ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია (ჩეჩ. Нохчийн Республикан Ӏилманийн академи) — ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო აკადემია, სამეცნიერო კვლევების ცენტრი. მდებარეობს გროზნოში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია დაარსდა 1992 წელს. მისი პირველი პრეზიდენტი გახდა ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, რუსეთის ფედერაციის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ხამზათ იბრაგიმოვი. პირველ ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს კავკასიათმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ჯაბრაილ გაკაევი.

შექმნისთანავე მეცნიერებათა აკადემიის წინაშე დადგა სერიოზული პრობლემები, რომელიც დაკავშირებული იყო საზოგადოებრივი სტრუქტურების, მათ შორის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სისტემის დეგრადაციასთან. სიტუაცია უფრო გაუარესდა რესპუბლიკის ხელმძღვანელობის პოლიტიკური კურსის შედეგად. აღნიშნულ სიტუაციას დაერთო ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები, რომელმაც მნიშვნელოვნად დააზარალა სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფერო, განადგურდა მეცნიერებისა და განათლების მატერიალური ბაზები, მოხდა სამეცნიერო და პედაგოგიური პერსონალის მნიშვნელოვანი ნაწილის გადინება, განადგურდა საბიბლიოთეკო ფონდები.

2000 წელს ახმად კადიროვი შეხვდა რესპუბლიკის სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლის შემდეგაც მიიღეს გადაწყვეტილება აღედგინათ მეცნიერებათა აკადემია, როგორც სახელმწიფოებრივი სამეცნიერო დაწესებულება, დაიწყო დაფინანსება, გამოიყო თანხები სამეცნიერო ნაშრომების დასაწერად და მეცნიერებათა აკადემიის შენობის ასაშენებლად, რადგან ძველი შენობა საომარი მოქმედებების დროს განადგურდა[1].

2006 წლის ივლისში ხამზათ იბრაგიმოვის გარდაცვალების შემდეგ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს, ისტორიის ემცნიერებათა დოქტორი შახრუდინ გაფუროვი.

სტრუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემია მოიცავს შემდეგ ქვედანაყოფებს:

  • ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტი
  • მასალათმცოდნეობის პრობლემების ცენტრი

ასევე მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმეის ქვედანაყოფები:

  • ბიოლოგიისა და ეკოლოგიის
  • დედამიწათმცოდნეობის
  • მედიცინის

დღევანდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამჟამად მეცნიერებათ აკადემიაში მუშაობს 16 მოქმედი წევრი, 13 წევრ-კორესპონდენტი, 37 დოქტორი და 58 მეცნიერებათა კანდიდატი. მათი ნაშრომები ქვეყნდება დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჩინეთში, პოლონეთში და აშშ-ში.

2008-2011 წლებში ჰუმანიტარული მიმართულების მკვლევარებმა გამოსცეს 49 მონოგრაფია და საავტორო კრებული, დაახლოებით ათასი სტატია, გაიმართა 14 საერთაშორისო და რუსეთის სამეცნიერო და სასწავლო-პრაქტიკული კონფერენცია. მოამზადეს ოთხტომიანი ნაშრომი „ჩეჩნეთის ისტორია უძველესი დროიდან დღემდე“; დაიწყეს მუშაობა „ჩეჩნური ენის დიდ ლექსიკონზე“; გრძელდება მრავალტომიანი სერიის გამოცემა ჩეჩნური ფოლკლორის შესახებ.

გამოიცა „ჩეჩნური ენის გრამატიკა“, რომელზეც 10 წლის განმავლობაში მუშაობდნენ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები ა. ხალიდოვი, ვ. ტიმაევი და მ. ოვხადოვი.

2006 წლიდან საერთო ჯამში გამოსცეს 500 წიგნი, მათ შორის მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, სტატიები და მასალების კრებულები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Академии наук Чеченской Республики 20 лет. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-09. ციტირების თარიღი: 2014-08-09.