შინაარსზე გადასვლა

ჩვეულებრივი გრატა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი გრატა
მამრი E. c. citrinella
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბეღურასნაირნი
ოჯახი:  გრატასებრნი
გვარი:  გრატა
სახეობა:  ჩვეულებრივი გრატა
ლათინური სახელი
Emberiza citrinella (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22720878

ჩვეულებრივი გრატა (ლათ. Emberiza citrinella) — ბეღურასნაირთა რიგის გრატასებრთა ოჯახის ფრინველი, რომელიც ევრაზიაშია გავრცელებული და ინტროდუცირებულია ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში. ევროპული ფრინველების უმეტესობა მთელი წლის განმავლობაში გამრავლების არეალში რჩება, თუმცა აღმოსავლური ქვესახეობა ნაწილობრივ მიგრირებადია და პოპულაციის დიდი ნაწილი ზამთარს უფრო სამხრეთით ატარებს. მამრ ჩვეულებრივ გრატას კაშკაშა ყვითელი თავი, წინწკლებიანი ყავისფერი ზურგი, წაბლისფერი კუდის ზედა ნაწილი და ყვითელი ქვედა მხარე აქვს. სხვა ბუმბულის ტიპები იმავე ნიმუშის უფრო მკრთალი ვარიანტებია. ჩვეულებრივი გრატა გავრცელებულია ღია ადგილებში, სადაც ბუჩქები ან ხეებია, ზამთარში კი მცირე გუნდებს ქმნის. გალობა ძალიან ჰგავს უახლოესი ნათესავის, ფიჭვის გრატას გალობას, რომელთანაც ის ჯვარდება კიდეც.

გამრავლება ძირითადად აპრილსა და მაისში იწყება: დედალი ფარულ ადგილას, მიწაზე ან მის სიახლოვეს აშენებს ამოფენილ ფინჯნისებრ ბუდეს. სამიდან ხუთამდე კვერცხს წვრილი მუქი ხაზების ბადისებრი ნახატი აქვს, რის გამოც ფრინველს ძველად „ზოლებიანი ტოლუნა“ ეწოდებოდა. დედალი კვერცხებზე 12–14 დღე ჯდება. გამოჩეკვიდან 11-13 დღეში ბარტყები უკვე ფრენას სწავლობენ. ბარტყებს ორივე მშობელი კვებავს და წელიწადში ორ ან სამ ბარტყს ზრდიან. ბუდეს ზოგჯერ მღრღნელები ან ყორნები ესხმიან თავს, ზრდასრულ ფრინველებზე კი მტაცებელი ფრინველები ნადირობენ. ჩვეულებრივი გრატა მიწაზე იკვებება, გამრავლების პერიოდის გარდა, ჩვეულებრივ, გუნდებად. მისი რაციონი ძირითადად მცენარეთა თესლებია, რომელსაც გამრავლების სეზონზე უხერხემლოები ემატება. სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ცვლილებამ დასავლეთ ევროპაში პოპულაციის შემცირება გამოიწვია, თუმცა დიდი რაოდენობისა და უზარმაზარი არეალის გამო ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) მას ნაკლებად საგანგაშო სახეობად მიიჩნევს.

ამ თვალსაჩინო ყვითელმა ფრინველმა რობერტ ბერნსსა და ჯონ კლერს ლექსების დაწერა შთააგონა, ხოლო მისმა დამახასიათებელმა გალობამ გავლენა მოახდინა ბეთჰოვენისა და მესიანის მუსიკალურ ნაწარმოებებზე. ბავშვთა მწერალმა ენიდ ბლაიტონმა ხელი შეუწყო გალობის ინგლისური სტანდარტული გადმოცემის პოპულარიზაციას.

ჩვეულებრივი გრატა

ჩვეულებრივი გრატა კარლ ლინეუსმა თავის ისტორიულ 1758 წლის „ბუნების სისტემის“ მე-10 გამოცემაში აღწერა დღევანდელი სამეცნიერო სახელწოდებით.[1] Emberiza მომდინარეობს ძველი გერმანული სიტყვიდან Embritz, რაც გრატას აღნიშნავს,[2] ხოლო citrinella იტალიურად პატარა ყვითელ ფრინველს ნიშნავს.[3] ქართულ წყაროებში ფრინველის ქართული სახელწოდება „გრატა“ პირველად 1963 წელს გამოჩნდა. ეს იყო გამოცემა „საქართველოს სასარგებლო ფრინველები“, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდშია დაცული.[4] ალექსანდრე ელერდაშვილის მიერ შედგენილ „უნივერსალურ ენციკლოპედიურ ლექსიკონში“ მოცემულია სიტყვა „გრატა“, რომელიც განმარტებულია, როგორც ყანის ჩიტი ბეღურასებრთა ოჯახისა.[5]

