ჩოჩიშვილები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩოჩიშვილები (მხ. რ. ჩოჩიშვილი) — ქართული (დვალური) გვარი. ოსი ავტორები მას ოსურ გვარად — ცოციევი/ცოცითი (Цоциты), ჩოჩიევი/ჩოჩითი (Чочиты) — მოიხსენიებენ.[1] ოსი ჩოჩიევები ძირად დვალები არიან. დვალეთში მცხოვრებ ამ გვარს, სხვა ოსური გვარებისაგან განსხვავებით, არა აქვს გადმოცემა ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთიდან გადმოსახლების შესახებ.[2]

ჩოჩიშვილების/ჩოჩოურების და სხვა გვარების ადგილობრივი დვალური წარმომავლობის შესახებ მნიშვნელოვანი ეთნოგრაფიული მასალა დაფიქსირებული აქვს სალომე ბახია-ოქრუაშვილს:

ვიკიციტატა
„გადმოცემით, ვასილ გიოს ძე ჩოჩიევმა კარგად იცოდა, რომ დვალეთის მკვიდრი მაცხოვრებლები იყვნენ — ჩოჩითა, ჯოჯითა, ოქროთა, თაბუთა, გოგიჩათა და სხვ.“

საისტორიო საბუთებითა და ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ ქართლელი ჩოჩიშვილები უფრო ადრე ოქროპირიძის გვარს ატარებდნენ. აღსანიშნავია, რომ, ჩოჩითას გვართან ერთად, ოსური გადმოცემები „ოქროთა“ გვარსაც ასახელებენ (მამაკაცის სახელი „ოქრო“ ქართული სახელია და უწინ საქართველოში ძალიან გავრცელებული იყო).[2] ეთნოგრაფიული მასალის მიხედვით, შიდა ქართლის ჩოჩიშვილები, ჯოჯიშვილები, ოქროპირიძეები და თედელურები მონათესავე გვარებია. ხალხური გადმოცემის თანახმად, ოთხი ძმიდან — ჩოჩი, ჯოჯი, ოქროპირი და თედე — პირველი სოფელ ორტევში დასახლებულა და მისი შთამომავლები ჩოჩიშვილებად იწოდნენ.[3] ქართლში ცხოვრობენ ჩოჩიშვილებიც (სოფ. ცხრამუხა), რომელთა თავდაპირველი გვარი, გადმოცემითა და საარქივო მონაცემებით, ქურდაძე ყოფილა (1859 წლის აღწერა). ქართლში მცხოვრები ჩოჩიშვილების გარკვეული ნაწილი ხევის სოფ. ხურთისიდანაა ჩამოსახლებული; ისინი XVIII საუკუნის აღწერის დავთარში ჩოჩოურად არიან ჩაწერილი. 1860 წლის მოსახლეობის კამერალური აღწერის თანახმად, ვანათელი (პატარა ლიახვის ხეობა) ჩოჩიშვილების ადრინდელი ქართული გვარი იყო მაისურაძე.[2]

1621 წელს სოფელ საჩხეურში დაფიქსირებულია ამავე ძირის სხვა გვარიც — ჩოჩივაძე. არსებობს აგრეთვე გვარ-სახელები ჩოჩელი და ჩოჩნიძე. ჩოჩიას, ჩოჩიშვილის, ჩოჩოშვილის, ჩოჩივაძის გვარებს საფუძვლად უდევს ძველი ქართული სახელი „ჩოჩი“, რომელიც ბოლო დრომდე შემორჩენილი იყო სამეგრელოში (არაერთხელაა ეს სახელი აღნიშნული 1873 წლის სამეგრელოს მოსახლეობის აღწერაში).[2]

ჩოჩიშვილების გვარის ქართულობას ადასტურებს 1031–1033 წლების საისტორიო საბუთში სოფ. ჩოჩეთის მოხსენიება. დვალეთში, ნარას ხევის ერთ-ერთ სოფელში ჩოჩოურებთან/ჩოჩიშვილებთან ერთად ცხოვრობდნენ: გოგიჩაშვილები (ზემოთ ნახსენები „გოგიჩათა“), ჯანაშვილები და ბერიაშვილები.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Гаглойты Зинæ. Ирон мыггæгтæ: Дзæуджыхъæу: Ир, 2005 — 359 ф.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 თოფჩიშვილი რ., დვალეთი და დვალები, თბ.: „უნივერსალი“, 2016. — გვ. 123–124. 252 გვ, ISBN 978-9941-22-796-7.
  3. თოფჩიშვილი რ., საქართველოს ისტორიული დემოგრაფიისათვის : შიდა ქართლის მთის მოსახლეობის მიგრაციის ეთნოისტორიული საკითხები, თბ.: „მემატიანე“, 2002. — გვ. 37–38.