შინაარსზე გადასვლა

ჩედი ჯაგანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩედი ბერეტ ჯაგანი
ჩედი ბერეტ ჯაგანი
ჯაგანი 1962 წელს
გაიანის დროშა გაიანის მე-4 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ოქტომბერი, 1992  6 მარტი, 1997
ვიცე-პრეზიდენტი  სამ ჰინდსი
პრემიერ-მინისტრი  სამ ჰინდსი
წინამორბედიდესმონდ ჰოიტი
მემკვიდრესამ ჰინდსი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 სექტემბერი, 1961  12 დეკემბერი, 1964
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეფორბს ბურნჰემი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
5 სექტემბერი, 1961  12 დეკემბერი, 1964
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრეფორბს ბურნჰემი

ბრიტანეთის გვინეის 1-ელი მთავარი მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 მაისი, 1953  9 ოქტომბერი, 1953
წინამორბედითანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრედროებითი მთავრობა

გაიანის ოპოზიციის ლიდერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1966  1973
მემკვიდრემარსელუს ფილდენ სინგჰი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1976  1992
წინამორბედიმარსელუს ფილდენ სინგჰი
მემკვიდრედესმონდ ჰოიტი

დაბადებული22 მარტი, 1918
ანკერვილი, პორტი-მორანტი, ბერბისი, ბრიტაენთის გვინეა (დღევანდელი აღმოსავლეთი ბერბის-კორენტინი, გაიანა)
გარდაცვლილი6 მარტი, 1997 (78 წლის)
ვაშინგტონი, აშშ
მოქალაქეობაგაიანის დროშა გაიანა
ეროვნებაგაიანელი
პოლიტიკური პარტიამუშახელ მოქალაქეთა ასოციაცია (1945–1946)
პოლიტკურ საქმეთა საბჭო (1946–1950)
სახალხო პროგრესული პარტია (1950 წლიდან)
მეუღლეჯანეტ ჯაგანი (იქ. 1943)
შვილებიჩედი „ჯოი“ ჯაგან უმცროსი
ნადირა ჯაგან-ბრანსიერი
ნათესავებიდერეკ ჯაგანი (ძმა)
განათლებადედოფლის კოლეჯი
ჰოვარდის უნივერსიტეტი
YMCA-ის ცენტრალური კოლეჯი
ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი
საქმიანობა
  • სტომატოლოგი
  • პოლიტიკოსი
რელიგიაინდუისტი
ჯილდოები
ხელმოწერა

ჩედი ბერეტ ჯაგანი (ინგლ. Cheddi Berret Jagan; დ. 22 მარტი, 1918 – გ. 6 მარტი, 1997[1]) იყო გაიანელი პოლიტიკოსი და სტომატოლოგი, რომელიც პირველად აირჩიეს ბრიტანეთის გვინეის მთავარ მინისტრად 1953 წელს, მოგვიანებით კი იყო ბრიტანეთის გვინეის პრემიერი 1961 წლიდან 1964 წლამდე და მსახურობდა გაიანის პრეზიდენტად 1992 წლიდან 1997 წელს მის გარდაცვალებამდე.[2] 1953 წელს იგი გახდა პირველი ინდუისტი და ინდური წარმოშობის პირი, რომელიც გახდა მთავრობის მეთაური ინდოსტანის ნახევარკუნძულის მიღმა.

ჯაგანმა დააარსა სახალხო პროგრესული პარტია თავის მეუღლე ჯანეტთან და ფორბს ბურნჰემთან ერთად და იყო პარტიის პირველი ლიდერი. ჯაგანი იყო წამყვანი ფიგურა გაიანის გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობის კამპანიაში და მხარს უჭერდა პროფკავშირების უფლებამოსილების გაზრდას იმ დროს, როდესაც ბრიტანეთის გვინეის ეკონომიკაში ძლიერი უცხოური საწარმოები დომინირებდნენ. ჯაგანმა პრემიერ-მინისტრის პოსტი ფორბს ბურნჰემთან დათმო 1964 წლის საყოველთაო არჩევნების შემდეგ, ბურნჰემი კი გახდა გაიანის პირველი მთავრობის მეთაური დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. 28 წლის შემდეგ, ჯაგანი პრეზიდენტად აირჩიეს 1992 წლის საყოველთაო არჩევნებში, რომელიც მიჩნეულია პირველ „თავისუფალ და სამართლიან“ არჩევნებად გაიანაში, 1964 წლის შემდეგ.[3]

