ჩრდილოეთი ოსეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია)
რუსეთის ფედერაციის სუბიექტი
ჩრდილოეთი ოსეთი — ალანია
Республикæ Цæгат Ирыстон-Алани
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადმ. ცენტრი ვლადიკავკაზი
კოორდინატები 43°11′00″ ჩ. გ. 44°14′00″ ა. გ. / 43.18333° ჩ. გ. 44.23333° ა. გ. / 43.18333; 44.23333
მეთაური ვიაჩესლავ ბიტაროვი
პარლამენტის
თავმჯდომარე
ალექსეი მაჩნევი
დაარსდა 9 ნოემბერი, 1993
ფართობი 7987 კმ²
ოფიციალური ენა რუსული, ოსური
მოსახლეობა 693 098 კაცი (2021)
სიმჭიდროვე 86,78 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
საავტომობილო კოდი 15
ოფიციალური საიტი alania.gov.ru
რუსეთის ფედერაციის
სუბიექტის კოდი
15
ჩრდილოეთი ოსეთი — რუსეთი
ჩრდილოეთი ოსეთი

ჩრდილოეთი ოსეთის რესპუბლიკა — ალანია (რუს. Республика Северная Осетия–Алания; ინგლ. The republic of North Ossetia; ოს. Республикæ Цæгат Ирыстон) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის შემადგენლობაში. მოიცავს დაახლოებით რვა ათას კვადრატულ კილომეტრს. დედაქალაქი - ვლადიკავკაზი. შეიქმნა 1924 წლის 7 ივლისს.

რესპუბლიკის დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ოსებს რუსეთის ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ ავტონომიური ოლქი 1924 წელს შეუქნა, რომელიც 1936 წლის 5 დეკემბერს ავტონომიურ რესპუბლიკად გარდაიქმნა.

ჩრდილოეთი ოსეთის რესპუბლიკა — ალანია არის რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ნაწილი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში და აქვს საკუთარი კონსტიტუცია და კანონმდებლობა. საკანონმდებლო ორგანო აირჩევა 5 წლის ვადით და შედგება 70 დეპუტატისგან.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის 1 საქალაქო ოლქი (ქალაქი ვლადიკავკაზი) და 8 მუნიციპალიტეტი (რაიონი): ალაგირი, არდონი, დიგორა, ირაფი, კიროვი, მოზდოკი, პრავობერეჟნი, პრიგოროდნი.

რესპუბლიკის სახელმწიფო ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთი ოსეთის რესპუბლიკა — ალანიის ოფიციალური ენებია ოსური (ირონული და დიგორული დიალექტები) და რუსული ენა.

ოსური ენა მიეკუთვნება ინდოევროპული ენათა ოჯახის ირანულენოვან ქვეჯგუფს. ოსურ ენას ორი დიალექტი აქვს დიგორული და ირონული. ოსური ენა უდამწერლო ენა იყო. დღეს, მათი დამწერლობა რუსული გრაფიკის (კირილიცა) საფუძველზეა შექმნილი. პირველი ოსური ანბანი ქართულ გრაფიკას ეფუძნებოდა. ქართულ გრაფიკაზე დაფუძნებული ანბანის ავტორი იოანე იალღუზიძე (1775-1830) იყო. რუსულ ასოებზე დაფუძნებული ოსური ანბანი პირველად რუსმა მეცნიერმა ანდრია შეგრენმა შეადგინა.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით 2013 წელს მოსახლეობის რაოდენობამ 706 123 სული შეადგინა. აქედან, ქალაქის მოსახლეობას 451 403 ადამიანი შეადგენს, სოფლად მცხოვრებთა რიცხვი - 254 720 ადამიანია. მოსახლეობის რაოდენობრივი მაჩვენებლით ლიდერობს დედაქალაქი-ვლადიკავკაზი. მოსახლეობის სიმჭიდროვე 88,41 კაცი 1 კვ.კმ-ზე.

ეთნიკური უმცირესობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა — ალანია ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი და მულტიეთნიკური სუბიექტია რუსეთის ფედერაციაში. 2012 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების მიხედვით რესპუბლიკაში ასამდე ეროვნების წარმომადგენელი ცხოვრობს. მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ოსეთში მცხოვრებ ხალხებს შორის უმრავლესობას ოსები წარმოადგენენ. რაოდენობრივი მონაცემებით მეორე ადგილზე რუსები არიან, მესამე ადგილს ინგუშები იკავებენ. მონაცემების მიხედვით, მიგრაციის საშუალო მაჩვენებელი არ აღემატება დადგენილ დონეს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ჩრდილო-ცენტრალურ კავკასიაში, კვავკასიონის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს. რესპუბლიკას სამხრეთით საქართველო ესაზღვრება, ჩრდილოეთით — სტავროპოლის მხარე, ჩრდილო-აღმოსავლეთით — ჩეჩნეთი, აღმოსავლეთით — ინგუშეთი, დასავლეთით — ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა. რესპუბლიკის ჩრდილოეთი ნაწილი მდებარეობს სტავროპოლის დაბლობზე. ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორის 22 % ტყით არის დაფარული.

ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მსხვილი ქალაქებია: არდონი, ალაგირი, დიგორა, ბესლანი, მოზდოკი, ვლადიკავკაზი.

მდინარეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესპუბლიკის ყველა მდინარე და შენაკადი მდინარე თერგის აუზს ეკუთვნის. ძირითადი მდინარეებია:

  • თერგი (623 კმ.)
  • ურუხი (104 კმ.) — მდინარე თერგის მარცხენა შენაკადი
  • არდონი (102 კმ.) — მდინარე თერგის მარცხენა შენაკადი
  • გიზელდონი (81 კმ.) — მდინარე არდონის მარცხენა შენეკადი, მდინარე თეგრის მარცხენა შენაკადადაც მოიხსენიებენ.
  • სუნჯა (278 კმ.) — მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადი.

მთები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში 202 სახელდებული მთაა. უმაღლესი მწვერვალია მყინვარწვერი (ყაზბეგი) - 5054 მ.

