შინაარსზე გადასვლა

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები
Map indicating locations of ჩინეთი and საქართველო

ჩინეთი

საქართველო

ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები — ურთიერთობა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის. ორმა ქვეყანამ დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 9 ივნისს დაამყარა.

ორმხრივი ურთიერთობები თანდათან განვითარდა და ძირითადად ორიენტირებულია ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. ჩინეთს აქვს საელჩო თბილისში, საქართველოს კი პეკინში. 2017 წლისთვის ჩინეთი გახდა საქართველოს მეოთხე უდიდესი სავაჭრო პარტნიორი და ქართული ღვინის მეორე საექსპორტო ბაზარი[1]. ჩინეთმა აღნიშნა საქართველოს ერთგულება ჩინეთის პოლიტიკისადმი და მხარი დაუჭირა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

2023 წლის ივლისში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთის ქ. ჩენგტუში ვიზიტის დროს, ღარიბაშვილმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა, გამოაქვეყნეს ერთობლივი განცხადება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ. ამით საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა.[2]

2023 წლის სექტემბერში საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა. [3] 2024 წლის მაისიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის კონტინენტურ ჩინეთში უვიზო რეჟიმი აამოქმედა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამაც, ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში იგივე რეჟიმი კი ამავე წლის სექტემბრიდან ამოქმედდა.

იუანთა დინასტიის ოფიციალური ისტორია ჩინეთში, საქართველოს ბედს 1252 წელს აღწერს. იმ წელს მონღოლმა ყაღანმა მუნქემ, რომელიც ჩინეთში ფართოვდებოდა, ბერქეს მონღოლთა მმართველობის ქვეშ მყოფი ქართული სამეფო გადასცა[4].

პოლიტიკური კავშირები ჩინეთ-საქართველოს შორის ოფიციალურად 1992 წლის 9 ივნისს დამყარდა, როდესაც ჩინეთმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოს რესპუბლიკა დიპლომატიურად აღიარა[5]. ედუარდ შევარდნაძე, მაშინდელი საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ჩინეთს სახელმწიფო ვიზიტით 1993 წლის ივნისში ეწვია[6] და ხელი მოაწერა უამრავ ხელშეკრულებას, ძირითადად სავაჭრო და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე. მიხეილ სააკაშვილი, მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა 2006 წლის აპრილში[7].

ორივე ქვეყანა ინარჩუნებდა კომუნიკაციას და კოორდინაციას გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. საქართველომ შეინარჩუნა „ერთიანი ჩინეთის“ პოლიტიკა[8] და არ ცნობს ტაივანს დამოუკიდებელ ერთეულად. თავის მხრივ, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) წევრმა ჩინეთმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვის მიუხედავად, უარი თქვა რუსეთის მაგალითის გაზიარებაზე და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ამის ნაცვლად, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციამ გამოსცა დუშანბეს დეკლარაცია, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს გადაჭრას „არსებული პრობლემები“ დიპლომატიური საშუალებებით.

ანალოგიურად, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა გამოთქვა შეშფოთება „სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო“, როდესაც ჟურნალისტმა ჰკითხა ჩინეთის პოზიცია რუსეთის მიერ სადავო ტერიტორიების აღიარებასთან დაკავშირებით. პოლიტიკური ანალიტიკოსის ჯოზეფ ლარსენის აზრით, „მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი არ წარმოადგენს ალტერნატივას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის... ჩინეთთან ურთიერთობამ შეიძლება საქართველოს არსებული საგარეო პოლიტიკა“ შეავსოს[9].

ეკონომიკური ურთიერთობები, ორმხრივი ეკონომიკური კავშირები თანდათან გაფართოვდა 1992 წლიდან და გაიზარდა 2010 წლიდან. ჩინეთი საქართველოს განიხილავს, როგორც სარტყელს და გზის ინიციატივის ნაწილს,- პროექტი, რომელიც დაიწყო 2013 წელს და რომლის მიზანია „შეამოკლოს მანძილი ჩინეთსა და ევროპას შორის“ ინფრასტრუქტურული კავშირების გაუმჯობესებით[9].

2014 წლისთვის ჩინეთმა განახორციელა 217,94 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საქართველოში, რაც მას მეოთხე ადგილზე აყენებს აზერბაიჯანის, ნიდერლანდების და შეერთებული შტატების შემდეგ. არაერთმა ჩინურმა კომპანიამ საქართველოში მსხვილი ოპერაციები დაიწყო. ჩინეთის Hualing Group, რომელიც ძირითადად ორიენტირებულია სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების მშენებლობასა და მართვაზე, იყო საქართველოს უმსხვილესი უცხოელი ინვესტორი 2017 წლისთვის.

კომპანიის ზოგიერთი პროექტი საქართველოში მოიცავს თავისუფალ სავაჭრო ზონას ქუთაისში, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში და დიდ საცხოვრებელ და კომერციულ კომპლექსს დედაქალაქ თბილისის გარეუბანში. 2017 წლის იანვარში CEFC China Energy დათანხმდა საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 75%-იანი წილის შეძენაზე.

საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქტი ჩინეთში ღვინოა, რომელმაც 2016 წელს 5,299,820 ბოთლი შეადგინა, რაც თითქმის გაორმაგებულია წინა წლის ექსპორტის მოცულობასთან შედარებით. 2017 წლის 13 მაისს საქართველომ და ჩინეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას[10].