გრატასებრთა ოჯახი ერთ, გრატას გვარს მოიცავს, რომელშიც დაახლოებით 40 სახეობაა და მხოლოდ ძველ სამყაროშია გავრცელებული.[6]

ამჟამად აღიარებულია ჩვეულებრივი გრატას 3 ქვესახეობა:

  • E. c. citrinella (Linnaeus, 1758) — ნომინალური ქვესახეობა; გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისში და ევროპის უმეტეს ნაწილში, აღმოსავლეთით რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ კუთხემდე და დასავლეთ უკრაინამდე.
  • E. c. caliginosa (Clancey, 1940) — ირლანდიაში, მენის კუნძულზე და დიდ ბრიტანეთში (სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის გარდა) გავრცელებული ფორმა.
  • E. c. erythrogenys (Brehm, 1855) — მრავლდება რუსეთიდან, ცენტრალური უკრაინიდან და აღმოსავლეთ ბალკანეთიდან აღმოსავლეთით ციმბირამდე და ჩრდილო-დასავლეთ მონღოლეთამდე; ასევე აქვს იზოლირებული პოპულაციები შავი ზღვის აღმოსავლეთით და კავკასიაში.
მამრი E. c. caliginosa
დედალი
Emberiza citrinella

ჩვეულებრივი გრატა მოზრდილი ზომის გრატაა: სიგრძე 16–16,5 სმ, ფრთების გაშლა 23–29,5 სმ; წონა 20–36,5 გ. ნომინალური ქვესახეობის, E. c. citrinella, მამრს აქვს კაშკაშა ყვითელი თავი, ძლიერ დაწინწკლული ყავისფერი ზურგი, წაბლისფერი კუდის ზედა ნაწილი, ყვითელი ქვედა მხარე და თეთრი გარე ფრთა-კუდის ბუმბულები. დედალი ნაკლებად კაშკაშა შეფერილობისაა და თხემზე, მკერდსა და გვერდებზე უფრო მეტი წინწკლები აქვს. ორივე სქესი გამრავლების პერიოდის გარდა ნაკლებად გამოკვეთილი ფერებისაა, რადგან ახალი ბუმბულების მუქი კიდეები ყვითელ შეფერილობას ფარავს. მოზარდი ზრდასრულებზე გაცილებით მკრთალია და ნაკლებ ყვითელ ფერს შეიცავს; კუდის ზედა ნაწილიც ხშირად უფრო ღია ფერის აქვს.

გამრავლების პერიოდის შემდეგ ზრდასრულებს ბუმბული ცვივათ, რომელიც მინიმუმ რვა კვირას გრძელდება; მამრები ყოველი ბუმბულის ცვენის შემდეგ უფრო მეტ ყვითელ შეფერილობას იძენენ. მოზარდებს ბუდიდან გამოფრენიდან მალევე ეწყებათ ბუმბულის ცვლის პროცესი.

ქვესახეობებს შორის განსხვავებები მცირეა და გეოგრაფიულად თანდათანობითია (კლინი). საშუალოდ, E. c. caliginosa-ს მამრი ნომინალურ ქვესახეობასთან შედარებით ოდნავ უფრო მცირე და მუქია, ზურგზე მეტი წინწკლები აქვს, თავის ყვითელ შეფერილობაში მომწვანო ელფერი და გვერდებზე მეტი წაბლისფერი. აღმოსავლური ფორმის, E. c. erythrogenys-ის მამრი E. c. citrinella-ზე უფრო მკრთალი და ნაკლებწინწკლებიანია. მისი გვერდები, ქვედაკუდა და ფრთის ზოლები, როგორც წესი, უფრო თეთრია, ხოლო თხემი და ყელი — უფრო კაშკაშა ყვითელი. სამივე ქვესახეობის დედლების გარჩევა ბუმბულის ნიშნებით, ჩვეულებრივ, შეუძლებელია.[7]