ბუნებრივი რესურსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ოსეთი ბუნებრივი რესურსებით მდიდარი და რესურსთა მრავალფეროვნებით გამორჩეული მხარეა. რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოიპოვება ისეთი აალებადი ბუნებრივი რესურსები, როგორიცაა ნავთობი და გაზი. მთიან ნაწილში გვხვდება გრანიტის საბადოები. აგრეთვე, მოიპოვებენ მარმარილოსა და კირქვას. გვხვდება მნიშვნელოვანი ნედლეულები შუშის, აგურის თუ ცემენტის წარმოებისთვის. რესპუბლიკაში არის ტყვია-თუთიის საბადოები.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა მდებარეობს სუბტროპიკულ გეოგრაფიულ ზონაში. კლიმატი ხასიათდება ზამთრისა და ზაფხულის პერიოდებად (ზაფხული - 130-140 დღეა, ზამთარი - 100-120 დღე), რაც ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

ტერმინები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსების თვითსახელწოდებაა ირონ, დიგორონ. ოსებს XX საუკუნემდე ერთიანი ენდოეთნონიმი არ ჰქონიათ. აღმოსავლეთ ოსეთის სამ ხეობაში მცხოვრები ოსები თავიანთ თავს „ირონს“ უწოდებდნენ, ხოლო დასავლეთში, დიგორის ხეობაში მცხოვრებნი — „დიგორონს“. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ერთიანი თვითსახელწოდების არარსებობის მიუხედავად, ჩრდილოეთ კავკასიის ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებ ამ ირანულენოვან ხალხს ერთიანი თვითშეგნება და საერთო იდენტობა აქვთ. მეზობელი ხალხებიც ოსური ეთნოსის ამ ორ ნაწილს სხვადასხვა ხალხად არ აღიქვამენ. ეთნონიმი „ოსი“ და „ოსეთი“ რუსულ ენასა და სხვა ხალხებში ქართველებიდან გავრცელდა. ამ ეგზოეთნონიმს ოსები არ იცნობდნენ.

ქართულ ისტორიულ წყაროებსა და დოკუმენტებში სახელდება „ოსეთი“, „ოვსეთი“. რუსულ წყაროებში „იასებად“ იხსენებიან. მონღოლების შემოსევებმდე მათ ქვეყანას ალანიას, ხალხს კი ალანებს უწოდებდნენ.

კავკასიის ხალხებში ოსების აღმნიშვნელი ეგზოეთნონიმებია: ყაბარდოელები მათ უწოდებენ — „ქუეშხეს“, აბაზები — „ასატინს“, აფხაზები — „აუაპს“, ყარაჩაელები — „ტეგეილი“ ან „დიუგერლი“, ბალყარელები — „დიუგერლი“, ინგუშები და ჩეჩნები — „ხირი“, ხუნძები — „ხირიოლ“, ეთნონიმები „ალანი“ და „ასი“ სხვა ხალხთა ეთნონიმებშიც აისახა. ალანებს დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა დღევანდელ ყარაჩაელებს უწოდებს, თვით ოსები კი „ასიაგს“ („ასინს“) ბალყარელებს უწოდებენ. აგრეთვე, საყურადღებოა ოსი მეცნიერის ვასილ აბაევის მოსაზრება ეთნონიმების დიგორის, თუალის, ირონის შესახებ, მისი აზრით, აღნიშნული ტერმინები ირანულ ეთნოლინგვისტურ გარემოს კი არ უკავშირდებიან, არამედ კავკასიურ ენათა სუბსტრატს წარმოადგენენ, რაც გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ სატომო სახელწოდებანი-დიგორი, ირონი, თუალი არ აიხსნება ირანულით და მომდინარეობს ოსებამდელი მოსახლობის თვითსახელწოდებებიდან, რომლებიც ირანიზაციის შემდეგ შენარჩუნდნენ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში ოსები ინდოევროპული სკვით-სარმატების ჩამომავლებად არიან მიჩნეული, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიაში ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში გამოჩნდნენ. ენციკლოპედიაში მოცემული ოსთა გენეზისი არ იძლევა ნათელ სურათს და არ განმარტავს ოსთა წარმომავლობას. სკვითებისა და კიმერიელების შთამომავლად ოსების დასახელება ისტორიის დაძველების მცდელობის შთაბეჭდილებას ტოვებს.

სკვითების წარმოშობა-სადაურობა ნათელი არაა. აგრეთვე, საკითხს ისიც ართულებს, რომ სკვითების სახით გაერთიანდნენ სხვადასხვა ტომები, როგორც ირანულენოვნები, ისე კავკასიელები. ამ გაერთიანებაში წამყვანი, დომინანტი ძალა სკვითები იყვნენ, შესაბამისად სახელწოდება „სკვითმა“ სხვადასხვა ტომთა სახელებიც გადაფარა. ასევე მოხდა სკვითების შემდეგ შემოჭრილ, ასევე ირანულენოვან სარმატების შემთხვევაშიც. სარმატებმა აორსების პოლიტიკური გაერთიანება შექმნეს, ადგილობრივებმა – სირაკების. სირაკებმა დაიკავეს ჩრდილო კავკასიის ბარი აზოვის ზღვიდან თერგ-სუჯის შესართავამდე. მათაგან აღმოსავლეთით კი, მდინარე სულაყამდე აორსები განლაგდნენ.

ისტორიკოსი გერონტი გასვიანი აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„მკვლევარებს მიჩნიათ რომ აორსებისგან მომდინარეობენ ალანები, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში დაწინაურნენ და რომელთა მემკვიდრეს თითქოს ოსები შედგენენ. ვფიქრობთ რომ ოსები ალანთა გაერთიანების მხოლოდ ნაწილს წარმოადგენდნენ. ალანების საერთო სახელით გაერთიანებული იყო არაერთი ტომი, სახელდობრ სარმატებიც, რომლებიც ასევე სხვადასხვა ხალხებს გულისხმობს. ალანებმა ყველა მათგანზე თავისი სახელი გაავრცელეს. ამგვარად ალანიც ისეთივე საერთო სახელწოდებაა, როგორც სარმატი, რომლებშიც ეთნიკურად გაუმიჯნავი და ჩამოუყალიბებელი სხვადასხვა ხალხი იგულისხმება“

არაერთი მკვლევარი აღნიშნავს იმას რომ ჩრდილო კავკასიის მოსახლოება ანტიკურ ეპოქაში (ძვ. წ. V საუკუნიდან ახ. წ. V საუკუნეებამდე) არ იყო ჩამოყალიბებული მკაფიო ეთნოსებად. კავკასიის ჩრდილო-დასაველეთი (დონის ქვემო დინებამდე) ადიღე - ჩერქეზთა წინაპრებს ეკავათ, ჩრდილო კავკასიის ცენტრალურ ნაწილში ვაინახების წინაპრებად მიჩნეული ხალხი სახლობდა. ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში, ანუ დღევანდელ დაღესტანში კი დაღესტნელი ხალხის უშუალო წიპარები სახლობდნენ. მათ გარდა ძველი და ახალი წელთაღრიცხვების მიჯნაზე მრავლად შემოდიან ირანულენოვანი ტომები, რომელთანც სკვითურ მასაში აერთიანებენ, სკვით-სარმატებს მიაკუთვნებენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ისინი ძვ. წ. VIII საუკუნეში შემოვიდნენ. სწორედ ამ მრავლად შემოსულ ტომებს შორის იყვნენ ალანებიც, რომლებიც ბერძნულ-რომაული წყაროების მიხედვით, ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში გაძლიერდნენ, შექმნეს ალანური გაერთიანება და ხელთ იგდეს აბოირიგენთა კუთვნილი ტერიტორიები. ჩრდილო კავკასიიის ველების მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავეს. ამ ალანურ გაერთიანებაში, როგორც ზემოთ ითქვა მარტო ოსები არ შედიოდნენ.