ჩედი ბერეტი ჯაგანი დაიბადა 1918 წლის 22 მარტს ანკერვილში, პორტ-მორანის სოფელში, ბერბისის ოლქში (დღევანდელი აღმოსავლეთ ბერბისი-კორენტინი). 11 შვილიან ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ ინდო-გაიანელი ინდუისტები, რომლებიც კურმის კასტას განეკუთვნებოდნენ.[4] ისინი ბრიტანეთის ინდოეთიდან ბრიტანეთის გვინეაში კონტრაქტორი მუშების სტატუსით ჩავიდნენ. ორივე მათგანი ჩრდილოეთ ინდოეთის ბასტის რაიონიდან იყო. ჩედის დედა, ბაჩაონი, ბრიტანეთის გვინეაში ბავშვობაში ჩამოვიდა დედასთან ერთად, ხოლო მამამისი, ჯაგანი, ასევე ბავშვობაში ჩამოვიდა დედასა და ძმასთან ერთად. ორივე ოჯახი გაიანაში 1901 წელს გემით Elbe ჩავიდა. მისი მშობლები 1909 წელს დაქორწინდნენ და გაერთიანებული ოჯახის პრინციპით დაიწყეს ცხოვრება.[5][6]

ჯაგანების ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა და შაქრის ლერწმის პლანტაციებში მუშაობით ირჩენდა თავს. მამამისი თანდათან დაწინაურდა და პლანტაციის ზედამხედველი გახდა, თუმცა ამას ხელფასზე დიდი გავლენა არ ჰქონია და 50 წლის ასაკში ჯანმრთელობის გაუარესების გამო პენსიაზე გასვლა მოუწია.[5] ჩედიმ დაწყებითი განათლება პორტ-მორანში მიიღო. როდესაც ის 15 წლის იყო, მამამ იგი დედაქალაქ ჯორჯტაუნში, დეოდფლის კოლეჯში გაგზავნა სასწავლებლად. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯაგანის დასაქმების შესაძლებლობები გაიანაში შეზღუდული იყო, მას ან სოფლის მეურნეობაში უნდა ემუშავა, ან ქრისტიანობა მიეღო, რომ მასწავლებელი გამხდარიყო. ამიტომ, მამამ იგი აშშ-ში გაგზავნა სტომატოლოგიის შესასწავლად 500 დოლარით, რაც ოჯახის მთელი დანაზოგი იყო, რათა მას პლანტაციებში მუშაობა აეცილებინა თავიდან და არც ინდუისტური რწმენის დათმობა დასჭირვებოდა.[2]

განათლება და ადრეული კარიერა (1935–1946)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაგანი აშშ-ში 1935 წლის სექტემბერში გაემგზავრა და ბრიტანეთის გვინეაში 1943 წლის ოქტომბრამდე არ დაბრუნებულა. იგი ორი წელი ვაშინგტონში ცხოვრობდა და ჰოვარდის უნივერსიტეტის მოსამზადებელ კურსზე სწავლობდა. ხარჯების დასაფარად იგი ლიფტის ოპერატორად მუშაობდა, ზაფხულობით კი ნიუ-იორკში კარდაკარ გამყიდველად მუშაობდა.[2] 1938 წელს იგი ჩაირიცხა ჩიკაგოს ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სკოლაში, რომელიც 1942 წელს სტომატოლოგიური ქირურგიის დოქტორის ხარისხით დაამთავრა. პარალელურად, მან ჩიკაგოს ცენტრალურ YMCA-ის ცენტრალურ კოლეჯში მეცნიერების ბაკალავრის ხარისხიც მიიღო.[5]

ბრიტანეთის გვინეაში დაბრუნების შემდეგ, ჯაგანმა ჯორჯტაუნში, მეინ-სტრიტის 68 ნომერში სტომატოლოგიური კლინიკა გახსნა.[7] ამ პერიოდში იგი აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში და დაუახლოვდა შაქრის ინდუსტრიის პროფკავშირებს. 1945 წელს იგი მუშახელ მოქალაქეთა ასოციაციის (MCA) ხაზინდარი გახდა, თუმცა ერთი წლის შემდეგ პროფკავშირის პოლიტიკასთან უთანხმოების გამო თანამდებობიდან გადააყენეს.[5]

პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული პოლიტიკური კარიერა (1946–1953)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაგანმა 1946 წელს მეუღლე ჯანეტთან ერთად თანადააარსა პოლიტიკურ საქმეთა კომიტეტი (PAC).[5] შემდგომში, 1947 წლის ნოემბერში, იგი არჩეულ იქნა საკანონმდებლო საბჭოში, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი ცენტრალური დემერარას საარჩევნო ოლქიდან. 1949 წელს ჯაგანი გახდა სახერხი საამქროს მუშათა კავშირის პრეზიდენტი.[7]

1950 წლის 1 იანვარს, PAC-ისა და ბრიტანეთის გვინეის ლეიბორისტული პარტიის (BGLP) შერწყმით, დაარსდა სახალხო პროგრესული პარტია (PPP), სადაც ჯაგანი იყო ლიდერი, BGLP-ის ყოფილი ლიდერი ფორბს ბურნჰემი იყო თავმჯდომარე, ხოლო ჯანეტ ჯაგანი იყო პარტიის მდივანი.[8]

PPP-მ სწრაფად მოიპოვა მხარდაჭერა, როდესაც მათ მოაწყვეს პროტესტი კოლონიური ადმინისტრაციის წინააღმდეგ, მას შემდეგ რაც 1948 წელს კოლონიურმა პოლიციამ ენმორის შაქრის პლანტაციაში გაფიცვის დროს ხუთი მუშა მოკლა.[9][5]

ბრიტანეთის გვინეის მთავარი მინისტრი 133 დღით (1953)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1953 წლის 27 აპრილს ჯაგანმა გაიმარჯვა 1953 წლის ბრიტანეთის გვინეის საყოველთაო არჩევნებში, სადაც მისმა PPP-მ 24-დან 18 ადგილი მოიპოვა.[10]

ჯაგანის მთავრობა დაუყოვნებლივ დაუპირისპირდა ბრიტანულ მმართველობას. ჯაგანი ხელს უწყობდა გაფიცვებს შაქრის მწარმოებელი მნიშვნელოვანი კომპანიის Booker Group-ის წინააღმდეგ, უარი თქვა დელეგაციის გაგზავნაზე დედოფალ ელისაბედ II-ის კორონაციაზე, გააუქმა კოლონიური მთავრობის მიერ მიღებული კანონი „არასასურველი პუბლიკაციების“ შესახებ და გააუქმა მეორე კანონი, რომელიც კრძალავდა ვესტ-ინდოეთში მემარცხენე პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირების იმიგრაციას.[9]

მეორე წითელი შიშსა და მაკარტიზმის პიკში, ჯაგანის ქმედებებმა და პოლიტიკამ გამოიწვია ბრიტანეთის შეშფოთება გაიანაში შესაძლო კომუნისტური რევოლუციის შესახებ. უინსტონ ჩერჩილმა გამოთქვა შიში, რომ ჯაგანი იყო მარქსისტ-ლენინისტი და ამტკიცებდა, რომ ჯაგანს შეეძლო საბჭოთა კავშირისთვის სამხრეთ ამერიკაში დასაყრდენი მიეცა, და თქვა: „[ჩ]ვენ ნამდვილად უნდა მივიღოთ ამერიკული მხარდაჭერა, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ბრიტანეთის გვინეაში კომუნისტების კბილების გასატეხად... [შ]ესაძლოა მათ იქ სენატორი მაკარტიც კი გააგზავნონ.“[9] MI5-ის გასაიდუმლოებული დოკუმენტები აჩვენებს, რომ სპეცსამსახურებმა დაასკვნეს, რომ პარტია „არ იღებდა არანაირ ფინანსურ მხარდაჭერას ქვეყნის გარეთ არსებული არცერთი კომუნისტური ორგანიზაციისგან“.[11][12] თუმცა, ჯაგანის მეუღლე ჯანეტი შესაძლოა ყოფილიყო ამერიკის ახალგაზრდა კომუნისტების ლიგის წევრი გაიანაში გადასვლამდე.[13][14]