დედლები და მოზარდები, განსაკუთრებით მკრთალი აღმოსავლური ქვესახეობის, E. c. erythrogenys-ის წარმომადგენლები, შეიძლება ფიჭვის გრატებში აგვერიოს, მაგრამ მათ ყოველთვის აქვთ ყვითელი ელფერი, უფრო ღია წაბლისფერი ზედაკუდა და უფრო ერთგვაროვანი ზედა მხარე.[8] ახალგაზრდა და დედალი ჩვეულებრივი გრატები cirl bunting-ისგან (Emberiza cirlus) ამ უკანასკნელის ნაცრისფერ-ყავისფერი ზედაკუდით გამოირჩევა. ფიჭვის გრატასთან მამრი ჰიბრიდები, როგორც წესი, თეთრსახიანია და თავზე, ქვედა მხარეზე ან საფრენ ბუმბულებზე ყვითელი შეფერილობა აქვთ, დედალი ჰიბრიდები კი, ჩვეულებრივ, ჩვეულებრივი გრატებისგან არ განირჩევა.[9]

მამრი ჩვეულებრივი გრატას გალობა მოკლე ნოტების სერიაა, რომლის სიმაღლე თანდათან მატულობს, ბოლოს კი ერთი ან ორი უფრო გაწელილი ნოტი მოჰყვება. მისი გალობა შეიძლება ფიჭვის გრატას თითქმის იდენტურ გალობაში აგვერიოს. მამრი გრატები გალობას მამებისგან სწავლობენ და დროთა განმავლობაში რეგიონული დიალექტები ჩამოყალიბდა,[10][11]

რაც ძირითადი გალობის დასასრულში მცირე განსხვავებებით გამოიხატება; სხვადასხვა ადგილის ფრინველები ერთმანეთის ყველა დიალექტს აღიარებენ. თითოეულ მამრს თავისი რეგიონული დიალექტის ფარგლებში გალობის ვარიანტების ინდივიდუალური რეპერტუარი აქვს;[12] დედლები, როგორც წესი, წყვილდებიან მამრებთან, რომლებიც მათ დიალექტს იზიარებენ, და უპირატესობას ანიჭებენ იმათ, ვისაც ყველაზე დიდი რეპერტუარი აქვს.

ფიჭვის გრატა და ჩვეულებრივი გრატა იმდენად ახლოს არიან ერთმანეთთან, რომ თითოეული მეორის გალობაზე რეაგირებს. მამრი ჩვეულებრივი გრატას გალობა დედლებისთვის უფრო მიმზიდველია, რაც ამ სახეობის დომინირების ერთ-ერთი მიზეზია იქ, სადაც ამ სახეობათა არეალები ერთმანეთს ემთხვევა.[13]

გავრცელება და ჰაბიტატი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო მიწები კარგ ჰაბიტატს წარმოადგენს ბუდობისა და კვებისთვის.

ჩვეულებრივი გრატა პალეარქტიკაში მრავლდება ივლისის 16–20 °C იზოთერმებს შორის. ის ევროპაში ყველაზე გავრცელებული გრატაა, თუმცა არ გვხვდება მაღალ მთებში, არქტიკულ რეგიონებში, დასავლეთ ნიდერლანდებში, იბერიის უმეტეს ნაწილსა და საბერძნეთში, ასევე ხმელთაშუა ზღვის მიმდებარე სხვა ქვეყნების დაბლობ რეგიონებში. რუსეთში მრავლდება აღმოსავლეთით ირკუტსკამდე, აგრეთვე უკრაინის უმეტეს ნაწილში. აზიური არეალი ვრცელდება ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში, კავკასიასა და ჩრდილოეთ ყაზახეთში.

ევროპული ჩვეულებრივი გრატების უმეტესობა ზამთარს გამრავლების არეალში ატარებს, მხოლოდ შორეული ჩრდილოეთია დაცარიელებული, თუმცა ზოგი ფრინველი გამრავლების არეალის სამხრეთით, ესპანეთში, იტალიასა და ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნებში გადადის. ჩრდილოეთის ფრინველების მიერ გავლილი მანძილი 500 კმ-ს შეიძლება აღემატებოდეს. აზიური ფრინველები უფრო ძლიერ მიგრანტები არიან: ისინი ჩრდილოეთის დიდ ნაწილს ტოვებენ და ზამთრობენ ერაყში, ირანში და სამხრეთ ცენტრალურ აზიაში. ჩვეულებრივი გრატა შემთხვევით შემომფრენად დაფიქსირებულია არაბთა გაერთიანებულ ემირატებში, ეგვიპტეში, ქუვეითში, მაროკოში, მალტაზე, ჰიმალაიში (ზამთრის შემომფრენი ჩრდილოეთ ავღანეთიდან ცენტრალურ ნეპალამდე, ბალეარის კუნძულებზე, ისლანდიასა და ფარერის კუნძულებზე.

ბრიტანული და ირლანდიური რასის, E. c. caliginosa, ჩვეულებრივი გრატები ახალ ზელანდიაში ადგილობრივმა აკლიმატიზაციის საზოგადოებებმა 1862 წელს შეიყვანეს,[14] და ისინი მალე ძირითად კუნძულებზე გავრცელდნენ. ზოგჯერ ახალი ზელანდიის სუბანტარქტიკულ კუნძულებს სტუმრობენ, თუმცა იშვიათად რჩებიან გასამრავლებლად, ხოლო ავსტრალიის ლორდ ჰაუს კუნძულს რამდენჯერმე მიაღწიეს. მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ გრატას ახალ სამშობლოში სასოფლო-სამეურნეო მავნებლად მიიჩნევდნენ.

ჩვეულებრივი გრატას პოპულაციები ასევე ინტროდუცირებულია ფოლკლენდის კუნძულებზე და სამხრეთ აფრიკაში.

ჩვეულებრივი გრატა მშრალი, ღია ადგილების ფრინველია, სადაც სასურველია სხვადასხვა ტიპის მცენარეულობა და ხეები, რომლებზეც შეუძლია იგალობოს. იგი არ გვხვდება ურბანულ ტერიტორიებზე, ტყეებსა და ჭაობებში. სავარაუდოდ, თავდაპირველად ტყის პირებსა და დიდ გაკაფულ ადგილებზე ბინადრობდა; სარგებელი მიიღო ტრადიციული მიწათმოქმედებისგან, რომელმაც ღობეებითა და ხეთა ჯგუფებით დატვირთული ფართო ღია ადგილები შექმნა.[15]

კვერცხები

გამრავლება ჩვეულებრივ მაისის დასაწყისში იწყება, თუმცა გავრცელების არეალის სამხრეთ ნაწილში ხშირად აპრილში. ჩვეულებრივი გრატები მონოგამიურები არიან და ერთი წლის ასაკში მრავლდებიან. მამრები ტერიტორიებს ღობეების ან ტყის პირების გასწვრივ ადგენენ და ხეზე ან ბუჩქზე გალობენ, ხშირად ივლისსა და აგვისტომდეც. მამრი დედალს ფრთების აწევითა და მისკენ სირბილით ეჩვენება. ბუდეს დედალი აშენებს მიწაზე ან მის სიახლოვეს; ის, ჩვეულებრივ, კარგად დამალულია ბალახსა და ბუჩქებში. აგებულია ახლომდებარე მცენარეული მასალისგან, როგორიცაა ფოთლები, მშრალი ბალახი და ღეროები, ხოლო შიგნიდან წვრილი ბალახითა და ზოგჯერ ცხოველის ბუმბულით არის ამოფენილი. ბუდის დიამეტრი 11,5–13 სმ-ია, სიღრმე — 4–4,5 სმ.

სახეობა სამი–ხუთი მოთეთრო კვერცხს დებს, რომლებსაც, როგორც წესი, წვრილი მუქი ხაზების ბადისებრი ნახატი აქვს. კვერცხის საშუალო ზომაა 21 × 16 მმ, წონა — 2,9 გ, საიდანაც 6% ნაჭუჭია.

დედალი კვერცხებზე 12–14 დღის განმავლობაში ჯდება და ბუმბულით ფარულ, უმწეო ბარტყებს ჩეკავს, ისინი 11–13 დღის შემდეგ იწყებენ ფრენას. ბარტყებს ორივე მშობელი კვებავს ბუდეში და წელიწადში ორ ან სამ ბრარტყს ზრდიან.[16]

გაერთიანებულ სამეფოში ზრდასრულთა წლიური გადარჩენის მაჩვენებელი დაახლოებით 54%-ია, ხოლო პირველ წელს მოზარდებისთვის — 53%. ტიპური სიცოცხლის ხანგრძლივობა სამი წელია,თუმცა დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ჩანაწერები მიუთითებს ფრინველებზე, რომლებმაც 13 წელზე მეტ ხანს იცოცხლეს.[17]

საკვებს ძირითადად მიწაზე ეძებს და რაციონი ძირითადად მცენარეთა თესლებისგან შედგება. მას ნაკლებად იზიდავს ისეთი ზეთოვან მცენარეთა თესლები, როგორიცაა კომბოსტოსებრთა, მას უფრო სახამებლიანი საკვების იზიდავს. ტიპური საკვები მცენარეებია ჭინჭარი (Urtica dioica), ღოლოები (Rumex), და ფარსმანდუკები (Achillea millefolium). მნიშვნელოვანია ასევე ბალახები, განსაკუთრებით მარცვლოვნები; შემოდგომასა და ზამთარში საკვების მნიშვნელოვან ნაწილს მარცვალი შეადგენს, ხორბალსა და შვრიას ქერს უპირატესობას ანიჭებს. გამრავლების გარდა პერიოდში ჩვეულებრივი გრატები გუნდებად იკვებებიან, რომლებიც ზოგჯერ ასობით ფრინველს ითვლის და ხშირად სხვა გრატებსა და სკვინჩებს აერთიანებს.

გამრავლების სეზონზე ჩვეულებრივი გრატა რაციონში უხერხემლოებს ამატებს, განსაკუთრებით მზარდი ბარტყებისთვის. იკვებება სახეობათა ფართო სპექტრით, მათ შორის ზამბარაკუდებით, კალიებით, ბუზებით, ხოჭოებით, მუხლუხოებით, ჭიაყელებით, ობობებითა და ლოკოკინებით. პირველი რამდენიმე დღის განმავლობაში ბარტყებს მხოლოდ უხერხემლოებით კვებავენ, მესამე დღიდან კი მარცვლებსაც აძლევენ, რომელთაც ბარტყები უკვე ეფექტურად ინელებენ. ითვლება, რომ ეს მშობლების მიზანმიმართული ქცევაა, რათა ბარტყებმა ფიზიოლოგია თესლით კვებას მოარგონ.[18]

მტაცებლები და პარაზიტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მიმინო ჩვეულებრივი გრატას მტაცებელია.

ჩვეულებრივი გრატას მტაცებლები არიან მიმინო, [19] ქორი,[20] მცირე მყივანი არწივი და მარჯანი.[21][22] იგი გუგულის — ბუდის პარაზიტის — მნიშვნელოვანი მასპინძელია,[23] თუმცა, როგორც მიწაზე მობუდარი ფრინველის, მისი კვერცხები და ბარტყები მცირე ძუძუმწოვრებისგან, მაგალითად, თაგვებისა და სხვა მღრღნელებისგან, მტაცებლობის მიმართ მოწყვლადია. ბუდეებს ასევე ანადგურებენ ყორნები, ჩხიკვები და კაჭკაჭები. 2012 წელს გერმანიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბუდეების განადგურების 60%-ზე მეტი მტაცებლობით იყო გამოწვეული.[24]

ამ გრატაზე Ceratophyllus და Dasypsyllus გვარების რწყილების ცამეტი სახეობა აღმოაჩინეს,[25]

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი (IUCN) ევროპაში ჩვეულებრივი გრატას პოპულაციას 54–93 მილიონ ინდივიდად აფასებს, რაც ევრაზიაში საერთო ჯამში 73–186 მილიონ ფრინველზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ პოპულაცია კლებადია, კლება არც ისე სწრაფია, რომ მოწყვლადობის კრიტერიუმებს მიაღწიოს. დიდი რაოდენობისა და დაახლოებით 12,9 მილიონი კმ² (5 მილიონი კვ. მილი) მქონე უზარმაზარი გამრავლების არეალის გამო[26] IUCN ამ გრატას ნაკლებად საგანგაშო სახეობად მიიჩნევს.

პოპულაციები ბოლო ათწლეულებში შემცირდა დასავლეთ ევროპაში, მათ შორის ბრიტანეთის კუნძულებზე, ბელგიაში, ნიდერლანდებში, ავსტრიასა და იტალიაში. ჩვეულებრივი გრატა წითელი სიის (სწრაფად კლებადი) სახეობაა ირლანდიასა და გაერთიანებულ სამეფოში.[16][27] 2016 წელს სახეობა მენის კუნძულზე გაქრა.[28]

აღმოსავლეთ ევროპაში რიცხვები სტაბილურია, თუმცა რუსეთში ტენდენცია უცნობია. გამრავლების სიმჭიდროვის შემცირებას სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ცვლილებებს მიაწერენ. ახალ ზელანდიაში ინტროდუცირებული პოპულაცია ძალიან წარმატებულია და გამრავლების სიმჭიდროვე გაცილებით მაღალია, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოში.[29]

ჩვეულებრივი გრატა საქართველოში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩვეულებრივი გრატა საქართველოს ფრინველთა ნუსხაშია შეტანილი.[30] საქართველო მოხსენიებულია იმ ქვეყნებს შორის, სადაც სახეობა გვხვდება.

