ჩვეულებრივი მაქცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი მაქცია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  კოდალასნაირნი
ოჯახი:  კოდალასებრნი
გვარი:  მაქცია
სახეობა:  ჩვეულებრივი მაქცია
ლათინური სახელი
Jynx torquilla (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22680683
გავრცელება

  ბუდობა
  გამოზამთრება
Jynx torquilla

ჩვეულებრივი მაქცია (ლათ. Jynx torquilla) — კოდალასნაირთა რიგის კოდალასებრთა ოჯახის მაქციათა გვარის წარმომადგენელი ფრინველი, გავრცელებულია საქართველოში. გადამფრენი, მიმომფრენი ან მობუდარი ფრინველია. ჩვეულებრივი მაქცია მცირე ზომის ფრინველია. ზურგი მორუხო-მურაა, თხემზე წცრილი, განივი მურა წინწკლებია, ხოლო ზურგზე მოშავო-მურა ზოლები. ეს ზოლები ხშირად ერთმანეთს ერთ მთლიან მუქ ლაქად ერწყმიან. კუდის ზედა მფარავები რუხი-ქვიშისფერია, ნიკაპი, ყელი და ჩიჩახვი - ჟანგმიწისფერი, წვრილი მურა, განივი წინწკლებით. დანარჩენი ქვედა მხარე მოთეთრო ან ჟანგმიწისფერია წვრილი სამკუთხა ლაქებით. საჭის ბუმბულებზე ვიწრო მოშავო და ფართო მორუხო განივი ზოლებია. ფეხები და ნისკარტი ღია ყავისფერია. ტალღისებურად დაფრინავს და აქვს შესანიშნავი უნარი თავი 180°-ით შემოაბრუნოს. ჩვეულებრივი მაქციას სიგრძე დაახლოებით 15-17 სანტიმეტრია და 25-დან 50 გრამამდე იწონის.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივი მაქცია ფართოდაა გავრცელებული მთელ ევროპაში, კუნძულ დიდი ბრიტანეთიდან ურალის მთებამდე, აგრეთვე ჩრდილოეთით ნორვეგიიდან სამხრეთის მიმართულებით ხმელთაშუა ზღვის კუნძულებამდე. ის გვხვდება აფრიკაში, კერძოდ ტუნისში, ალჟირსა და მაროკოში. აზიაში ჩვეულებრივი მაქცია ბინადრობს კონტინენტის ცენტრალურ ნაწილში ურალის მთებიდან იაპონიის არქიპელაგამდე. გამოსაზამთრებლად ჩვეულებრივი მაქცია აფრიკის ცენტრალურ ნაწილში მიფრინავს და ზამთარს კამერუნიდან ეთიოპიამდე და სამხრეთით კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიამდე ატარებს.

ბიოტიპი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი საბინადრო არეალი ძირითადად მეჩხერი და შერეული ტყეებია. ის აგრეთვე გვხვდება პარკებსა და სასოფლო სამეურნეო მიწებზე. ჩვეულებრივ მაქციას განსაკუთრებით იზიდავს დიდი ასაკის ხეები. ჩვეულებრივი მაქცია აგრეთვე გვხვდება ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში.

ცხოვრების წესი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივი მაქციის კვერცხები

ჩვეულებრივი მაქცია ბუდეს ძირითადად ხის ფუღუროებში იკეთებს. ისინი ძირითადად წყვილებად ცხოვრობენ, თუმცა გადაფრენის პერიოდში პატარა გუნდებსაც ქმნიან. ჩვეულებრივი მაქციები გამრავლებისთვის ტერიტორიებს წინასწარ არჩევენ, მდედრი ჩვეულებრივ 6-12 თეთრი ფერის კვერცხს დებს. ჩვეულებრივ მაქციათა დასახლებულ პუნქტებთან სიახლოვეს ადამიანისთვის დადებითი ეფექტი აქვს. აღსანიშნავია, რომ ტყეების გაჩეხვა, ქიმიური სასუქების და პესტიციდების გამოყენება ჩვეულებრივი მაქციებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს.

საკვები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივი მაქცია ძირითადად ჭიანჭველებითა და მცირე ზომის მწერებით იკვებება, თუმცა უარს არ ამბობს არც ხოჭოებზე, ლარვებზე, პეპლებზე, ობობებზე და ხის ბუგრებზე. ჩვეულებრივი მაქცია სხვა კოდალასნაირების მსგავსად ხეებს საკვების მოსაპოვებლად არ ბურღავს, თუმცა სწრაფი მონადირეა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბულაძე ა., ბუხვიკაშვილი ა., თარხნიშვილი დ., ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხერხემლიან ცხოველთა საველე ცნობარი, თბ., 2001. — გვ. 152.