ოსების ეთნოგენეზი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამედროვე ისტორიოგრაფიაში აღიარებულია, რომ ოსთა წინაპარი ირანულენოვანი მოსახლეობა ალანების სახელს ატარებდა, რაც იმაშიც გამოიხატა, რომ რუსეთის ფედერაციის ავტონომიურ-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს - ჩრდილოეთ ოსეთს დამატებით „ალანიაც“ უწოდეს, თუმცა საყურადღებოა, რომ ოსებისთვის ეთნონიმი „ალანი“ უცნობი იყო. ოსების თვითსახელწოდებაა აირონ. საისტორიო წყაროებში დღევანდელ ოსთა სავარაუდო წინაპრებად ირანულენოვანი ხალხები: ალანები, სარმატები, აორსები და რიქსოლანები არიან მოხსენიებულნი. აღსანიშნავია, რომ ცნებები ალანი და ოსი იდენტური არაა. ალანურ გაერთიანებაში მხოლოდ ოსები არ შედიოდნენ. აღიარებულია, რომ ალანები მომთაბარე ტომთა დიდ ჯგუფს წარმოადგენდნენ. სამეცნიერო ლიტერატურაში აგრეთვე, აღნიშნულია, რომ ოსები ალანების პირდაპირი და შთამომავლები არ არიან და რომ ოსური ეთნოსი ჩრდილოეთ კავკასიის მთებში XVIII საუკუნის შემდეგ ადგილობრივ კავკასიელებთან შერევის შედეგად ჩამოყალიბდა.

ირანულენოვანი ალანების, რომლებიც ოსთა ერთ-ერთი წინაპრებად მიიჩნევიან, ეთნოგენეზი შუა აზიის ტერიტორიაზე მოხდა. მათი თავდაპირველი განსახლების არეალად მიჩნეულია ტერიტორია ჰინდიყუშიდან და ჰიმალაიდან მდინარე ვოლგამდე. წყაროებში მოხსენიებული „ალანთა მთები“ იგივე სამხრეთ ურალის მუგოჯორის მთებია თანამედროვე ყაზახეთის ტერიტორიაზე. ხოლო, აორსები, წყაროების მიხედვით, ალანებისგან სამხრეთით სირდარიასთან ლოკალიზდებიან. ალანთა მომთაბარე ტომები პირველად ძვ. წ. II საუკუნეში ხანის დინასტიის ჩინურ ანალებში არიან მოხსენიებულნი. ჩინური წყაროების თვალსაწიერი კასპის ზღვის აღმოსავლეთ მონაკვეთს არ სცილდება. პირველი საუკუნიდან ალანები კლასიკური ავტორების წყაროებში იხსენიებიან, მას შემდეგ, რაც მათ ევრაზიის სივრცის ევროპულ მოინაკვეთში დაიწყეს მომთაბარეობა და გამოცალკევდნენ აზიელი ალანებისგან. ახალ წელთაღრიცხვაში ისინი მომთაბარეობას იწყებენ დღევანდელი სამხრეთ რუსეთისა და უკრაინის სტეპებში. IV საუკუნის 70-იან წლებში ალანების სამომთაბარეო არეალს (კასპის ზღვის ჩრდილოეთ მონაკვეთიდან აზოვის ზღვამდე) ჰუნები შემოესივნენ.

ჰუნებმა ალანები აამოძრავეს, რის შემდეგაც დგება გარდამტეხი მომენტი. ალანთა ნაწილი, ჰუნებისა და სხვადასხვა გერმანულ ტომებთან ერთად, სათარეშოდ მიდის, ნაწილი სამომთაბარეო არეალს დუნაიმდე იფართოვებს და ნაწილი ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობში სახლდება და ქმნის სახელმწიფოებრივ წარმონაქმნს. ჰუნების შემოსევების შემდეგ, ალანები არა მარტო ჩრდილოეთ კავკასიის დაბლობში სახლდებიან არამედ ჰუნების ნაწილთან-სავიარებთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიის მთაში, იალბუზის მიდამოებშიც. აქ ალანებს უშუალოდ ქართველი მთიელები-სვანები და აფხაზები ესაზღვრებიან.

ჩრდილოეთ კავკასიის ველებზე მცხოვრები ალანები ადრე შუა საუკუნეებში თურქულენოვანი ხაზარებისა და ყივჩაღების მეზობლები იყვნენ, მკვიდრობდნენ ყირიმშიც. მონღოლთ შემოსევებამდე ემეზობლებოდნენ ყირიმსა და შავი ზღვის ჩრდილოეთ მონაკვეთში მცხოვრებ გუთებსაც. ადრე შუა საუკუნეებში ალანები ზამთრობით მეოტიის ანუ აზოვის ზღვის სანაპიროებში ბინადრობდნენ. მონღოლების შემოსევებამდე ჩრდილოეთით-ყოვჩაღები, სამხრეთით კი ჩერქეზები ესაზღვრებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ყივჩაღების იმდროინდელი საცხოვრებელი ტერიტორია I-IV საუკუნეში ალანების საცხოვრებელი (ჰუნთა შემოსევებამდე) მიწა-წყალი იყო. ალან-ოსთა ცხოვრებაში მეორე გარდამტეხი მომენტი მონღოლების შემოსევების შემდეგ იწყება. მონღოლებმა დაამარცხეს ალან-ოსები და ყივჩაღები. იცვლება ორივე ეთნოსის განსახლების არეალი.

ალან-ოსების ძირითადი ნაწილის კავკასიის მთიან ხეობებში შემოსახლება XIV-XV საუკუნეებში განხორციელდა (დიგორელები არ იგულისხმებიან, რადგან ისინი VI-VII საუკუნეებში მთაში შემოსული ალანების შთამომავალნი არიან). ამის შემდეგ ბარის მკვიდრნი, „სტეპნიაკი“ ალან-ოსები მთიელებად იქცნენ; აითვისეს ადგილობრივ მთიელთა-აბორიგენ კავკასიელთა ტერიტორია, შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას (კავკასიელებს), ნაწილობრივ მონღოლური მოდგმის ნოღაელებს, რის შემდეგაც, ფაქტობრივად, ახალი ეთნოსი ჩამოყალიბდა. განხორციელებული ეთოგენეტიკური თუ ასიმილაციის პროცესების შედაგად, გაჩნდა ახალი ეთნოსი, რომელშიც იდენტური ირანული ჯგუფის ალანური (ოსური) ენა გახდა, ხოლო ეთნიკური კულტურის სფეროში-ადგილობრივი კავკასიური. ეთნოგენეტიკური პროცესები კავკასიის მთებში დასახლების შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ამის დამადსტურებელია მათ მიერ XVI-XVII საუკუნეებში ქართველი მთიელების - დვალების ასიმილაცია. დვალეთის ზახის ხეობაში ეს პროცესი მოგვიანებითაც კი არ იყო დამთავრებული.