მისი გავრცელების არეალი კავკასიასაც მოიცავს, ხოლო აღმოსავლური ქვესახეობა, E. c. erythrogenys, იზოლირებული პოპულაციებით წარმოდგენილია შავი ზღვის აღმოსავლეთით და კავკასიაში.[31]

ჯონ კლერი ჩვეულებრივ გრატაზე ორი ლექსის ავტორია.

ჩვეულებრივი გრატა თვალსაჩინო, ხმაურიანი და ფართოდ გავრცელებული სოფლის ფრინველია, რამაც ადამიანების ინტერესი მრავალმხრივ გამოიწვია. ინგლისში, დორჩესტერთან ახლოს მდებარე იელოუჰემ-ვუდის და იელოუჰემ-ჰილის სახელწოდებას ამ ფრინველისგან იღებენ. რობი ბერნსის ლექსი „ყვითელი, ყვითელი იორლინი“ სათაურს სწორედ ჩვეულებრივი გრატას შოტლანდიური სახელიდან იღებს.'“[32] ფრინველისა და მისი ქცევის უფრო ფაქტობრივი აღწერები გვხვდება ჯონ კლერის „გრატის ბუდე“-სა და „გრატა“-ში.[33][34]

ბეთჰოვენის მოსწავლე კარლ ჩერნი და ბიოგრაფი ანტონ შინდლერი ორივე ვარაუდობდნენ, რომ კომპოზიტორმა მე-5 სიმფონიის პირველი ოთხი ნოტის იდეა ჩვეულებრივი გრატას გალობიდან აიღო, თუმცა უფრო სავარაუდოა, რომ საუბარი მე-4 საფორტეპიანო კონცერტის დასაწყისზე იყოს.[35][36] ბეთჰოვენმა ჩვეულებრივი გრატას თემა ორ საფორტეპიანო სონატაშიც გამოიყენა: No. 21 დო მაჟორში („ვალდშტაინი“, Op. 53) და No. 23 ფა მინორში („აპასიონატა“, Op. 57).[35]

ოლივიე მესიანი ხშირად იყენებდა ფრინველთა გალობას მუსიკის შთაგონებისთვის და ჩვეულებრივი გრატა მონაწილეობს ნაწარმოებებში ქრონოქრომია,[37] Catalogue d'oiseaux,[38] ბაღის მგალობელი და ფიქრები წმინდა სამების საიდუმლოზე,[39][40][32][41]