1953 წლის 8 ოქტომბერს PPP-ის მთავრობამ მიიღო შრომითი ურთიერთობების აქტი (შექმნილი ვაგნერის აქტის მოდელის მიხედვით[9]). მომდევნო დღეს, 9 ოქტომბერს, ბრიტანულმა ადმინისტრაციამ შეაჩერა ბრიტანეთის გვინეის კონსტიტუცია და განათავსა ჯარები.[15] დედოფალმა ჯარების გაგზავნის ბრძანებას ხელი 4 ოქტომბერს მოაწერა. 9 ოქტომბერს უელჩის სამეფო ფუზილიერთა კონტინგენტი ჯორჯტაუნში HMS Superb-ით ჩავიდა, ჯაგანი კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს[9] და დააპატიმრეს.[12] MI5-ის თანახმად, ჯაგანმა არ იცოდა ბრიტანული ინტერვენციის ან მისი მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ. ჯაგანმა მიმართა ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს და მოქმედ ლეიბორისტული პარტიის ლიდერს, კლემენტ ეტლის, რომელმაც უპასუხა: „ვწუხვარ, ჩარევა შეუძლებელია“.[12] ჯაგანი იძულებული გახდა გადამდგარიყო პრემიერ-მინისტრის პოსტიდან თანამდებობის დაკავებიდან 133 დღის შემდეგ. ბრიტანეთმა დანიშნა დროებითი მთავრობა.[16]

დროებითი მთავრობა (1953–1957)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონსტიტუციის შეჩერების შემდეგ, ჯაგანი ფორბს ბურნჰემთან ერთად ლონდონში გაემგზავრა 1953 წლის 19 ოქტომბერს ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად[17] და დაესწრო დებატებს თემთა პალატაში[5] 21 ოქტომბერს.[18] გაერთიანებულ სამეფოში ყოფნისას ჯაგანიც და ბურნჰემიც ამერიკული[19] და ბრიტანული სპეცსამსახურების ფარული მეთვალყურეობის ქვეშ იყვნენ.[20] მოგვიანებით, 1953 წლის 20 ნოემბერს, იგი ბურნჰემთან ერთად ინდოეთში ჩავიდა და შეხვდა ჯავაჰარლალ ნერუს მხარდაჭერის მოსაპოვებლად.[17]

ჯაგანის გადაადგილება 1954 წლიდან 1957 წლამდე მხოლოდ ჯორჯტაუნით იყო შემოფარგლული, ისიც და მისი მეუღლეც მკაცრი მეთვალყურეობისა და შინაპატიმრობაში იმყოფებოდნენ.[12] ამ პერიოდში კოლონიური პოლიტიკა რეგულარულად ატარებდა რეიდებს პარტიის მაღალჩინოსნების რეზიდენციებში „დივერსიული ლიტერატურის“ ამოსაღებად. 1954 წელს ჯაგანს მიესაჯა 6 თვიანი პატიმრობა მძიმე შრომით, გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის, რადგან ის სოფლად გაემგზავრა და ჯორჯტაუნი. სასამართლოში ჯაგანმა ბრიტანეთის გვინეა „უზარმაზარ ციხეს“ შეადარა.[9]

პარტიის უფროსი წევრი ფორბს ბურნჰემი ჯაგანს პოლიტიკურად 1955 წელს დაშორდა, რამაც PPP ორ ფრაქციად, „ბურნჰემისტებად“ და „ჯაგანისტებად“ გაჰყო.[3] PPP-ის ეს ორი ფრაქცია 1957 წლის გაიანის არჩევნებში მონაწილეობდა, როგორც PPP-ის კანდიდატები. ბურნჰემი, როგორც კანდიდატი, ზოგადად უფრო მარჯვნივ იყო პოლიტიკურ სპექტრში. ამ ორი ფრაქციის მხარდაჭერა ძირითადად რასობრივ ნიშნებს მიჰყვებოდა, რადგან ბურნჰემი იყო PPP-ის წამყვანი აფრო-გაიანელი ფიგურა. თუმცა, დაყოფა არ ყოფილა მთლიანად რასობრივი; გამოჩენილი აფრო-გაიანელი პოლიტიკოსი სიდნი კინგი დარჩა ჯაგანისტების ფრაქციაში, ხოლო ინდო-გაიანელი ჯ.ბ. ლაჩმანსინგი მხარს უჭერდა ბურნჰემს.[21] თუმცა, სიდნი კინგი, აფრო-გაიანელი მარტინ კარტერი და რორი ვესტმაასი ერთი წლის შემდეგ წავიდნენ პარტიიდან „ულტრამემარცხენეობის“ გამო.[22] კლემ სიჩარანი ამტკიცებდა, რომ მათ დატოვეს პარტია, რადგან თვლიდნენ, რომ ჯაგანი მარქსისტულ იდეალებს რასობრივი პრაგმატიზმისთვის სწირავდა (ანუ მხარს უჭერდა ინდო-გაიანურ პოლიტიკას თავისი მხარდამჭერი ბაზის მოსაზიდად). ამან კიდევ უფრო შეამცირა აქტიური აფრო-გაიანელი პოლიტიკოსების რაოდენობა PPP-ში.[22]

ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი (1957–1961)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩედი ჯაგანი ხვდება ლევი ეშკოლს 1961 წელს ისრაელში ვიზიტისას

ჯაგანისტებმა მოიპოვეს საკანონმდებლო ასამბლეის ადგილების უმრავლესობა 1957 წლის ბრიტანეთის გვინეის საყოველთაო არჩევნებში, მათ მიიღეს 9 ადგილი, ბურნჰემისტებმა მიიღეს 3, ხოლო სხვა პარტიებმა მიიღეს 2. ამ შედეგის შემდეგ, ბურნჰემისტების ფრაქცია საბოლოოდ გამოეყო PPP-ს და ბურნჰემმა დააარსა სახალხო ნაციონალური კონგრესი (PNC). ჯაგანი გახდა ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი,[5][23] დარჩა PPP-ის ლიდერად და იყო კაბინეტის წევრი.[5] იგი არ გამხდარა პრემიერ-მინისტრი ამ პერიოდში, რადგან ასეთი თანამდებობა არ არსებობდა.[23] PPP-ის მთავრობას არ ექვემდებარებოდა ფინანსთა, საგარეო საქმეთა ან ადმინისტრაციული სამინისტროები და ძალაუფლება ძირითადად გუბერნატორის, რალფ გრეის ხელში იყო.[5]

1957 წლის არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდში გაიანის პოლიტიკამ დაიწყო მკაცრად რასობრივი ხაზების მიყოლა. ჯაგანის ფრაქცია იყო უმეტესად ინდო-გაიანური და მხარს უჭერდა პოლიტიკას, რომელიც ძირითადად ინდო-გაიანელებს მოუტანდა სარგებელს, როგორიცაა მიწის ფართობების გაზრდა ბრინჯის წარმოებისთვის და შაქრის ინდუსტრიის რეფორმა პროფკავშირების გაძლიერების გზით. ჯაგანის ვეტომ ვესტ-ინდოეთის ფედერაციაში გაწევრიანებაზე კიდევ უფრო გააშორა მას აფრო-გაიანელი ამომრჩევლები, რადგან ფედერაცია უმეტესად აფრო-კარიბული იყო. ანალოგიურად, ბურნჰემმა PNC გააერთიანა გაერთიანებულ დემოკრატიულ პარტიასთან, რათა განემტკიცებინა აფრო-გაიანელი საშუალო კლასის მხარდაჭერა. პოლიტიკის ამ სტილს რასობრივი ნიშნით გაიანაში ეწოდა apan jhaat, რაც გაიანურ ინდუსტანურ ენაზე ნიშნავს „ხმა მიეცი საკუთარ ჯიშს“.[24]

ბრიტანეთის გვინეის პრემიერ-მინისტრი (1961–1964)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯაგანი ჯონ ფ. კენედისთან ერთად ვაშინგტონში, 1961 წლის 25 ოქტომბერი

