შინაარსზე გადასვლა

ჩინეთის დიდი ვაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩინეთის დიდი ვაკე

ჩინეთის დიდი ვაკე (ჩრდილოეთ ჩინეთის ვაკე) — ერთ-ერთი უდიდესი ვაკე აზიის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩინეთში. აღმოსავლეთით ესაზღვრება ყვითელი ზღვა, ჩრდილოეთით იანშანის მთები, დასავლეთით ტაიხანშანის ქედი, სამხრეთ-დასავლეთით ტუნბოშანისა და დაბეშანის ქედები, სამხრეთით გადადის მდინარე იანძის ქვემოთის ვაკეში. ფართობი 325 ათ. კმ²., სიმაღლე დასავლეთით დაახლოებით 100 მ, აღმოსავლეთისაკენ 50-მდე და უფრო მეტად დაბლდება. ვაკის ზღვისპირა ნაწილი დაჭაობებულია, აღმოსავლეთ ნაწილში მოქცეულია შანდუნის მთები. ვაკე აგებულია ალუვიონის სქელი ფენით. ჩინეთის დიდ ვაკეზე მიედინება მდინარეები: ხუანხე, ხუაიხე, ხაიხე, ლუანხე.

1950-იან წლებში დაიწყო მძლავრი ჰიდროტექნიკური ნაგებობის შექმნა, მდინარეთა ჩამონადენის რეგულირებისა და სარწყავად გამოყენების მიზნით. ჩინეთის დიდ ვაკეს ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ კვეთს დიდი არხი. ჰავა სუბტროპიკული, მუსონურია. ზამთარში ცივი და მშრალი

ჩინეთის დიდი ვაკე ზამთარში

ჰაერია, რომელიც აქ აზიის შიგა ნაწილიდან მოდის. იანვრის საშუალო ტემპერატურა ჩრდილოეთით –4°C, –2°C, სამხრეთით 8-12°C. ზაფხული ცხელი და წვიმიანი იცის, ივლისის საშუალო ტემპერატურა 25-28°C. ნალექები ჩრდილოეთში 400-500 მმ წელიწადში, სამხრეთში — 150-1000 მმ.

გვხვდება იფნის, ალვის ხის, ტუიის, ფიჭვის კორომები. განვითარებულია ნაყოფიერი ალუვიური ნიადაგი. ვაკე წარმოადგენს ხორბლის, ბამბის, არაქისისა და თამბაქოს წარმოების მნიშვნელოვან რაიონს. დასახლებულია ძალზე მჭიდროდ.

მთავარი ქალაქებია: პეკინი, ტიანძინი, ძინანი და სხვა.


რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]