასაც ეწოდება პაინიენი. ძირითადად უმცროსნი უფროსებს ულოცავენ. ასევე, სწორედ ამ დღეებში ჩინეთში ტარდება წინაპრებისათვის თაყვანისცემისა და შეწირვის ცერემონია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]