1961 წლის აგვისტოს არჩევნებში PPP-ის გამარჯვების შემდეგ, ჯაგანი გახდა პრემიერ-მინისტრი და ამ პოსტზე სამი წელი იმსახურა. არჩევნები ჩატარდა მაჟორიტარული სისტემით საკანონმდებლო ასამბლეის 35 წევრი არჩევით;[25] PPP-მ მოიპოვა 20 ადგილი, თითქმის ორჯერ მეტი ვიდრე ბურნჰემის PNC-მ, და 10 ადგილი 13-ადგილიან სენატში, რასაც მოჰყვა PNC-ის მიერ ორგანიზებული მასობრივი დემონსტრაციები, საყოველთაო გაფიცვა და რასობრივი ძალადობა.[3] ამ ძალადობამ პიკს 1962 წლის დასაწყისში მიაღწია, მას შემდეგ რაც ჯაგანის მთავრობამ წარადგინა ე.წ. „კალდორის ბიუჯეტი“. ეკონომისტ ნიკოლას კალდორის რჩევით, 1962 წლის 31 იანვარს PPP-ის მთავრობამ შესთავაზა გადასახადების და იმპორტის ბაჟის გაზრდა, რასაც ოპოზიციური პარტიები დაუპირისპირდნენ.[26] გადასახადების ზრდა მნიშვნელოვნად დაარტყამდა აფრო-გაიანურ საზოგადოებას და ოპოზიციასთან კონსულტაციები არ გამართულა. თუმცა, არტურ შლეზინგერ უმცროსმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საგადასახადო სქემა აბსოლუტურად მართლზომიერი და ბრიტანეთისთვის შესაფერისი იყო,[27] და ბიუჯეტი მოიწონა როგორც New York Times-მა, ისე London Times-მა.[26] ბიუჯეტის მიღების შემდეგ დაწყებულმა მთავრობის საწინააღმდეგო მოქმედებებმა კულმინაციას 1962 წლის 16 თებერვალს მიაღწია, როდესაც 56 ბიზნესი განადგურდა, 87 დაზიანდა ხანძრისგან და 66 გაიძარცვა. ერთი პოლიციელი მოკლეს და 39 დაიჭრა, ოთხი მძარცველი ჩაცხრილეს და 41 დაიჭრა. მომიტინგეები ასევე თავს დაესხნენ ელექტროსადგურს, წყალმომარაგების სისტემას, პარლამენტს და ჯაგანის რეზიდენციას. ბრიტანეთის პასუხი იყო ორი სამხედრო ხომალდის, HMS Troubridge და HMS Wizard-ის გაგზავნა ძალადობის შესაჩერებლად.[26] ჯაგანის ოფიციალური რეზიდენცია არეულობის დროს ხანძრის შედეგად დაზიანდა.[27]

1961 წლის არჩევნების შემდეგ, ჯაგანი პირადად შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ ფ. კენედის ვაშინგტონში, 25 ოქტომბერს, ხოლო 18 დეკემბერს მან მიმართა გაეროს და მოითხოვა გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობის თარიღის დანიშვნა.[5]

1964 წლის არჩევნების წინა პერიოდი მოიცავდა აშშ-ის ოფიციალური პირების კოორდინირებულ ძალისხმევას, რათა ჯაგანს არ გაემარჯვა არჩევნებში, მისი სავარაუდო კომუნისტური შეხედულებების გამო. 1961 წლის მარტის CIA-ის შეფასებით, ჯაგანის მეუღლე ჯანეტი იყო კომუნისტი, ხოლო თავად ჯაგანი კომუნისტური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.[27] ჯაგანმა ასევე გამოხატა მხარდაჭერა კუბის რევოლუციისადმი.[28][22] გაერთიანებული სამეფო და აშშ ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ როგორ გადაეჭრათ ეს სიტუაცია. ბრიტანული წინადადება იყო ჯაგანის „განათლება“ და არა მისი ძალაუფლებიდან ჩამოშორება. ჯაგანის შეხვედრამ კენედისთან 1961 წელს მნიშვნელოვნად არ შეცვალა ამერიკული აზრი მისი პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ. ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ ფორბს ბურნჰემის პოლიტიკა ჯაგანისაზე უკეთესი იყო და დაიწყეს მოქმედებები ჯაგანის წინააღმდეგ, რაც მოიცავდა ბრიტანეთისგან გაიანის დამოუკიდებლობის გადადებას, პროპორციული საარჩევნო სისტემის მხარდაჭერას (რაც შეამცირებდა ჯაგანის გამარჯვების შანსს) და გაფიცვების მხარდაჭერას. ეს ქმედებები გაგრძელდა მიუხედავად იმისა, რომ ჯაგანი კენედის პროტესტით მიმართავდა.[27] CIA აფინანსებთა და აწყობდა 1962 წლის თებერვლის დემონსტრაციებს, ხოლო 1963 წლის აპრილში CIA-მ გამოიყენა 1 მილიონი დოლარი 80-დღიანი საყოველთაო გაფიცვის მხარდასაჭერად. ეს გაფიცვა მოგვიანებით მოყვანილი იყო როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ჯაგანს არ შეეძლო ბრიტანეთის გვინეის მართვა.[29]

