შინაარსზე გადასვლა

ჩინჩოროს კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩინჩოროს კულტურა
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
შექმნის პერიოდი Andean preceramic
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა[1]
ქვეყანა ჩილეს დროშა ჩილე
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, v
რეგიონი სამხრეთ ამერიკა
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2021  (44-ე სესია)
ნომერი 1634
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1634
ინგლ.რუს.ფრ.

ჩინჩოროს კულტურა — კერამიკამდელი კულტურა სამხრეთ ამერიკაში, რომელიც გრძელდებოდა 9 100-დან 3 500 წლის წინანდელ პერიოდამდე. ჩინჩოროს კულტურის ხალხი იყვნენ მომთაბარე მეთევზეები, რომლებიც ბინადრობდნენ ამჟამინდელი ჩრდილოეთ ჩილესა და სამხრეთ პერუს წყნარი ოკეანის სანაპირო რეგიონში. სანაპიროზე, არიდულ რეგიონში მტკნარი წყლის არსებობამ ხელი შეუწყო ამ ტერიტორიაზე ადამიანთა დასახლებას. ჩინჩოროს ხალხი ცნობილი იყო თავისი დეტალური მუმიფიკაციისა და დაკრძალვის პრაქტიკით. ჩინჩოროს კულტურის არეალზე დაახლოებით 4 000 წლის წინ დაიწყო ანდების პლატოდან ზემოქმედება, რამაც გამოიწვია მიწათმოქმედების ათვისება. გაცილებით მოგვიანებით, იგი ტიუანაკუს იმპერიის გავლენის ქვეშ მოექცა.

2021 წელს ჩინჩოროს კულტურა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შევიდა.[2]

ჩინჩოროს კულტურას სახელი დაერქვა ჩინჩოროს პლაჟის მიხედვით, რომელიც მდებარეობს არიკასთან (ჩილე), სადაც პირველი მუმიები აღმოაჩინეს.[3]

ეს კულტურა გავრცელებული იყო ატაკამის უდაბნოს არიდულ სანაპირო რეგიონებში, ილოდან ანტოფაგასტამდე. თუმცა, ჩინჩოროს კულტურული ბირთვი, როგორც ჩანს, არის ჩილეს არიკა-კამარონესის რეგიონი, რომელიც გადაჭიმულია სანაპირო ქალაქებს არიკასა და კალეტა-კამარონესს შორის სამხრეთით. არიკასა და კალეტა-კამარონესის გარშემო მრავალი არქეოლოგიური ძეგლია.

ჩინჩოროს ხალხი გამოცდილი მეთევზეები იყვნენ. მათ განავითარეს ფართო და დახვეწილი სათევზაო იარაღების ნაკრები. მათ ჰქონდათ ეფექტური სათევზაო აღჭურვილობა, როგორიცაა ნიჟარებისა და კაქტუსებისგან დამზადებული სათევზაო კაუჭები და ბადეებისთვის განკუთვნილი ქვის საწონები. ისინი იყვნენ კალათებისა და ფარდაგების დახელოვნებული მქსოველები.[4]

მიუხედავად იმისა, რომ ჩინჩოროს უმეტესი ძეგლი სანაპიროზე მდებარეობს, ზოგიერთი მათგანი ასევე გვხვდება ხმელეთზე და ახლომდებარე მთიან რეგიონებში. მათი ცხოვრების წესი ძირითადად თევზის, მოლუსკებისა და ზღვის ძუძუმწოვრების მეშვეობით იყო უზრუნველყოფილი. აღმოჩენილია სანაპიროზე მდებარე რამდენიმე დიდი ნარჩენების გროვა, რომლებიც შესწავლილი იქნა. მუმიების თმისა და ადამიანის ძვლების ანალიზი მიუთითებს, რომ მათი საკვების დაახლოებით 90% ზღვის პროდუქტებისაგან შედგებოდა, ხოლო დარჩენილი 10% ხმელეთის ცხოველებისა და მცენარეებისგან.

ჩინჩოროს ტიპური ძეგლი მდებარეობს არიკაში; ის აღმოაჩინა გერმანელმა არქეოლოგმა მაქს უჰლემ XX საუკუნის დასაწყისში.[3]

ამ სანაპიროს გასწვრივ აღმოჩენილია მრავალი ძალიან ადრეული არქეოლოგიური ძეგლი. პერუში, არქეოლოგებმა შეისწავლეს კებრადა-ტაკაუაი და კებრადა-ხაგუაი. უფრო სამხრეთით ასევე არის რინგის ძეგლი და კებრადა-ლოს-ბუროსი. ეს ძეგლები ძირითადად თარიღდება გვიანდელი პლეისტოცენითა და ადრეული ჰოლოცენით. ხმელეთზე, ჩილეში, ასევე არის ძეგლები: აჩასი და ლას კონჩასი.[5]

კებრადა-ხაგუაი ამ ძეგლებიდან ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე და ასევე ყველაზე ძველია. კებრადა-ტაკაუაი, რომელიც უფრო სამხრეთითაა, გარკვეულწილად უფრო ახალია. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ ჩინჩოროს კულტურა განვითარდა ამ ადრინდელი დასახლებებისგან, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესშია. აჩასის ძეგლი არის ადგილი, სადაც აღმოაჩინეს ყველაზე ადრეული ჩინჩოროს მუმია.

