ლიზა ჩერქეზიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩერქეზიშვილი, ელისაბედ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩერქეზიშვილი.
ლიზა ჩერქეზიშვილი
დაბადების სახელი ელისაბედ ჩერქეზიშვილი
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი, 1863
კოშკა, გორის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 17 ოქტომბერი, 1948 (84 წლის)
თბილისი, საქართველო
საქმიანობა მსახიობი

ელისაბედ (ლიზა) ალექსანდრეს ასული ჩერქეზიშვილი (დ. 14 ნოემბერი, 1863, სოფ. კოშკა, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი — გ. 17 ოქტომბერი, 1948, თბილისი) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი. საზოგადო მოღვაწისა და ეთნოგრაფის ნიკოლოზ ხიზანაშვილის (ურბნელი) მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

9 წლის გოგონა მიაბარეს გორის კერძო სასწავლებელში. მამის ახირების გამო 6 თვის შემდეგ მიატოვებინეს სკოლა და 16 წლამდე შინაური განათლების მისაღებად დაჰყავდათ სოფელ-სოფელ ოჯახის ნათესავებთან. იმავე ხანებში მონაწილეობდა პირველ სამოყვარულო წარმოდგენებში, ხოლო პროფესიულ სცენაზე ე. ჩერქეზიშვილის დებიუტი გაიმართა 1886 წლის 15 სექტემბერს ვ. დიაჩენკოს პიესაში „ეხლანდელი სიყვარული“.

თეატრში შესრულებული როლებია: სარა და ხანუმა (აქვსენტი ცაგარელის „ხანუმა“), ელისაბედი (რაფიელ ერისთავის „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“), კატინა (აქვსენტი ცაგარელის „რაც გინახავს, ვერარ ნახავ“), ანა ანდრეევნა (ნიკოლოზ გოგოლის „რევიზორი“) და სხვა.

20-იან წლებში მსახიობმა მუშაობა დაიწყო რუსთაველის თეატრში, ხოლო 1932 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე კოტე მარჯანიშვილის თეატრის წამყვანი იყო. აქ შექმნა მან ასევე დაუვიწყარი სახეები: ნენე (ზურაბ ანტონოვის „მზის დაბნელება საქართველოში“), ხორეშანი (შალვა დადიანის „ჩატეხილი ხიდი“), მაკრინე (ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“), მარიამი (ვასილი შკვარკინის „უბრალო გოგონა“) და სხვები.

ელისაბედ ჩერქეზიშვილს საინტერესო როლები აქვს შესრულებული კინოშიც. მაგალითად, დასამახსოვრებელია მისი ჯუფანა („ვინ არის დამნაშავე?“), ხანუმა („ხანუმა“), დედა („ორი მონადირე“), აგრეთვე ეპიზოდრიროლები „ჯანყი გურიაში“, „ქალი გაღმიდან“, „გიორგი სააკაძე“ და სხვა.

1941 წელს, იოსებ გრიშაშვილის რედაქციით, გამოქვეყნდა ლიზას მოგონებები, მოთხრობები და წერილები: „აღდგომის ღამე“, „მსახიობთა დღე“, „პეტერბურგის თეატრები“, „სცენა სოფლად“, „საბრალო ნენე“, „სამოცი წლის არშიყნი“ და სხვები.[1]

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 378, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ელისაბედ ჩერქეზიშვილი. feminism-boell.org. ციტირების თარიღი: 6 ივნისი 2014