შინაარსზე გადასვლა

ჩედომილ მიატოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩედომილ მიატოვიჩი
დაბადების თარიღი 17 ოქტომბერი, 1842(1842-10-17)
დაბადების ადგილი ბელგრადი
გარდაცვალების თარიღი 14 მაისი, 1932(1932-05-14)[1] (89 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლონდონი
მოქალაქეობა სერბეთი
მეუღლე/ები Elodie Lawton
ჯილდოები Knight of the Order of the White Eagle, Order of the Cross of Takovo და საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი

გრაფი ჩედომილ მიატოვიჩი (სერბ. Чедомиљ Мијатовић, დ. 17 ოქტომბერი, 1842, ბელგრადი, სერბეთის სამთავრო — გ. 14 მაისი, 1932, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — სერბი ეკონომისტი, მწერალი, პუბლიცისტი, ისტორიკოსი, პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, სერბეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სენტ-ჯეიმსის სამეფო კარზე (დიდი ბრიტანეთი) 1884-1885, 1895-1900 და 1902-1903 წლებში. სერბეთის სამთავროსა და სამეფოს ფინანსთა მინისტრი (1872, 1875, 1880-1883, 1886-1887, 1888-1889, 1894 წლებში), საგარეო საქმეთა მინისტრი (1886-1887, 1888-1889). სერბეთის სამეფო მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის პრეზიდენტი (1888–1889).

ჩედომილ მიატოვიჩი დაიბადა 1842 წლის 17 ოქტომბერს, ბელგრადში. ის იყო სერბი იურისტისა და პედაგოგის შვილი ვოევოდინადან. 1863-1865 წლებში სწავლობდა სამართალს ლაიფციგის, მიუნხენის, ვენისა და ციურიხის უნივერსიტეტებში.

შემდგომში მუშაობდა ავსტრიის ეროვნულ ბანკსა და საკრედიტო დაწესებულებებში. 1865 წელს დასახლდა სერბეთში, სადაც ბელგრადის უმაღლეს სკოლაში (დღევანდელი ბელგრადის უნივერსიტეტი) კითხულობდა ლექციებს პოლიტიკური ეკონომიის განხრით. პროფესორის წოდება 1866 წელს მიიღო.

ჩედომილ მიატოვიჩს ეკავა მაღალი სახელმწიფო ადმინისტრაციული თანამდებობები. იყო ბელგრადის საარბიტრაჟო სასამართლოს მდივანი, კონსტიტუციური კომიტეტის წევრი (1869), გამოდიოდა საყოველთაო საარჩევნო უფლებებისა და სერბეთში ორპალატიანი პარლამენტის შემოღების მხარდასაჭერად.

1842, 1875, 1880–1883 და 1894 წლებში იკავებდა სერბეთის ფინანსთა მინისტრის პოსტს. პასუხისმგებელი იყო მეტრული სისტემისა და სერბული დინარის შემოღებაზე. 1873 წელს იყო სახელმწიფო ქონების მინისტრი.

აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში. იგი იყო იოვან რისტიჩის ახლო მოკავშირე და სერბეთის ლიბერალური პარტიის გამორჩეული წევრი. მსახურობდა მომავალი მეფის, მილან I ობრენოვიჩის პირად მდივნად.

მოგვიანებით, 1874 წელს გადავიდა ე.წ. ახალგაზრდა კონსერვატორების ბანაკში. 1880 წელს გახდა სერბეთის პროგრესული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. მეფემ მას დაავალა მთავრობის ფორმირება, სადაც ჩედომილ მიატოვიჩმა დაიკავა ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტები. მისი საქმიანობის პერიოდში გაფორმდა სავაჭრო ხელშეკრულება ავსტრიასთან, დაიდო შეთანხმებები უცხოელ ინვესტორებთან სერბეთში პირველი რკინიგზების მშენებლობაზე, შემოღებულ იქნა ახალი არაპირდაპირი გადასახადები, აღებულ იქნა სესხები უცხოეთში და დაარსდა ეროვნული ბანკი.

ჩედომილ მიატოვიჩმა მონაწილეობა მიიღო ბუქარესტის სამშვიდობო ხელშეკრულების დადებაში 1886 წელს, რომელმაც დაასრულა სერბეთ-ბულგარეთის ომი.[2]

1884-1885, 1895-1900 და 1902-1903 წლებში იყო სერბეთის წარგზავნილი ლონდონში და 1901 წლიდან იყო სერბეთის სამეფოს სენატის წევრი.

ბუქარესტის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის მონაწილეები. ჩედომილ მიატოვიჩი ზის მარცხნიდან პირველი.

ჩედომილ მიატოვიჩი სერბეთის ისტორიის თემაზე მრავალი ნაშრომის ავტორია. გამოაქვეყნა რამდენიმე კვლევა სერბეთის ისტორიაზე (ძირითადად სერბეთის მეცნიერთა საზოგადოების ჟურნალში „გლასნიკი“). აქტიურად ავრცელებდა სერბული კულტურისა და პოლიტიკის შესახებ ცნობებს დიდ ბრიტანეთში. სერბეთის შესახებ სტატიების უმრავლესობა, რომელიც შეტანილია „ბრიტანიკის“ მეთერთმეტე გამოცემაში (1910-1911), მის მიერ არის დაწერილი. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრები ეხება ალექსანდრე ობრენოვიჩის მკვლელობას, სერბეთის ისტორიას და მის მოგონებებს დიპლომატიური სამსახურის შესახებ.

  • Count Chedomille Mijatovich, The Memoirs of a Balkan Diplomatist (London, New York, Toronto and Melbourne: Cassel and Co., 1917).
  • Uroš Džonić, "Čedomilj Mijatović", Godišnjica Nikole Čupića, vol. XLII (1933), pp. 190–212.
  • Slobodan Jovanović, Vlada Milana Obrenovića (The Rule of Milan Obrenović), in 2 vol., Belgrade, 1926 and 1927.
  • Slobodan Jovanović, Vlada Aleksandra Obrenovića (The Rule of Aleksandar Obrenović), collected works, vol. 12, Belgrade: Geca Kon, 1936.
  • Simha Kabiljo-Šutić, Posrednici dveju kultura. Studije o srpsko-engleskim književnim i kulturnim vezama (Mediators between two Cultures. Studies on Serbian-English Literary and Cultural Relations), Belgrade: Institut za književnost i jezik, 1989.
  • Slobodan G. Markovich, British Perceptions of Serbia and the Balkans, 1903–1906 (Paris: Dialogue, 2000). ANSES at www.anses.rs...
  • Slobodan G. Marković, Grof Čedomilj Mijatović. Viktorijanac među Srbima (Count Chedomille Mijatovich. A Victorian among Serbs), Belgrade, Dosije and Belgrade Law School Press, 2006.
  • Slobodan G. Marković, Čedomilj Mijatović. A bridge between two Cultures, Chevening Journal, No. 21 (2006), pp. 42–43. (Archive index at the Wayback Machine)
  • Predrag Protić, Sumnje i nadanja, Prilozi proučavanju duhovnih kretanja kod Srba i vreme romantizma (Doubts and Hopes. Contribution to the study of ideas among Serbs in the era of Romanticism), Belgrade: Prosveta, 1986.
  • Marković Slobodan G. (2007). "Čedomilj Mijatović, a leading Serbian Anglophile" (PDF). Balcanica (38): 105–132. doi:10.2298/BALC0738105M.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. |Бухарестский мир