ამ კონტექსტში ასევე უნდა აღინიშნოს ცნობილი ძეგლი მონტე-ვერდე, რომელიც ასევე ჩილეს სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. ბოლო დროის ხელახალი დათარიღებით მისი ასაკი განისაზღვრა 18 500 წლით.

ჩინჩოროს ტიპის მუმიები არიკაში, ჩილე
ჩინჩოროს მუმიები მუზეუმ „San Miguel de Azapa“-ში
ჩინჩოროს მუმიის თავი

ჩინჩოროს მუმიები 9 000 წლის წინანდელი, ანუ ძვ. წ. 7 000 წლით თარიღდება. ჩინჩოროს მუმიები გაცილებით ძველია, ვიდრე ძველი ეგვიპტელების მუმიები. ზოგიერთი მათგანიდან აღებული იქნა დნმ. კულტურა რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში არსებობდა, ვითარდებოდა და ეგუებოდა გარემოს. ჩინჩოროს კულტურა ძვ. წ. 3500 წელს მთავრდება.[3]

ექიმი ბერნარდო არიასა არის ჩილელი ანთროპოლოგი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩინჩოროს კულტურის ინფორმაციის მოწოდებაში. 1984 წელს მან გამოაქვეყნა კვლევა ჟურნალ „Chungara“-ში, რაც მისი პირველი ნაშრომი იყო ამ კულტურასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, 1994 წელს, არიასამ გამოაქვეყნა ჩინჩოროს მუმიების კლასიფიკაცია და ტიპოლოგია, რომელიც დღეს ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო და ზოგად საზოგადოებაში.[6] 1995 წელს მან დაწერა მნიშვნელოვანი სტატია ჩინჩოროს მუმიების შესახებ გაზეთ[7] „National Geographic Magazine“-ში , რომელიც რამდენიმე ენაზე ითარგმნა, ამან ხელი შეუწყო უძველესი მუმიების საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციას. მისი წიგნი, „სიკვდილის მიღმა: ძველი ჩილეს ჩინჩოროს მუმიები“ („Beyond Death: The Chinchorro Mummies of Ancient Chile“)[8] გამოქვეყნდა „სმითსონის ინსტიტუტის გამომცემლობის“ მიერ ვაშინგტონში. ეს ნაშრომი მოგვიანებით ესპანურ ენაზე თარგმნა მარლენ ონატემ და გამოიცა ჩილეში „ჩილეს უნივერსიტეტისა“ და „საუნივერსიტეტო გამომცემლობის“ მიერ.

დადასტურებულია, რომ მუმიფიკაცია უმეტესად დამოკიდებული არ იყო გარდაცვლილის ასაკსა და სოციალურ სტატუსზე, თუმცა ჩინჩოროს მაღალი რანგის ყოფილი წევრებისთვის უფრო დახვეწილი და კომპლექსური სამგლოვიარო პროცედურები ტარდებოდა. გარემოში დარიშხანის მაღალმა კონცენტრაციამ გამოიწვია ჩვილთა მაღალი სიკვდილიანობა მოსახლეობის ნაწილში, რაც განიხილება, როგორც მუმიფიკაციის განვითარების მიზეზი, როგორც სოციალური და ემოციური დამუშავების ფორმა. მუმიფიკაციის ტექნიკა დროთა განმავლობაში იცვლებოდა. მუმიების ფერი იცვლებოდა, მანგანუმით მიღებული მოციმციმე შავი ფერიდან მოგვიანებით (დაახლოებით ძვ. წ. 2000 წელს) მუმიების წითელ ფერზე გადავიდნენ.

სიკვდილის შემდეგ, მიცვალებულის ხორცი იხსნებოდა და მათი გარე ზედაპირები მოდელირდებოდა ჯოხებისა და თიხის გამოყენებით. შემდეგ მუმიებს ბალზამირებას უტარებდნენ ზემოთ ჩამოთვლილი მასალებიდან ერთ-ერთით. წითელი და შავი სახის ნიღბები, რომლებსაც ჰქონდათ დამახასიათებელი ხვრელები პირის, ცხვირისა და თვალებისთვის, იქმნებოდა ფერადი პიგმენტების გამოყენებით და სავარაუდოდ, მიცვალებულის სახეების მიხედვით მოდელირდებოდა. შემდეგ მიცვალებულებს ლერწმისგან დამზადებულ ქსოვილებზე ათავსებდნენ და უდაბნოს ნიადაგში ზედაპირულად მარხავდნენ.[9]