აგუსტი ალემანის ცნობით, ყველა წყაროს თანახმად ალანთა ეთნოგენეზი კავკასიიდან ძალიან შორს მოხდა და ჰუნთა შემოსევებამდე მათი განსახლების არეალი მხოლოდ ევრაზიის ვრცელი სტეპები იყო, შემდეგ კი ჩრდილოეთ კავკასიის ველები.

ახალი გამოკვლევების მიხედვით, ადრეული ალანები და ასები სრულიად განსხვავებული ხალხები იყვნენ, ალანური ეთნოსის ჩამოყალიბების როგორც განვითარების აზიურ, ასევე ევროპულ ეტაპზე.

XVIII-XIX საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსულ სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ რუსულ-ოსური ურთიერთობები XVIII ს. შუა ხანებიდან განმტკიცდა. ოსთა უმრავლესობა, რუსეთს ქვეშევრდომობის თხოვნით მიმართავდა. აღმოსავლეთ ოსეთის უხუცესებს 1770 წლის დასაწყისში ასეთი თხოვნით ყიზლარის კომენდანტისათვის მიუმართავთ. ოსეთის რუსეთთან შეერთების პროცესი ქუჩუკ-კაინარჯის ზავის დადების შედეგად დაიწყო. ცნობილია, რომ აღნიშნუჯლი ზავით რუსეთმა ყაბარდო შეიერთა. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ოსეთი ნახსენები არ იყო, რადგან იმ დროს ასეთი, ქვეყანა, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტი არ არსებობდა, თუმცა რუსულ ისტორიოგრაფიაში 1774 წელი მაინც ოსთა რუსებთან შეერთების წლადაა მიჩნეული. 1774 წლის ოქტომბერში ოსი ხალხის სურვილით ციხე-სიმაგრე მოზდოკში დაიწყო მოლაპარაკებები ასტრახანის გუბერნატორსა და ოცკაციან ოსურ დელეგაციას შორის. მხარეებმა მოლაპარაკების დროს შეთანხმებას მიაღწიეს შემდეგ საკითხებში: ოსების ცენტრალური კავკასიის მთისწინა ველებში ჩასახლება. ოსებით დასახლებული ტერიტორიების რუსეთის მიწებთან შეერთება, მეზობელი ფეოდალების თავდასხმებისაგან დასაცავად სამხედრო სიმაგრეებისა და ფოპოსტების შექმნა. ოსების ძირითადი მიზანი ჩრდილოეთ კავკასიის მთისწინა ველებზე სამოსახლო ადგილების მოპოვება იყო. აღნიშნულ მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიუღია დასავლეთ ოსეთს (დიგორელ ოსებს). ჩრდილოეთით გადასახლების დაწყებამდე XVIII საუკუნის ბოლოს ოსთა განსახლების მიჯნები იყო დიგორიის, ალაგირის, ქურთათისა და თაგურის ხეობის გასასვლელები, რითაც სინი ყაბარდოელებს ესაზღვრებოდნენ.

XIX საუკუნე მთიანი ხეობებიდან ბარში ოსთა ინტენსიური და ჯგუფური გადასახლების პერიოდია. XIX საუკუნის 20-იან წლებში ოსთა დასახლებები ვლადიკავკაზის დაბლობზე ჩნდება. ახლადწარმოქმნილ ოსურ სოფლებში ძირითადად ირონელი ოსები სახლდებოდნენ.

ოსები საქართველოში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსები საქართველოში VII-VIII საუკუნეებში არ სახლობდნენ. საყურადღებოა, რომ XIII საუკუნეში ოსებმა მხოლოდ ჩრდილო კავკასიის მთიან ხეობებში დაიწყეს შესვლა და აღნიშნული მიგრაციული პროცსესები XV საუკუნის დასაწყისში დასრულდა. ამ პერიოდში ოსების ერთმა ჯგუფმა მონღოლთა რაზმების დახმარებით სცადა შიდა ქართლის ტერიტორიაზე დასახლება, თუმცა მეფე გიორგი V ბრწყინვალემ (1314-1346) ოსებისგან გაათავისუფლა შიდა ქართლი და მას შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს მესვეურებმა დიდი ხნით მტკიცედ ჩაკეტეს ოსეთის ხეობებიდან საქართველოში შემოსასვლელი ორივე კარი: დარიალი და კასრის კარი, რითაც საქართველოში ოსთა მიგრაციის პროცესი შეაჩერეს.

კავკასიის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარე ისტორიული საქართველოს პროვინციაში - დვალეთში XV საუკუნის ბოლოს ოსების ჩამოსახლება იწყება. ეს პროცესი XVI საუკუნეში მიმდირეობდა და XVII საუკუნეში ადგილობრივი დვალების ოსებთან ასიმილაციით დასრულდა.

XVIII საუკუნისთვის ნარ-მამისონის ქვაბულში, ისტორიულ დვალეთში განსახლებული ოსური გვარები ძირითადად ალაგირის ხეობიდან იყვნენ გადმოსახლებულნი.

დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ოსთა ძირითადი დასახლებები ჩნდება თრუსოსა (მდინარე თერგის სათავე) და მაღრან-დვალეთში (მდინარე დიდი ლიახვის სათავე).

XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან შიდა ქართლის მთიანეთში მდინარეების დიდი და პატარა ლიახვის ზემო წელში ოსთა მიგრაცია მიმდინარეობს. XVIII საუკუნის ბოლოსა და XIX საუკუნის დასაწყისში შიდა ქართლის მთისწინეთის სოლებში (ნასოფლარებში) ოსები იწყებენ ჩასახლებას.

XVIII საუკუნის ბოლოსათვის ოსთა განსახლების უკიდურესი პუნქტები სამხრეთით იყო (დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით): კუდარო, გუფთა, აწერისხევის ხეობის ზემოთ მეჯუდის ხეობის სათავეში ორი სოფელი- ჟამური და ღუდა, თრუსო. მე-18 საუკუნის ბოლოსთვის ოსები სახლობდნენ მდინარე ჯეჯორის სათავესთან რაჭაში, მდინარე დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში, ქსნის ხეობის სათავეში, მდ. თეთრი არაგვის ხეობის მთიულეთსა და მდ. თერგის სათავესთან. ამ პერიოდში ოსები საერთოდ არ იყვნენ ლეხურას ხეობასა და მეჯუდას ხეობაში (სათავის გამოკლებით) ქსნის ხეობის მთიანეთის დიდ ნაწილში, ფრონეების ხეობაში.

