შინაარსზე გადასვლა

ჩიავანა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიავანა - ბრძენთაბრძენი და დიდი სიქველის მოქმედი ინდურ მითოლოგიაში. იგი იშვა მაშინ, როდესაც მისი დედა, პულომა ტყეში მიჰყავდა მის გამტაცებელს - ავსულ პულომანს. იგი უდროოდ გადმოვარდა დედის საშოდან, რის გამოც მას სახელად დაერქვა ჩიავანა, ანუ "გადმოვარდნილი". მან მოხუცებულობაში სიჭაბუკე დაიბრუნა აშვინებისა და მისი ერთგული ცოლის, სუქანიას წყალობით.[1]

ერთხელ მეფე შარიატიმ ჩიავანა აირჩია თავის უზენაეს ქურუმად და მსხვერპლის შეწირვა დაავალა. ჩიავანამ სომა პირველად თავის მეგობარ აშვინებს მიართვა. ინდრამ, რომელსაც სძულდა აშვინები და არ მოსწონდა მათი სიახლოვე ადამიანებთან, მსხვერპლის შემწირველზე აღმართა თავისი ძლევამოსილი იარაღი - ვაჯრა, თუმცა ჩიავანამ თავისი სულიერი ძალისხმევით ღმერთების მეფეს აღმართული ხელი ჰაერში გაუქვავა და უძლურად დააშვებინა ძირს. მეტიც - მან ინდრას დასასჯელად თავისი გრძნეულებით შექმნა საზარელი ურჩხული.[1] როდესაც ურჩხული პირს აღებდა, მისი ქვედა ყბა მიწას სწვდებოდა, ხოლო ზედა ყბა - ცას. ინდრასა და სხვა ღმერთებს შიშის ზარი დაეცათ. მაშინ ბრძენთაბრძენმა ჩიავანამ დაინდო ღმერთები, რომლებიც მბრძანებლის გარეშე რჩებოდნენ და უზარმაზარი ურჩხული არარაობად აქცია.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 ტონია, ნანა; კიკნაძე, ზურაბ (2012) რედ. რუსუდან მოსიძე: მითოლოგიური ენციკლოპედია. "ბაკმი", გვ. 238. ISBN 978-9941-426-26-1.