ჩვეულებრივი შოშია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი შოშია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Sturnus vulgaris (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22710886
გავრცელება

  ბუდობის არეალი
  მთელი წლის განმავლობაში
  მიგრაცია
  ინტროდუქცია — ბუდობის არეალი
  ინტროდუქცია — მთელი წლის განმავლობაში

ჩვეულებრივი შოშია,[1] შოშია,[2][3][4] შროშანი[4][5] (ლათ. Sturnus vulgaris) — მგალობელი ფრინველი შოშიასებრთა ოჯახისა. ფართოდაა გავრცელებული ევრაზიის მნიშვნელოვან ნაწილში, ინტროდუცირებულია სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. სამხრეთ და დასავლეთ ევროპაში მობინადრე ფრინველია, ჩრდილოეთსა და აღმოსავლეთში მცხოვრებნი კი მიგრაციებს ასრულებენ და სამხრეთისაკენ ინაცვლებენ. გარეგნულად (ზომები, ყვითელი ნისკარტი და მუქი შეფერილობა) ძლიერ წააგავს შავ შაშვს, მაგრამ მისგან განსხვავებით მიწაზე გადაადგილებისას დადის და არ ხტუნავს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივი შოშია მცირე ზომის ფრინველია, სიგრძით 18,7–21,2 სმ,[6] ფრთის შლილი 38,7 სმ შეადგენს,[7] მასა 75 გრამს აღწევს. ტანი მასიურია, აქვს მოკლე კისერი. ნისკარტი გრძელი, წამახვილებული და ოდნავ ქვედა მიმართულებით მოღუნულია; გამრავლების სეზონზე ფერად ყვითელია, დანარჩენ დროს შავი. შედარებით დიდი ზომის შავი შაშვისაგან (Turdus merula) განსხვავებით ნისკარტი გვერდებისკენ გაბრტყელებულია და ისეთი მძლავრიც არ არის. თვალის ფერადი გარსი ყავისფერია. ფრთები მოკლე, ძირში განიერი, ხოლო ბოლოში შევიწროებულია. გალობისას ხშირად იქნევს მათ. ზრდასრული დედლისა და მამლის ზურგის, მკერდის და კისრის უკანა მხარის შეფერილობა ერთმანეთისაგან არ განსხვავდება: შავი ბუმბული მეტალისებრი ბზინვარებით, ცალკეულ ქვესახეობებს იისფერი, მომწვანო, მოცისფრო ან ბრინჯაოსფერი იერი დაჰკრავთ. ზამთარში, როდესაც ბუმბულის წვერები იცვითება, ტანზე ჩნდება მრავალი თეთრი ან კრემისფერი წინწკლები, ფრთების გარე მხარესა და მკერდზე უფრო დიდები, ხოლო თავზე მცირენი. გაზაფხულზე, ბუმბულის ცვენის შემდეგ შეფერილობა ერთფეროვანი მურა ხდება. კუდი მოკლეა, 6,2–6,8 სმ სიგრძის,[7] ბოლოში თითქმის სწორი. ფეხები მოწითალო-ყავისფერია. სქესობრივი დიმორფიზმი მცირედ გამოიხატება: მამალს მკერდზე წაგრძელებული ბუმბული აქვს, მაშინ, როდესაც დედლისა მოკლე და მოხდენილია; ნისკარტის ძირში დედალს მოლურჯო ლაქა აქვს, ხოლო მამალს ამ ადგილებში წითელი წინწკლები აყრია. ახალგაზრდა ფრინველებში სხეულის ბზინვარება ესეოდენ გამოხატული არ არის, ხოლო მათი ფრთის დაბოლოვებები მომრგვალებულია და არა წამახვილებული, როგორიც ზრდასრულს აქვს. მოზარდი ბარტყების ნისკარტი მთელი წლის განმავლობაში მურა-შავია.[8][9]

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არეალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივი შოშია ფართოდაა გავრცელებულია ყველა ბიოგეოგრაფიულ ოლქში, გარდა ნეოტროპიკისა (ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა). ევრაზიაში გვხვდება ვრცელ ტერიტორიაზე: ჩრდილოეთში არეალი განისაზღვრება კოლის ნახევარკუნძულითა და ისლანდიით, სამხრეთში — ჩრდილოეთი ესპანეთით, სამხრეთი საფრანგეთით, იტალიით, ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიითა და ჩრდილოეთი საბერძნეთით, თურქეთით, ჩრდილოეთი ერაყით, ჩრდილოეთი ირანით, ავღანეთით, პაკისტანითა და ჩრდილო-დასავლეთი ინდოეთით; აღმოსავლეთში აღწევს ბაიკალის ტბამდე, დასავლეთში — აზორის კუნძულებამდე. ციმბირში ჩ. გ. 60°-მდე გვხვდება. ადამიანის მიერ შეგნებულად იქნა ინტროდუცირებული სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. XIX საუკუნის მეორე ნახევარში იყო ცდები, მოეშენებინათ ეს სახეობა აშშ-ში. ყველაზე ცნობილი ასეთი ცდა იყო 1890–1891 წლებში, როდესაც ცენტრალ პარკის ტერიტორიაზე გაუშვეს 100 ეგზემპლარი. თუმცა ამ ფრინველებიდან ბოლომდე მხოლოდ 15 გადარჩა, შემდგომში კი ისინი ფართოდ გავრცელდნენ მთელ კონტინენტზე — სამხრეთი კანადიდან ფლორიდასა და ჩრდილოეთ მექსიკამდე.[8][10][11]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 24.
  2. კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 74, 168, 235.
  3. დარჩიაშვილი გ., საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი, გვ. 102, თბ., 2002.
  4. 4.0 4.1 აბულაძე გ., ღამბარაშვილი ნ., ბურჯანაძე ვ., ჩახანაშვილი შ., ჟორდანია პ., ლომსაძე ნ., გუნიავა ლ., ახრახაძე დ., ზახაროვი გ., მონადირის ცნობარი, თბ.: საბჭოთა საქართველო, 1969. — გვ. 34.
  5. ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 74, 168.
  6. Sprunt, A. Jr., and E.B. Chamberlain. 1970. South Carolina Bird Life. University Of South Carolina Press. Columbia. 655 Pp
  7. 7.0 7.1 Sprunt, A., Jr. 1954. Florida bird life. Coward-McCann, New York. 504 pp.
  8. 8.0 8.1 Craig, A., C. Feare. 1999. The Starling. Princeton: Princeton University Press
  9. Гладков Н. А., Михеев А. В. Жизнь Животных том 5. Птицы. Москва. «Просвещение», 1970.
  10. Lowery, G.H., Jr. 1960. Louisiana Birds. Louisiana Wildlife And Fisheries Commission, Louisiana State University Press. 567 Pp.
  11. Chapman, F.M. 1966. Handbook Of Birds Of Eastern North America. Dover Publications, Inc. New York. 581 Pp.