მონტენეგროს ისტორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩერნოგორიის ისტორია)
Jump to navigation Jump to search
რომაული საგზაო სისტემა ჩერნოგორიაში.

მონტენეგროს ისტორიამონტენეგრო როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა XVIII საუკუნეში. იგი იყო პირველი ბალკანური სახელმწიფო, რომელიც გამოეყო ოსმალეთის იმპერიას. ქვეყნის დედაქალაქი იყო ცეტინე. ამ ფორმით არსებობდა პირველ მსოფლიო ომამდე, რომლის შემდეგაც იგი შევიდა სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს შემადგენლობაში. 1992 წლიდან, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სერბეთთან ერთად 2003 წლამდე შედიოდა იუგოსლავიის სამოკავშირეო რესპუბლიკის შემადგენლობაში. 2003-2006 წლებში შედიოდა სერბეთი და ჩერნოგორიის შემადგენლობაში, ხოლო 2006 წლის 21 მაისის დამოუკიდებლობის რეფერენდეუმის საფუძველზე 3 ივნისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამჟამად დედაქალაქია პოდგორიცა, მთავარი ქალაქია ცეტინე.

ანტიკური პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტიკურ პერიოდში ჩერნოგორიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ილირიელები. მოგვიანებით ბერძენმა კოლონისტებმა ზღვის სანაპიროზე დააარსეს ქალაქები და მთელი ტერიტორია შევიდა რომის (მოგვიანებით ბიზანტიის) იმპერიის შემადგენლობაში.

შუა საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დუკლიის სახელმწიფო

ქვეყნის ტერიტორიის სლავებით დასახლება დაიწყო VI საუკუნეში. VII საუკუნის დასაწყისში რომის იმპერიის ყოფილ კოლონიაზე დაარსდა დუკლიის სახელმწიფო. მისი დედაქალაქი იყო რომაული ქალაქი დოკლეა (თანამედროვე პოდგორიცის რაიონი). დუკლია თავდაპირველად ფორმაურად შედიოდა ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში.

1042 წელს მთავარ სტეფან ვოისლავის მმართველობის დროს დუკლიის ჯარმა დაამარცხა ბიზანტიის არმია ქალაქ ბართან. სლავურმა სახელმწიფომ ამის შემდეგ ბიზანტიისაგან მალევე მოიპოვა დამოუკიდებლობა. XI საუკუნიდან ამ სახლმწიფოს უფრო ხშირად მოიხსენიებენ ზეტას სახელწოდებით.1439 წელს ზეტაში დამყარდა ვენეციის პროტექტორატი, ხელისუფლებაში მოვიდნენ ჩერნოევიჩები, ხოლო ქვეყანას ეწოდა ჩერნოგორია. ივან I-მა დედაქალაქი გადაიტანა ცეტინეში.

1499 წელს ოსმალებმა დაიმორჩილეს ჩერნოევიჩები, მონტენეგრო ინარჩუნებდა ავტონომიას ოსმალეთის იმპერიაში, ჰყავდა საკუთარი მთავრობა, სასამართლო და მუდმივი ჯარი.

ახალი ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსმალეთ-ვენეციის ომის შემდეგ (1645-1669 წწ.) ქვეყანამ კვლავ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ერთადერთი ძალა, რომელმაც შეინარჩუნა მშვიდობა დაპირისპირებულ კლანებს შორის, იყო ცეტინეს მიტროპოლიტი. მიტროპოლიტმა დანილო ნეგოშმა გამოიყენა ეკლესიიდან განკვეთის უფლება და დაამყარა პეტროვიჩების საეკლესიო და პოლიტიკური ხელისუფლება.

ჩერნოგორია იყო პირველი სახელმწიფო ბალკანეთის ტერიტორიაზე, რომელიც გამოეყო ოსმალეთის იმპერიას, მაგრამ არ გააჩნდა საერთაშორისო აღიარება. 1876 წლის 30 ივნისს ჩერნოგორიის სამთავრომ სერბეთის სამეფოსთან ერთად ომი გამოუცხადა ოსმალეთის იმპერიას. 1878 წლის 13 ივლისს ბერლინის კონგრესმა აღიარა ჩერნოგორიის სამთავროს დამოუკიდებლობა. 1905 წელს ქვეყანაში მიიღეს კონსტიტუცია. 1910 წელს მთავარმა ნიკოლა I-მა მიიღო მეფის ტიტული. 1910-1918 წლებში ჩერნოგორია ატარებდა სამეფოს სახელს. 1914-1916 წლებში იბრძოდა ანტანტის მხარეზე, თუმცა ავსტრია-უნგრეთმა მოახდინა მისი ოკუპაცია. 1918 წელს გათავისუფლდა ავსტრია-უნგრეთის უღლისგან და მალევე ქვეყნის საკანნმდებლო ორგანომ მიიღო გადაწყვეტილება შესულიყო იუგოსლავიის შემადგენლობაში.

მეორე მსოფლიო ომის დროს ჯერ იტალიის (1941-1943 წწ.), ხოლო შემდეგ გერმანიის (1943-1944 წწ.) ჯარებმა მოახდინეს ჩერნოგორიის ოკუპაცია. 1945-1992 წლებში ჩერნოგორია იუგოსლავიის შემადგენლობაშია. 1992 წლის 23 აპრილიდან 2003 წლის 4 თებერვლამდე ჩერნოგორია მცირე იუგოსლავიის (იუგოსლავიის სამოკავშირეო რესპუბლიკა) შემადგენლობაშია. 2003-2006 წლებში სერბეთისა და ჩერნოგორიის შემადგენლობაშია.

2006 წლის 3 ივნისს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. სერბეთმა 15 ივნისს უკვე აღიარა მისი დამოუკიდებლობა. 21 ივნისიდან ეუთო-ს, ხოლო 28 ივნისიდან გაეროს წევრია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: