ჩვეულებრივი გველგესლა
ჩვეულებრივი გველგესლა | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Vipera berus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 47756146 | |||||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||||
გავრცელება ევროპის მასშტაბით | |||||||||||||||||
|
ჩვეულებრივი გველგესლა[1] (ლათ. Vipera berus) — შხამიანი გველი გველგესლასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 75 სმ-ს აღწევს, არეალის ჩრდილოეთით გვხვდება ისეთი ეგზემპლარები, რომელთა სიგრძე 1 მეტრს შეადგენს. დედალი, ჩვეულებრივ, მამალზე დიდია. თავი მკვეთრადაა გამოკვეთილი კისრისგან, ზედა მხარეზე აქვს 3 დიდი (შუბლის და 2 კეფის) ფარი. დინგის წვერი მომარგვალებულია, ცხვირის ნახვრეტი გაჭრილია ცხვირის დარის შუაში. ტანის შეფერილობა იცვლება რუხიდან წითელ-მურამდე, დამახასიათებელია მუქი ზიგზაგური ზოლი ზურგზე და იქსისებრი ნახატი თავზე. ჩრდილოეთში ხშირია შავი ფორმები.[2]
ფართოდაა გავრცელებული ევრაზიაში. ვრცელდება სკანდინავიიდან და ბალტიისპირეთიდან სამხრეთით (იბერიის ნახევარკუნძულის, იტალიისა და თითქმის მთლიანი საბერძნეთის გარდა), საფრანგეთამდე, ბრიტანეთამდე, აღმოსავლეთით — მთელი რუსეთის გავლით სახალინამდე, მონღოლეთამდე, ჩრდილოეთ კორეამდე და ჩინეთამდე. ბალკანეთში ფართოდაა მაღალმთიან ზონაში და აქვს ფრაგმენტული არეალი.[3] მთებში აღწევს 3000 მეტრამდე. ტერიტორიაზე მათი განლაგება ერთობ არათანაბარია. ხელსაყრელ ადგილებში ქმნიან დიდ შეკრებებს — ე. წ. გველების კერებს, სადაც მათი სიმჭიდროვე შეიძლება 1 ჰექტარზე 90 ინდივიდი იყოს, თუმცა ხშირად არ აღემატება 3–8-ს. გამოზამთრების შემდეგ, ჩვეულებრივ, გამოდიან აპრილ-მაისში. ზაფხულში ყველაზე მეტად გვხვდება ცხოველების სოროებში, დამპალ ჯირკებში, ბუჩქებში, ნაპრალებში.[2]
შეწყვილება მიმდინარეობს მაისის შუა ნახევრიდან ივნისის დასაწყისამდე. კვერცხცოცხლადმშობია; შთამომავლობის მასიური შობა აგვისტოში მიმდინარეობს. არეალის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში გველგესლა ახალ თაობას უკვე ერთ წელიწადში იძლევა. იბადებიან 17 სმ სიგრძისანი და უკვე შხამიანები არიან.[2]
გველგესლა ხშირად თბება მზის გულზე. ნადირობს ძირითადად ღამით. რაციონში ჭარბობს წვრილი მღრღნელები, ბაყაყები, მწერები. ადამიანთან შეხვედრის დროს ცდილობს დაიმალოს. საფრთხის შემთხვევაში აქტიურად იცავს თავს, სისინებს, ასრულებს მუქარის გამომხატველ ნახტომებს და განსაკუთრებით საშიშ საკბენ ნახტომს, რასაც ყველაზე ადვილად იწვევს მოძრავი მოწინააღმდეგე. ამიტომ, მასთან შეხვედრის დროს არ შეიძლება მკვეთრი მოძრაობები. არ არის რეკომენდებული გველის კუდით დაჭერა, რადგან კბენის შესაძლებლობა გამორიცხული არაა.[2]
გველგესლას ნაკბენს თან ახლავს ადგილობრივი ტკივილი, ჰემორაგიული შეშუპების გავრცელება, სისუსტე, გულისრევა, თავბრუსხვევა. შესაძლებელია გულის მოქმედების დარღვევა და თირკმლის უკმარისობის განვითარება.[2]
თვითმკურნალობა დაუშვებელია. ანტიდოტის სახით რეკომენდებულია გველსაწინააღმდეგო შრატი „ანტიგიურზა“. შხამი შეიცავს ფერმენტებს, მათ შორის პროტეაზებს, ფოსფოდიესტერაზას, 5′-ნუკლეოტიდაზას, ფოსფოლიპაზა A2-ს, ჰიალუნორიდაზას, კინინოგენაზას და სხვა. შხამი შედის სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატის შემადგენლობაში.[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ common viper — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Орлов Б. Н., Гелашвили Д. Б., Ибрагимов А.К. Ядовитые животные и растения СССР. — М.: «Высшая школа», 1990. — стр. 107–109, 272 c., 230 000 экз. ISBN 5-06-001027-9.
- ↑ J.C. Isailovic; M. Vogrin; C. Corti; P. Sá-Sousa; M. Cheylan; J.M. Pleguezuelos; L. Tomović; B. Sterijovski; U. Joger; A. Westerström; B. Borczyk; B. Schmidt; A. Meyer; R. Sindaco; D. Jelić (2009). „Vipera berus“. IUCN Red List of Threatened Species. 2009: e.T157248A5059709. ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: იყენებს ავტორის პარამეტრს (link)