ჩინჩოროს ერთ-ერთი მამაკაცის მუმიას აღმოაჩნდა ყველაზე ადრეული ტატუ. მას ზედა ტუჩის ზემოთ ულვაშის მსგავსი წერტილოვანი ხაზი აქვს ტატუირებული, ეს ტატუ დაახლოებით ძვ. წ. 2300 წლით თარიღდება.[10][11]

შემდგომი მოვლენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„აზაპას ფაზა“ (ძვ. წ. 4 000-2 500) ადგილობრივი კულტურული განვითარების გარდამავალი პერიოდი იყო ჩინჩოროს ფაზის დასასრულსა და ალტო რამირესის ფაზის დაწყებას შორის. ეს ცვლილებები სანაპიროსთან ახლოს მდებარე აზაპას ველზე მოხდა. დაახლოებით ძვ. წ. 4 000 წლისთვის, აზაპას ველის მოსახლეობამ იხილა გარკვეული კულტურული ცვლილებები, რომლებიც ალტიპლანოდან (მაღალმთიანი პლატო) ჩამოსულმა იმიგრანტებმა მოიტანეს. ამ ყველაფერმა გამოიწვია მიწათმოქმედების ათვისება და კერამიკის შემოტანა. ამ ჯგუფებმა აღარ ჩაუტარეს მიცვალებულს მუმიფიცირება.[12]

რამოდენიმე არქეოლოგმა ჩრდილოეთ ჩილეში შესწავლილია ადრეული ანდური კულტურების გავლენა. განსაკუთრებით აქტუალური შეიძლება იყოს ვანკარანის კულტურის და ტიტიკაკას ტბის ტერიტორიიდან მომდინარე ადრეული პუკარას კულტურის გავლენა. გარდამავალი ფაზის განმავლობაში, შესაძლოა, ჩინჩოროს ხალხი არსებობდა სანაპიროს გასწვრივ ანდური ტრადიციის ახალ აღმოცენებულ კულტურასთან ერთად.[13]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. https://mix-n-match.toolforge.org/#/entry/287826739
  2. Settlement and Artificial Mummification of the Chinchorro Culture in the Arica and Parinacota Region en. ციტირების თარიღი: 2021-11-06
  3. 1 2 3 Bernardo Arriaza, Chile's Chinchorro Mummies nationalgeographic.com 1995
  4. "Making the Dead Beautiful: Mummies as Art" Archaeology Magazine
  5. Arriaza, Bernardo T.; Standen, Vivien G.; Cassman, Vicki; Santoro, Calogero M. (2008) „Chinchorro Culture: Pioneers of the Coast of the Atacama Desert“, The Handbook of South American Archaeology, გვ. 45–58. DOI:10.1007/978-0-387-74907-5_3. ISBN 978-0-387-74906-8. 
  6. Tipología de las Momias Chinchorro y evolución de las prácticas de momificación..
  7. Chile's Chinchorro Mummies – Pictures, More From National Geographic Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 19, 2012. ციტირების თარიღი: 2016-07-23
  8. Smith, Maria O. (1996-12-01). „Beyond Death: The Chinchorro Mummies of Ancient Chile. Bernardo T. Arriaza“. The Quarterly Review of Biology. 71 (4): 557. doi:10.1086/419559. ISSN 0033-5770.
  9. Arriaza, Bernardo T. (December 2005). „Arseniasis as an Environmental Hypothetical Explanation for the Origin of the Oldest Artificial Mummification Practice in the World“. Chungará (Arica) (ინგლისური). 37 (2). doi:10.4067/S0717-73562005000200010. ISSN 0717-7356.
  10. Arriaza, Bernardo (1988). „Modelo bioarqueológico para la búsqueda y acercamiento al individuo social“ (PDF). Chungara. 21: 9–32.
  11. Deter-Wolf, Aaron; Robitaille, Benoît; Krutak, Lars; Galliot, Sébastien (February 2016). „The World's Oldest Tattoos“. Journal of Archaeological Science: Reports. 5: 19–24. Bibcode:2016JArSR...5...19D. doi:10.1016/j.jasrep.2015.11.007. S2CID 162580662.
  12. Bianca Petruzzelli (2012), Stable Carbon and Nitrogen Isotopic Analysis of Skeletal Remains from Azapa 71 and Pica-8, Northern Chile: An Assessment of Human Diet and Landscape Use in the Late Holocene. დაარქივებული 2016-10-17 საიტზე Wayback Machine. M.A. Thesis, flinders.edu.au
  13. Carlos A. Baied, Review of: Historias del Desierto: Arqueología del Norte de Chile, by Mario Rivera, Editorial del Norte, 2002, pp. 238, La Serena. Volumen 39, N° 1, 2007. Páginas 135–136 Chungara, Revista de Antropología Chilena