ოსების საქართველოს ტერიტორიაზე განსახლება უმეტესად დვალეთის გზით ხორციელდებოდა. XIX საუკუნის 80-იან წლებში ჩნდება თითო-ოროლა ოსური ოჯახი შიდა ქართლის გაღმამხარეში, მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ოსები დღევანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტში გუჯარეთის ხეობაში იწყებენ დასახლებას. ხოლო კახეთსა და ქვემო ქართლში ოსები შიდა ქართლის მთიანეთიდან XX საუკუნის დასაწყისში გადასახლდნენ.

საქართველოში მცხოვრებ ოსთა ეთნიკურ-ენობრივი სიტუაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVII-XVIII საუკუნეებში მოსული და საქართველოში დასახლებული ოსები ქართული სახელმწიფოს სრულუფლებიანი მოქალაქეები ხდებოდნენ და მათმა დიდმა უმრავლესობამ იცოდა საქართველოს სახელმწიფო ენა - ქართული ენა. აგრეთვე, მიმდინარეობდა ასიმილაციისა და ქართველიზაციის პროცესები. კომპაქტურად დასახლებული ოსების მნიშვნელოვანი ნაწილი ორენოვანი იყო. ისინი მშობლიურ ენასთან ერთად თავისუფლად ფლობდნენ ქართულ ენას. საქართველოს მთიანეთში დასახლებულ ოსებს სჭირდებოდათ ბარის საქართველოსთან ურთიერთობა. ორმხრივი სამეურნეო კავშირები განაპირობებდა ოსთა მიერ სახელმწიფო ქართული ენის შესწავლის სურვილს. ამავე დროს, შეხვდებოდით არაერთ ქართველს, რომლებიც ოსების საკონტაქტო ზოლში ცხოვრობდნენ და ფლობდნენ ოსურ ენას. ეთნოლოგიური მასალებით დადასტურებულია ოსი ბავშვების ქართულ სოფლებში მიბარების შემთხვევები ქართული ენის შესწავლის მიზნით, რაც ძირითადად ხორციელდებოდა უძველესი კავკასიური წეს-ჩვეულების ნათელმირონობისა და დანათესავების საშუალებით.

XIX საუკუნეში ქართული პრესა დიდ ყურადღებას აქცევდა ოსურ ენას. აღნიშნულ თემაზე წერდნენ ს. მგალობლიშვილი და ნ. თადეოზიშვილის სტატიებს. თადაოზიშვილის სტატიები გაზეთ „დროებაში“ ქვეყნდებოდა. ოსური ენისადმი დიდ ინტერესს იჩენდა გაზეთი „ცნობის ფურცელიც“.

ქალაქ ცხინვალში არსებულ პედაგოგიურ ინსტიტუტში (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ქ. ცხინვალის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი) განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ოსური ენისა და ლიტერატურის შესწავლას. მომზადდა „ოსური ენის განმარტებითი ლექსიკონი“. ცხინვალში ფუნქციონირებდა და ფუნქციონირებს სახელმწიფო ოსური თეატრი. ოსურ ენაზე გამოდიოდა ჟურნალ-გაზეთები და მიმდინარეობდა რადიო მაუწყებლობა. საქართველოში 1990-1991 წლებში 97 ოსური სკოლა ფუნქციონირებდა, აქედან 90 ე. წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე.

XX საუკუნეში ქართველმა მეცნიერებმა მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს ოსური ენის შესწავლის საქმეში. ოსური ენის აკადემიური გრამატიკის ორტომეული გიორგი ახვლედიანის რედაქტორობით გამოიცა.

ოსთა საქართველოში მიგრაციისა და დასახლების შემდეგ მათ ენობრივ ვითარებას/ სიტუაციას 3 პერიოდად ყოფენ:

  1. პირველი პერიოდი მოიცავს ოსთა საქართველოს სახელმწიფოებრიობის პირობებში ცხოვრებას. ამ პერიოდში, ოსები საქართველოს სახელმწიფოს მოქალაქეებად მიიჩნევდნენ თავს, პატივს სცემდნენ საქართველოს სახელმწიფო ენას და ფლობდნენ ქართულ ენას. ყოველივე ამას ბევრად განაპირობებდა ქართველ ხალხთან ოსების სამეურნეო-ეკონომიკური და ნათესაური კავშირები.
  2. XIX საუკუნედან საქართველოს რუსეთის კოლონიად გადაქცევის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა ქართული ენის ოსებისათვის მეორე ენად რუსულის ჩანაცვლებას. XIX საუკუნე და განსაკუთრებით მისი მეორე ნახევარი იყო ბევრი ოსისათვის რუსულ ენაზე გადასვლის დაწყების პერიოდი.
  3. მესამე პერიოდი უკავშირდება საბჭოთა პერიოდს, როდესაც ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მოახერხა ოსების ქართველებისგან გაუცხოება. რუსულ ენაზე ტოტალური სწავლების პირობებში ოსური ეთნოსის წარმომადგენლების მნიშვნელოვანი ნაწილი აღარ ფლობდა ქართულ ენას.

ტერიტორიული კონფლიქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერიტორიულ კონფლიქტებს შორის შეგვიძლია გამოვყოთ ქართულ-ოსური კონფლიქტი და ინგუშურ-ოსური პრიგოროდნის რაიონის კონფლიქტები.

XVIII საუკუნის დასასრულს დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე 2 180 კომლი (15 000-მდე მოსახლე) ოსი ცხოვრობდა. თითქმის ორი საუკუნის შემდეგ, 1979 წელს ბუნებრივი მატების შედეგად საქართველოში ოსთა რაოდენობამ 160 ათასს მიაღწია. საქართველომ 1918-1921 წლებში რუსეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა და აღიდგინა სახელმწიფოებრივობა. ამ პერიოდში ბოლშევიკური რუსეთისგან ისპირირებული ოსური სეპარატისტული მოძრაობა იწყება.

1922 წელს საქართველოში ბოლშევიკმა ხელისუფლებამ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი ჩამოაყალიბეს. ე.წ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი საქართველოს ისტორიული ყოფილი შიდა ქართლის ფეოდალური ერთეულების ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა. ოლქის ცენტრად ცხინვალი გამოცხადდა, როდესაც 1886 წლის საოჯახო სიებით ქალაქ ცხინვალში არცერთი ოსი ოჯახი არ ცხოვრობდა. XIX-XX საუკუნეების მანძილზე საქართველოში ოსთა პროცენტული მაჩვენებელი 3 %-დან 4 %-მდე მერყეობდა.

სამხრეთ ოსეთის სტატუსის ფორმირებასთან დაკავშირებით, 1925-1927 წლებში განიხილებოდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების იდეა. თუმცა, 80-იანი წლების მიწურულამდე, როდესაც სსრკ-ს დაშლის ნიშნები გაჩნდა, აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში არ დამდგარა. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „სამხრეთ ოსეთი“ ხელოვნურად არის შექმნილი, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთის გაერთიანების იდეა ეფუძნება სეპარატიზმს. ქართულ-ოსურ კონფლიქტს სამეცნიერო ლიტერატურაში მოიხსენიებენ ქართულ-რუსულ კონფლიქტადაც, რაც კონფლიქტში მესამე ძალის არსებობას მიუთითებს. აგრეთვე, „ორი ოსეთის გაერთიანებას“ მიიჩნევენ განუხორციელებელ იდეად, რადგან მათ შორის სხვაობა უფრო მეტია, ვიდრე მსგავსება.

