ჩემი მეგობარი ჰიტლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჩემი მეგობარი ჰიტლერი“
ავტორი იუკიო მიშიმა
ქვეყანა იაპონია
ენა იაპონური
ჟანრი ნეოკლასიკური დრამა
გამომცემელი Shinchosha
გამოცემის თარიღი 10 დეკემბერი, 1968
გვერდი 144

ჩემი მეგობარი ჰიტლერი (იაპონ. わが友ヒットラー, Waga Tomo Hittorā) — იაპონელი მწერლისა და დრამატურგის, იუკიო მიშიმას 1968 წლის ნეოკლასიკური პიესა, რომელიც სცენაზე პირველად გამოცემიდან ერთი წლის შემდეგ, 1969 წლის იანვარში დაიდგა.[1][2] საინტერესოა, რომ ერთ-ერთ სპექტაკლში ადოლფ ჰიტლერის როლი თავად მიშიმამ მოირგო.

ინსპირაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიშიმა შთაგონებული იყო ცნობილი გერმანელი სამხედრო მოღვაწისა და ნაცისტური პარტიის ერთ-ერთი დამაარსებლის, ერნსტ რემის მკვლელობით, ე.წ. გრძელი დანების ღამის ინციდენტისას. მიუხედავად ამისა, გავლენის ძირითად წყაროს მისი სხვა პიესა წარმოადგენდა. გამომდინარე იქიდან, რომ მიშიმას სხვა პიესის - მადამ დე სადი (1965) - როლებში მხოლოდ ქალი მსახიობები იღებდნენ მონაწილეობას, ავტორმა ისურვა, რომ ზემოხსენებულ პიესაში მხოლოდ კაცი მსახიობები ეთამაშა. მისივე თქმით, მას სურდა დაემსხვრია ის მცდარი შეხედულება, რომ თითქოს მას არ შეეძლო ორივე სქესის მქონე პერსონაჟების შექმნა.[3]

დადგმის შესახებ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიესაში ვხვდებით ოთხ მთავარ პერსონაჟს - ადოლფ ჰიტლერს, გუსტავ კრუპს, გრეგორ შტრასერსა და ერნსტ რემს (რომლის ხელნაწერიდანაც პიესის სათაურია აღებული). სიუჟეტის ვითარდება 1934 წლის ზაფხულში, ბერლინის კანცელარიაში. სპექტაკლის მიმოხილვები და კრიტიკა განსხვავებულია - ზოგი მას მკვეთრად ფაშისტურ, ზოგიც ანტიფაშისტურ ნიმუშად აღიქვამს.[4]

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

დადგმა იწყება იმით, რომ ჰიტლერი სიტყვით გამოდის გერმანელი ხალხის წინაშე, რა დროსაც მისი ორი კოლეგა - კრუპი და რემი - შემოდიან შეხვედრაზე დასასწრებად. ისინი ჩუმად ესაუბრებიან ერთმანეთს და განიხილავენ ე.წ. „რკინის თაიგულის“ თემას, რაც წარმოადგენს ერთგვარ მეტაფორას კაცობრიობის ისტორიაში დაწყებული დიდი წინსვლისა, ასევე ჰიტლერის ლიდერის თვისებების უკეთ გამოვლენისა და ა.შ.

მოგვიანებით, ყრილობაზე შემოდის შტრასერი, რომელსაც დაძაბული ურთიერთობა აქვს რემთან. კრუპი მათ ურთიერთობას აღწერს, როგორც „კატა-თაგვობანას“. შტრასერი ამბობს, რომ ქვეყანას ომის შედეგად მიღებული მოგება უნდა გადაეცეს, რაზეც რემს მწვავე რეაქცია აქვს და შტრასერს სოციალისტად მოიხსენიებს. სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ ჰიტლერი თავის გუნდელებთან მიდის და იღებს შეტყობინებას იმის შესახებ, რომ მოსახლეობა აღფრთოვანებული იყო მისი გამოსვლით და, მეტიც, მას ხელოვანიც კი უწოდეს.

ამის შემდეგ მიდის დიალოგი ჰიტლერსა და რემს შორის, თუ რამდენად ახლოს იყვნენ ისინი ერთმანეთთან, თუმცა ახლა, როცა ისინი სახელმწიფო საქმეში ერთობლივად არიან ჩართულნი, აღარ აქვთ ძველი დღეების გახსენების დრო. ჰიტლერი გადაწყვეტს, ერთი დღით ჩამოშორდეს პოლიტიკურ სამსახურს, შედეგად, რემი იწყებს მისთვის ყოველივე იმის სწავლებას, რასაც კარგი სამხედრო ლიდერი საჭიროებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Hiroshi Nara (2007). Inexorable Modernity: Japan's Grappling with Modernity in the Arts. Lexington Books, გვ. 151–. ISBN 978-0-7391-1842-9. 
  2. (8 May 2014) Modern Asian Theatre and Performance 1900-2000. A&C Black, გვ. 47–. ISBN 978-1-4081-7720-4. 
  3. Mishima, Yukio (2011). My Friend Hitler and Other Plays by Yukio Mishima. New York: Columbia University Press, გვ. 112–113pp pages. ISBN 9780231126335. 
  4. Kim A. Адольф, кому ты друг? დაარქივებული 2012-07-17 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links