ჩოლოყაშვილების სასახლის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩოლოყაშვილების სასახლის კომპლექსი — არქიტექტურის ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმის სამხრეთ-დასავლეთით 1,5 კმ-ზე. მდინარე ივრის მარცხენა ნაპირზე, ნასოფლარ ყარაბულახის ტერიტორიაზე. მის ტერიტორიაზე 2001 წლიდან მამათა მონასტერია განთავსებული. კომპლექსის შემადგენლობაში შედის XVIII საუკუნის ბოლო პერიოდის ციხე-გალავანი 3 კოშკით; წმინდა ნიკოლოზის სახელობის XVIII საუკუნის დარბაზული ეკლესია, XIX საუკუნის სასახლე, რომელიც თადეოზ ჩოლოყაშვილს აუშენებია და მარანი.

ციხე-გალავანი ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით დუღაბზე. სამხრეთ-დასავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში ჩართულია წრიული კოშკები, ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში კი სასახლე დგას. სამხრეთის კოშკები მცირე ზომისაა და სამსართულიანია. შესასვლელები პირველი სართულის დონეზე აქვთ ეზოს მხრიდან, თუმცა მეორე სართულზეც აქვთ კარი, რომლიდანაც გალავნის საბრძოლო ბილიკზე ხდებოდა გასვლა. მესამე სართული საბრძოლო ბანია. კოშკები ქონგურებით სრულდება.

სასახლე დგას ციხე-გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ის თადეოზ ჩოლოყაშვილის აშენებულია XIX საუკუნის ბოლოსათვის. სასახლე ორსართულიანია. ეზოს მხრიდან ორივე სართულზე აივნებით. ამჟამად სასახლე სახეცვლილია, კომუნისტების პერიოდში სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენების გამო. სასახლე ნაგებია რიყის ქვისა და აგურის წყობების მონაცვლეობით კირ-დუღაბზე. შესასვლელი ეზოს მხრიდან აქვს. დანარჩენი მხრიდან სარკმლებითაა გახსნილი.

კარის ეკლესია დარბაზული ნაგებობაა. ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. კარ-სარკმელთა თაღების, კედლების გაფორმებისა და კარნიზებისთვის გამოყენებულია ქართული აგური. დახურულია კრამიტით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 21689