ოსებსა და ინგუშებს შორის ტერიტორიულ დავას ხანგრძლივი ისტორია აქვს და ვლადიკავკაზის მოსაზღვრე პრიგოროდნის რაიონს უკავშირდება. 1924 წელს კრემლში მთიელთა ავტონომიური რესპუბლიკის გაუქმების შემდეგ, მისი ტერიტორია ეროვნული ნიშნით ორ ოლქად გაიყო: ჩრდილოეთ ოსეთისა და ინგუშეთის ავტონომიურ ოლქებად, რაც შეეხება ქალაქ ვლადიკავკაზსა და გროზნოს, ისინი ცალკე ადმინისტრციულ ერთეულებად გარდაიქმნენ. ამავდროულად, ვლადიკავკაზი ოსეთისა და ინგუშეთის საერთო ადმინისტრაციულ ცენტრად დარჩა.

1934 წლის იანვარში სსრკ ხელისუფლებამ ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ავტონომიური ოლქები გააერთიანა და ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური ოლქი ჩამოაყალიბა. 1936 წლის კონსტიტუციით, აღნიშნული ოლქი ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიურ დაბჭოთა სოცილისტურ რესპუბლიკად გარდაიქმნა.

პრიგოროდნის რაიონი ჩეჩნეთ-ინგუშეთის რესპუბლიკას არ დაუბრუნდა. ის ჩრდილოეთ ოსეთის მმართველობის ქვეშ დარჩა. თუმცა, ინგუშური მხარე პრიგოროდნის რაიონს ყოველთვის თავის ისტორიულ ტერიტოროიულ ნაწილად განიხილავდა. 1992 წელს ჩრდილოეთ ოსეთსა და ინგუშეთს შორის პრიგოროდნის რაიონთან დაკავშირებით გამწვავებულმა უთანხმოებამ მხარეები სისხლიან კონფლიქტამდე მიიყვანა. აღნიშნული კონფლიქტი გაყინულ კონფლიქტად რჩება და იურიდიული საზღვარი დღემდე არ არის დადგენილი.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთაში ოსები ძირითადად გვარების მიხედვით იყვნენ დასახლებულნი. ოსეთის საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრს, ჩვეულებრივ, სოფლის მოედანი წარმოადგენდა, რომელსაც ოსები „ნიხასს“ უწოდებდნენ. აქ წყდებოდა ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. მთიან ოსეთში კოშკური არქიტექტურის ნიმუშებს ვხვდებით.

საბრძოლო კოშკები ოსეთში მაღალი არ იყო და მათი ოთხკუთხოვანი კედლები, ჩვეულებრივ სწორი გადახურვისა იყო. ოსები არცერთ კოშკს ოსების აშენებულად არ თვლიდნენ, გადმოცემით ისინი ადრინდელი მოსახლეობის აშენებული იყო. კოშკების ამშენებლები ადგილობრივი კავკასიელები იყვნენ, რომელთა ნასახლარზეც ალან-ოსები დაფუძდნენ. ოსების ძირითადი ნაწილი ქვის სახლეში ცხოვრობდა. თითქმის ყველა ოსურ სოფელში წარმართული სალოცავი არსებობდა, რომელსაც ისინი „ძუარს“ უწოდებდნენ.

ოსთა კულტურულ ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში ნაციონალური ლიტერატურის ჩასახვას, რომლის ფუძემდებელია კოსტა ხეთაგუროვი (1859-1906).

აღმსარებლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთაში მცხოვრები ოსები ძირითადად წარმართული სინკრეტული სარწმუნოების მიმდევრები იყვნენ. საქართველოს სამეფო ხელისუფლება ძირითადად ითხოვდა, რომ მიგრანტებს ქრისტიანობა მიეღოთ. საეკლესიო კანონმდებლობა ქართველებს არაქრისტიან ოსზე დაქორწინების ნებას არ რთავდა.

დღეს ოსები ძირითადად ქრისტიანები არიან; გვხვდებიან მაჰმადიანებიც. მაჰამდიანობა განსაკუთრებით დიგორელ ოსებში იყო გავრცელებული. ოს ხალხში ქრისტიანობა VI-VII საუკუნეებში ჯერ ბიზანტიიდან, შემდეგ კი საქართველოდან შევიდა, თუმცა ამ სარწმუნოებამ აქ ფეხი მყარად ვერ მოიკიდა და გვიან შუა საუკუნეებში მთის ხეობებში მცხოვრებნი წარმართები იყვნენ. საქართველოს ხელისუფლება ცდილობდა მიგრირებული ოსებისათვის ქრისტიანობა მიეღებინებინა. ისლამი დასავლეთ ოსეთში ყაბარდოდან XVII-XVIII საუკუნეებში გავრცელდა. ოსებს ჰყავდათ ქრისტიანიზირებული ღვთაებები: უაც-გიორგი, უასტირჯი (წმინდა გიორგი); უაცილა — წმინდა ილია; უაცნიკოლა — წმინდა ნიკოლოზი; უაც-ტოტურ — წმინდა თევდორე და სხვ.

ოსეთში საერთოოსური სალოცავებიც („ძუარები“) იყო, სახეობო, სასოფლო და საგვარო კულტები. მაგალითად, ალაგირელთა სალოცავი იყო „რეკომი“. ამ სალოცავში არსებულ ზარზე ქართული ნუსხახუცურით შესრულებული წარწერაა. ლოცვებში ხშირად ახსენებენ „მიქალგაბრიტას“ და „თარანჯე-ლოზს“, რაც სხვა არაფერია თუ არა მიქელგაბრიელი და მთავარანგელოზი. რაც შეეხება ქურთათისა და თაგაურის ხეობებს, აქ საერთო სახევო კულტები არ ყოფილა, მხოლოდ სასოფლო სალოცავები იყო. მაგალითად, ასეთი იყო „ძიგვისი ძუარ“ წმინდა გიორგის სახელზე. ოსებმა, ისევე როგორც ქართველმა მთიელებმა, იცოდნენ სალოცავისადმი მიწის შეწირვა (უშვილო მშობლებს შვილი თუ შეეძინებოდათ, მემკვიდრის არ ყოლის შემთხვევაში, სოფლიდან გადასახლებისას).

