ჩინთის კოშკები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩინთის კოშკები — არქიტექტურული ძეგლების ერთობლიობა, რომლებიც მდებარეობს სოფელ ჩინთის მიდამოებში. მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირას.

კლდის კოშკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლდის კოშკები მიშენებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული კლდის კიდეებზე. განეკუთვნება XVIII საუკუნეს. კლდისა და ნატეხი ქვით ნაშენი ორივე კოშკი კლდესთანაა შეზრდილი და მხოლოდ სამი კედელი აქვს. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია აღმოსავლეთი კოშკის სამხრეთი და ჩრდილოეთი კედლების ნაწილი და დასავლეთი კოშს კედლები 0,7-1,2 მეტრის სიმაღლეზე. აღმოსავლეთი კოშკის ჩრდილოეთ კედელში, მეორე სართულის დონეზე, შესასვლელის დასავლეთის წირთხლია შემორჩენილი. კარს ტარაზული გადახურვ ჰქონია. კარის ზემოთ, მესამე და მეოთხე სართულებს შორის, ხის გადახურვის ძელების ორი საყრდენი ბუდეა, მათ ზემოთ კ, მეოთხე სართულის დონეზე, ერთი სათოფური. სათოფურის პირდაპირ, სამხრეთი კედლის შემორჩენილ ნაწილშიცერთი სათოფურია, რომლის ქვემოთ სართულშუა გადახურვის ძელების სამი საყრდენი ბუდეა. ქვედა სართულებისაგან განსხვავებით, მეოთხე სართული ოთხივე მხრიდან კედლებით ყოფილა შემოზღუდული. გარედან მეოთხე სართულისსამხრეთ კედელს შელესილობის ნაწილი შემორჩა.

კოშკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოშკი დგას სოფლის განაპირას, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირზე, ვაკეზე. განეკუთვნება XVII საუკუნეს. 1982 წელს სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნომ ჩაატარა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები. აღდგა კოშკის მეხუთე სართულის დაკარგული ნაწილები და გადახურვა. კოშკი უჩვეულოა, მისი ქვედა ნახევარი გარედან კუთხეებმომრგვალებულია, ხოლო ზედა კვადრატულია. ზედა და ქვედა ნახევრების საზღვარზე, ოთხივე კუთხეში, ჩასმულია სტალაქტიტებისებურად დამუშავებული ქვიშაქვის თითო მოზდილი ქვა, რომლებიც ზედა ნახევრის კვადრატულ საფუძველს ქმნის. კოშკი ხუთსართულიანია, აგებულია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. ქვემოთ, ჩვეულებისამებრ, უფრო მსხვილი ქვაა ნახმარი. ქვედა ნახევარი შებათქაშებულია, ზედა - არა, რის გამოც, ფერის მხრივ ამ ორ ნახევას შორის განსხვავებაა, ქვედა ნახევარი მოთეთრო - მონაცრისფროა, ზედა - რუხი-მოყავისფრო. ქვედა ნახევარში ყრუკედლებიანი სარდაფი და კამაროვანი სართულია მოქცეული. ერთადერთი თაღოვანი შესასვლელი ამ სართულზეა, დასავლეთით, გარედან, შესასვლელის ფუძის ქვა ქყობიდან გამოშვერილია და კარის წინ მცირე ბაქანს ქმნის. სართულის კედლებში რვა სათოფურია. ორ-ორი აღმოსავლეთითა და სამხრეთითაა, სამი ჩრდილოეთით, ხოლო ერთი დასავლეთით. სართულს ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში მოწყობილია კიბე, რომლითაც მეორე სართული მესამეს უკავშირდება. მესამე სართულზე ხუთი ცალმაგი სათოფურია. მათგან ორი აღმოსავლეთითაა, თითო-თითო დანარჩენ კედლებში. აღმოსავლეთ კედელში ერთი სწორკუთხა სარკმელია. მეოთხე სართულს ყოველ მხარეს თითო სათოფური აქვს. კოშკის 5 სართული საბრძოლო-სათვალთვალოა. ორფერდა სახურავის კალთებით შემოსაზღვრული ორივე ფრონტონის არეში სიმეტრიულად ექვსი ვიწრო და მაღალი ღიობია გაჭრილი, ღიობების ძირი ერთ დონეზეა და ჩაცილებულია ფრონტონის ფუძეს, ხოლო სიმაღლე განსხვავებულია და სახურავის კალთების შესაბამისად გვერდებისკენ მცირდება. მეხუთე სართულზე, სათოფურების გარდა, ნისკარტა სალოდეა. კოშკის ზედა ნახევრის სართულშუა გადახურვა ხის ძელებზე ყოფილა გამართული. კოშკი ზემოთკენ არ ვიწროვდება. დასავლეთის ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, წყობის შეღრმავებით გამოყვანილია საფეხურებიან კვარცხლბეკზე დადგმული ჯვარი, რომლის ორივე მხარეს მდებარე „სტალაქტიტები“ შავი საღებავითაა შემოხაზული.

ჩინთის კოშკებს 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]