  1. ↑ Linnaeus (1758) გვ. 177.
  2. ↑ Jobling (2010) გვ. 145.
  3. ↑ Jobling (2010) გვ. 110.
  4. ↑ საქართველოს სასარგებლო ფრინველები. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
  5. ↑ გრატა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-07-15. ციტირების თარიღი: 2026-10-11
  6. ↑ Winkler, David W.; Billerman, Shawn M.; Lovette, Irby J.. Emberizidae. Cornell Lab of Ornithology. ციტირების თარიღი: 6 September 2022
  7. ↑ Olsson, U., Curson, J. & Svensson, L. (1995). Identification of Yellowhammers and their hybrids. British Birds, 88, 231–236.
  8. ↑ Olsson, U., Curson, J. & Svensson, L. (1995). Identification of Yellowhammers and their hybrids, pp. 111–114.
  9. ↑ Porter, R. F. & Aspinall, S. (2011). Birds of the Middle East. Princeton University Press, p. 208.
  10. ↑ Brown, Georgia (12 January 2017). „Lost British birdsong discovered in New Zealand birds“. The Guardian. ციტირების თარიღი: 12 January 2017.
  11. ↑ Diblíková, Lucie; Pipek, Pavel; Petrusek, Adam; Svoboda, Jiří; Bílková, Jana; Vermouzek, Zdeněk; Procházka, Petr; Petrusková, Tereza (2019). „Detailed large-scale mapping of geographical variation of Yellowhammer Emberiza citrinella song dialects in a citizen science project“. Ibis. 161 (2): 401–414. doi:10.1111/ibi.12621.
  12. ↑ Caro, Samuel P.; Keulen, Christine; Poncin, Pascal (2009). „Song repertoires in a Western European population of Yellowhammers Emberiza citrinella“. Acta Ornithologica. 44 (1): 9–16. doi:10.3161/000164509X464830.
  13. ↑ Baker, Myron Charles; Bjerke, Tore K.; Lampe, Helene U.; Espmark, Yngve O. (1987). „Sexual response of female Yellowhammers to differences in regional song dialects and repertoire sizes“. Animal Behaviour. 35 (2): 395–401. doi:10.1016/S0003-3472(87)80263-4.
  14. ↑ Oliver (1955) გვ. 635.
  15. ↑ Long, John L. (1981). Introduced Birds of the World. Agricultural Protection Board of Western Australia. გვ. 21–493
  16. 1 2 Yellowhammer Emberiza citrinella [Linnaeus, 1758]. Bird Facts. British Trust for Ornithology (16 July 2010). ციტირების თარიღი: 27 April 2014
  17. ↑ European Longevity Records. EURING. ციტირების თარიღი: 15 April 2014
  18. ↑ Orłowski, G.; Wuczyński, A.; Karg, J.; Grzesiak, W. (2017). „The significance of seed food in chick development re-evaluated by tracking day-to-day dietary variation in the nestlings of a granivorous passerine“. Ibis. 159 (1): 124–138. doi:10.1111/ibi.12410.
  19. ↑ Jedrzejewska & Jedrzejewski (1998) გვ. 257.
  20. ↑ Jedrzejewska & Jedrzejewski (1998) გვ. 250.
  21. ↑ Jedrzejewska & Jedrzejewski (1998) გვ. 272.
  22. ↑ Jedrzejewska & Jedrzejewski (1998) გვ. 282.
  23. ↑ Glue, David; Morgan, Robert (1972). „Cuckoo hosts in British habitats“. Bird Study. 19 (4): 187–192. doi:10.1080/00063657209476342.
  24. ↑ Ludwig, Martin; Schlinkert, Hella; Holzschuh, Andrea; Fischer, Christina; Scherber, Christoph; Trnka, Alfréd; Tscharntke, Teja; Batáry, Péter (2012). „Landscape-moderated bird nest predation in hedges and forest edges“. Acta Oecologica. 45: 50–56. doi:10.1016/j.actao.2012.08.008.
  25. ↑ Distribution of British fleas. Natural History Museum. ციტირების თარიღი: 25 April 2014
  26. ↑ Yellowhammer Emberiza citrinella. BirdLife International. ციტირების თარიღი: 24 April 2014
  27. ↑ Kingston, N. Checklist of protected & rare species in Ireland. National Parks & Wildlife Service. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 27 April 2014
  28. ↑ Bellamy, David (2022). „Extinct: the Loss of the Yellowhammer Emberiza citrinella in the Isle of Man“. Peregrine. Isle of Man: Manx Ornithological Society. 13: 190–211.
  29. ↑ Komdeur, Jan (2014). „Failed introductions: finches from outside Australia“, Invasion Biology and Ecological Theory Part II: Modern Invaders, გვ. 330. ISBN 9781107035812. 
  30. ↑ Avibase bird checklist – Georgia.
  31. ↑ Yellowhammer (Emberiza citrinella).
  32. 1 2 Cocker & Mabey (2005) გვ. 460–461.
  33. ↑ Clare. (1835)The Rural Muse, Poems.
  34. ↑ Haughton et al. (1994) გვ. 139.
  35. 1 2 Bowden, Sylvia (2008). „The theming magpie: the influence of birdsong on Beethoven motifs“. The Musical Times. Musical Times Publications Ltd. 149 (1903): 17–35. doi:10.2307/25434536. JSTOR 25434536.
  36. ↑ Thayer (1991) გვ. 437.
  37. ↑ Dingle & Fallon (2013) გვ. 155–158.
  38. ↑ Shenton (2008) გვ. 61–63.
  39. ↑ Bruhn (2008) გვ. 144.
  40. ↑ Dingle & Fallon (2013) გვ. 170–171.
  41. ↑ Opie, Iona Archibald; Opie, Peter (1987) The lore and language of schoolchildren. Oxford University Press. ISBN 978-0-19-282059-4.