სამეურნეო საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსთა წინაპრები, როგორც ცნობილია, მომთაბარეები იყვნენ. კავკასიაში ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლის შემდეგ მათ შეითვისეს სამეურნეო საქმიანობა. ოსების ბარში ტრადიციული საქმიანობა მიწათმოქმედებაა (მოჰყავთ ხორბალი, სიმინდი, ქერი, ფეტვი...). მთებში მიწათმოქმედებასთან ერთად მექანლეობა იყო განვითარებული (ცხვარი, თხა, მსხვილფეხა რქოსანი საქონელი). ცხვრის რძისგან ყველს ამზადებდნენ. მემთხეობა დაწინაურებული დარგი იყო. მთებში სახვნელი მიწები და სათიბები ცალკეული კომლების საკუთრებას წარმოადგენდა, რომელსაც მემკვიდრეობით გადასცემდნენ. მხოლოდ საძოვრები და ტყე იყო სოფლის საერთო სარგებლობაში. დაბლობში ხის სახვნელს „გუთონს“ უწოდებდნენ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ ეს სახვნელი ქართველებისგან ჰქონდათ შეთვისებული. ასევე, ქართველებისგან უნდა შესულიყო სამკალი იარაღი - „ლამგამ“ (ნამგალი).

ოსი ხალხის სამეურნეო საქმიანობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მსხვილეხა რქოსანი. ასევე, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მეცხენეობას. ოსთა საკვები თითქმის ისეთივეა როგორც სხვა ჩრდილო-ეთკავკასიელი მთიელებისა. იცოდნენ ღვეზელის გამოცხობა ხორცის შიგთავსით, ღვეზელი ყველის შიგთავსით („ხაბიზჯინი“). ოსებში ფართოდ იყო გავრცელებული ლუდი („ბაგანი“), რომელსაც მთაში ქერისაგან ამზადებდნენ, ბარში კი - ხორბლისა და სიმინდისაგან.

ოსური ფოლკლორი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსური ფოლკლორი მდიდარია. შეგვიძლია გამოვყოთ საკულტო პოეზია, საზღაპრო და ნართული ეპოსები, თქმულებები ცარციათებზე, შრომის პოეზია, საქორწინო, საგმირო და სამგლოვიარო პოეზიები.

ვ. მილერი ნართულ ეპოსს ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში წარმოქმნილად მიიჩნევდა, რაც მისი აზრით, იმით მტკიცდებოდა, რომ ეპოსში მრავალჯერ მოიხსენიება დიდი მდინარეები, ზღვები, სტეპები და ა.შ. ნართები თევზს დიდ მდინარეებსა და ზღვაში იჭერდნენ. ეს მასალა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ თავდაპირველად ოსები მთიელები კი არა, სტეპების მკვიდრები იყვნენ. ნართულ ეპოსში ალანების მთებში მოსახლეობის შესახებ არავითარი მონაცემი არაა. ნართები ძირითადად ირემზე ნადირობდნენ. ოსეთში გავრცელებული გარეული ცხოველები კი ეპოსში საერთოდ არ არიან ნახსენები. შინაური ცხოველიდან კი ნართებს ძალიან უყვარდათ და აფასებდნენ ყველა მომთაბარისათვის განუყოფელ ცხენს. 61 ოსთა წინაპრები რომ სტეპების მკვიდრნი იყვნენ, ამას მათი სამიწათმოქმედო კალენდარიც მოწმობს, რადგან მეცნიერთა დასკვნით, ის ბარშია ფორმირებული და არა მთაში. საკმარისია აგრეთვე ისტორიული სიმღერების დასახელებაც. ერთ-ერთი ასეთი სიმღერა თემურ-ლენგის დიგორის ხეობაში ლაშქრობას ასახავს.

მიუხედავად იმისა, რომ ოსი ხალხი, ენობრივად ირანულ-სარმატულ სამყაროს ეკუთვნის მისი ფოლკლორი თუ ლინგვისტურ ტერმინოლოგიის გამოყენებით, იბერიულ-კავკასიურ ზეპირსიტყვიერების ერთ-ერთ დიალექტად, ერთ განშტოებად მიიჩნევა. ჯერ კიდევ არ არის დადგენილი რა მოიტანეს ალანებმა კავკასიის მთებამდე და სად წარმოიშვა მათი სიამაყე ნართული ეპოსი - დონის სტეპებში თუ კავკასიის მთებში.

ტრადიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთელი ხეობის მოსახლეობა მონაწილეობდა როგორც ქორწილის, ასევე დაკრძალვის ცერემონიალის პროცესში. მთიან ოსეთში ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასაწყისამდე მიცვალებულებს აკლდამებში, ხშირად მიწისზედა აკლდამებში კრძალავდნენ. დაკრძალვის ეს ფორმა გავრცელებული იყო აგრეთვე ინგუშეთში, ჩაჩნეთში, ყარაჩაისა და ბალყარეთში. მიწისზედა აკლდამები მხოლოდ მთისათვის იყო დამახასიათებელი. ბარსა და მთისწინეთში ასეთი აკლდამები დადასტურებული არაა. მთის ბუნებრივ-გეოგრაფიულ პირობებში აკლდამაში შეტანილი მიცვალებული მუმიფიცირებას განიცდიდა. ყველა ასეთ აკლდამას აქვს ორი ან სამი საძრომი, რომლის საშუალებითაც შიგ მიცვალებული შეჰქონდათ. თითოეულ აკლდამაში მოწყობილი იყო ხის ან ქვის ტახტები, რომლებზედაც მიცვალებულებს ასვენებდნენ. აკლდამები ოსებში ძირითადად საგვარეულო იყო. აკლდამებში დაკრძალვის წესი ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ნორმებს და თავისთავად ცხადია, ქრისტიანული ეკლესია მას ებრძოდა კიდეც. აკლდამები კავკასიური წარმოშობისაა. სხვათა შორის, ოსური გადმოცემები მიწისზედა აკლდამების მშენებლობას მიაწერს სხვა ხალხს, რომელიც მათ მოსვლამდე აქ ცხოვრობდა. ოსური გადმოცემებით, ბევრი მიწისზედა აკლდამის მშენებლები ინგუშები იყვნენ. ინგუშებს აშენებინებდნენ არა მხოლოდ აკლდამებს, არამედ საბრძოლო კოშკებსაც. საგულისხმოა, რომ მთიან ოსეთში, ოსური გადმოცემებით, ზოგიერთი მიწისზედა აკლდამა ეკუთვნოდათ ნოღაელებს, რომლებსაც ოდესღაც ოსებთან ერთად აქ უცხოვრიათ. არაერთი მიცვალებულის ნოღაელობა მათი ანთროპოლოგიური ტიპით, ჩაცმულობით და აკლდამაში არსებული ჭურჭლითაც დასტურდება. ქურთათის, თაგურისა და დიგორის ხეობებში ოსებთან ერთად ნოღაელების მკვიდრობის შესახებ გადმოცემები XX ს-ის 20-იან წლებში დაუფიქსირებიათ. ბარიდან ნოღაელები ოსებთან ერთად მიგრირებულან XIV-XV საუკუნეების მიჯნაზე. მთაში შემოსახლებულმა ოსებმა (ნოღაელებთან ერთად) ადგილობრივი აკლდამური კულტურა შეითვისეს. ოსური მიწისზედა დასაკრძალავი ნაგენობები — აკლდამები ტიპურ ინგუშურ კოშკებს მოგვაგონებს თავისი პირამიდულ-საფეხურებრივი გადახურვით.

ოსური საზოგადოება რამდენიმე სოციალურ ჯგუფად იყოფოდა. ოსები გვარებად ცხოვრობდნენ. ოსური გვარების უმეტესობას საფუძვლად მამაკაცის სახელი უდევს. თითოეული გვარი („მიგგაგ“) რამდენიმე პატრონიმიის („ფიდი-ფირტ“) ერთობლიობას წარმოადგენდა. ოს მეცნიერთა ვარაუდით, ოსური გვარების წარმოქმნის დრო XVI საუკუნეა. საქართველოში ოსური გვარები პირველი მიგრანტების სახელებიდან მომდინარეობენ. არაერთი ოსური გვარის ძირი მომდინარეობს მეზობელი ხალხებიდან (ინგუშები, ბალყარელები, ქართველები). ოსებში მეორე რიგის გვარებიცაა დადასტურებული, რომლებშიც ოთხი-ხუთი და მეტი გვარია გაერთიანებული. ეს გვარები საერთო შორეული წინაპრებისაგან მომდინარეობენ. დღემდე ამ სანათესაო ჯგუფების შიგნით მკაცრად იცავენ ეგზოგამიას. ეგზოგამიის დამრღვევი მკაცრად ისჯებოდა, მისი ადგილი საზოგადოებაში ფაქტობრივად აღარ იყო. ეგზოგამია იმდენად მკაცრი იყო, რომ სხვადასხვა გვარის მატარებელნიც, რომელთაც ჰქონდათ გადმოცემა საერთო წარმომავლობის, ერთი წინაპრიდან მომდინარეობის შესახებ, ერთმანეთზე არ ქორწინდებოდნენ. მაგალითად, არ ქორწინდებოდნენ ერთმანეთზე საქართველოში მცხოვრები შემდეგი ოსური გვარების — კოკოევების და გასიევების, სანაკოევებისა და გაგლოევების წარმომადგენლები. ქორწინება იკრძალებოდა ხელოვნურად დანათესავებულებს შორისაც (მაგალითად, შეძმავებულ გვარებს შორის). ქორწინება იკრძალებოდა არა მხლოდ ერთი უბნის, არამედ ერთი სოფლის ფარგლებშიც, რაც თავდაპირველად იმით იყო განპირობებული, რომ დასახლებული პუნქტები დიდი ხნის განმავლობაში ერთი გვარის ხალხით იყო დასახლებული. შემდეგ ეს ტრადიციად იქცა. ოსურ გადმოცემებში გვაქვს მაგალითები სისხლის ამღვრევთა მკაცრად დასჯისა. ყოველი ოსურ გვარს თავისი სასაფლაო და სალოცავი („ძუარ“) ჰქონდა. ოსთა შორის გაბატონებული იყო მონოგამია. ორცოლიანობა ძალიან იშვიათობას წარმოადგენდა და ის მხოლოდ პირველი ცოლის უშვილობის შემთხვევაში იყო დაშვებული. მაგრამ ასეთ შემთხვევაში, თანხმობა არა მარტო პირველ ცოლს, არამედ მის ნათესაობასაც უნდა მიეცათ. სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ქორწინების დროს აუცილებელი იყო საპატარძლოს თანხმობა. ამავე დროს, თანხმობა უნდა მიეცათ დედას, ძმებს და ბოლოს, დედის ძმას. ოსებში შემორჩენილი იყო ბევრი ძველი ინსტიტუტი, რომელთა შორის მესისხლეობა შეიძლება დავასახელოთ, რომელშიც არა მხოლოდ ახლო, არამედ, შორეული ნათესავებიც იყვნენ ჩართული. მესისხლეობას წარმოშობდა ღირსების შელახვა, ქალის მოტაცება, დავა მიწის ირგვლივ და ა. შ. შერიგება მთავრდებოდა დამნაშავე მხარის მიერ დიდი რაოდენობით 60 საქონლისა და ძვირფასეულობის (იარაღი, ლუდის სახარში ქვაბი) გადახდით და ტრაპეზის მოწყობით. მ. კოსვენის აღნიშვნით, ძველ დროს მეუღლეებს დაუფარავად საერთო სარეცელი მხოლოდ წელიწადის ორ თვეს: ნოემბერსა და დეკემბერში ჰქონდათ. დანარჩენ დროს მეუღლეები ფარულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. გაბატონებული იყო უმძრახობა. მამას არასდროს არ აჰყავდა შვილი ხელში. მამა შვილს სახელით არ მიმართავდა. ოსებს სტუმართმოყვარეობის, ყონაღობის (ძმობილობის), დაძმობილების, ურთიერთდახმარების ისეთივე წეს-ჩვეულებები ჰქონდათ, როგორც კავკასიის სხვა ხალხებს. დიდი ოჯახები საბჭოთა წყობილების პირველ წლებშიც კი იყო შემორჩენილი. საქორწინო ასაკი კაცებისათვის 17-18 წლიდან იწყებოდა, ქალებისათვის — 14-16 წლიდან. დაქორწინების აუცილებელი პირობა იყო ყალიმის (ურვადის) გადახდა, რაც ხშირად ქალის მოტაცებასაც იწვევდა. ქორწილი ჩვეულებრივ, შემოდგომაზე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დამთავრების შემდეგ იმართებოდა. საქართველოში მცხოვრები ოსები ხშირად ქორწინდებოდნენ ქართველებზე, ოღონდ მიგრირებული ოსისათვის მთავარი პირობა ქრისტიანობის მიღება იყო. სოფლის მართვა ყრილობის — „ნიხასის“ ხელში იყო. „ნიხასი“ იმ ადგილის სახელიც იყო, სადაც ეს ყრილობები იმართებოდა. ნიხასი თემის ყველა სრულწლოვანი მამაკაცისაგან შედგებოდა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვან როლს უხუცესები თამაშობდნენ. სიკვდილის შესახებ ყველა ნათესავს ატყობინებდნენ. დაკრძალვა მეორე დღეს ხდებოდა. იცოდნენ ქელეხი. მიცვალებულებს სწირავდნენ ცხენს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თოფჩიშვილი რ., ეთნოისტორიული ეტიუდები, თბ., 2005
  • თოფჩიშვილი რ., კავკასიის ხალხთა ეთნოგრაფია, ეთნიკური ისტორია, ეთნიკური კულტურა, თბ., 2007
  • თოფჩიშვილი რ., ოსთა წინაპარი ალანების თავდაპირველი განსახლების არეალი, თბ., 2008
  • კვიციანი ჯ., კავკასია და კავკასიელები, თბ., 2012
  • მამისიმედაშვილი ხ., ოსური ფოლკლორი, თბ., 2015

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]