1963 წლის ოქტომბერში მოწვეულ იქნა საკონსტიტუციო კონფერენცია. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა ჰაროლდ მაკმილანმა სამი მთავარი გაიანელი პოლიტიკური ლიდერი (ჯაგანი, ფორბს ბურნჰემი და პიტერ დ’აგუიარი)[29] ლონდონში[5] დაიბარა, სადაც კოლონიების მდივანმა დანკან სენდისმა გამოაცხადა ახალი არჩევნების ჩატარება[29] (მანამდე შეთანხმება იყო, რომ დამოუკიდებლობა არჩევნების გარეშე გამოცხადდებოდა),[5] დამოუკიდებლობის თარიღის გადადება 1963-დან 1964 წლამდე და საარჩევნო სისტემის შეცვლა მაჟორიტარულიდან პროპორციულზე. პრეზიდენტ კენედისადმი მიწერილ წერილში მაკმილანმა განმარტა, რომ თუ ჯაგანი უარს იტყოდა თანამშრომლობაზე, გაერთიანებული სამეფო ბრიტანეთის გვინეის კონსტიტუციას ისევ შეაჩერებდა.[29] ჯაგანი დათანხმდა 1964 წლის არჩევნებს პროპორციული სისტემით, მაგრამ ჯონ პრადოსი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ მან ფორბს ბურნჰემისგან მიიღო დაპირება კოალიციის ჩამოყალიბების შესახებ. გაიანის გაერთიანებული მუსლიმური პარტია და სამართლიანობის პარტია ორივე CIA-ის დახმარებით შეიქმნა ინდო-გაიანური ხმების გასაყოფად, ხოლო აშშ აფინანსებდა ბურნჰემის საარჩევნო კამპანიას ჯაგანის პარტიის წინააღმდეგ.[27]

1964 წლის დეკემბრის არჩევნების წინა თვეები აღინიშნა მასშტაბური სამოქალაქო არეულობით. ცეცხლის წაკიდების ფაქტები ყოველდღიური იყო, მოკლეს თითქმის 200 ადამიანი და 1000 დაშავდა, ხოლო 15 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა. ძალადობა მოდიოდა როგორც PPP-ის, ისე PNC-ის მომხრეებისგან. აგვისტოში ერთხელ სამი პარტიის ლიდერის კონფერენცია შეწყდა, როდესაც იმავე ქუჩაზე PPP-ის შტაბ-ბინა ააფეთქეს.[27] ჟურნალ Time Magazine-ის სტატია ჯაგანს ადანაშაულებდა ძალადობის ჩუმად წახალისებაში. ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა რასობრივი ძალადობის მრავალი შემთხვევა, მათ შორის მოხუცი აფრო-გაიანელი წყვილის დახვრეტა მათ ფერმაში, ორსული ინდო-გაიანელი ქალის მკვლელობა და ოთხი ინდო-გაიანელის მკვ;ელობა აფრო-გაიანელების მიერ ვისმარში.[30] შემდგომი ძალადობა მოიცავდა გემ Sun Chapman-ის ჩაძირვას 6 ივლისს და 5 ინდო-გაიანელის მკვლელობას მაკენზიში.[31]

1964 წლის დეკემბრის არჩევნებში PPP-მ ხმების უმრავლესობა მიიღო და თავისი წილი 46%-მდე გაზარდა,[29] მაგრამ ბურნჰემის პარტიამ, სახალხო ნაციონალურმა კონგრესმა, და კონსერვატორულმა გაერთიანებულმა ძალამ ერთად მოიპოვეს მანდატების უმრავლესობა და გუბერნატორმა რიჩარდ ლუიტმა მათ შესთავაზა მთავრობის ფორმირება.[8] თუმცა, ჯაგანმა უარი თქვა გადადგომაზე და ლუიტს მისი იძულებით მოცილება მოუწია.[3] ამით ჯაგანმა ოპოზიციის ლიდერობა.

კლემ სიჩარანი მოგვიანებით მიუთითებდა ჯაგანის იდეოლოგიურ მოუქნელობასა და სუსტ დიპლომატიურ მართვაზე, როგორც მიზეზებზე, რის გამოც ამერიკამ უპირატესობა ბურნჰემს მიანიჭა, რამაც ბურნჰემი დამოუკიდებლობის შემდეგ გაიანის პირველ ლიდერად აქცია.[22]

ოპოზიციის ლიდერი (1964–1992)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჯაგანი პრესკონფერენციაზე ნიდერლანდებში, 1972 წელი.

1964 წელს ბურნჰემის არჩევის შემდეგ, ლონდონში ჩატარდა საკონსტიტუციო კონფერენცია. ჯაგანმა უარი თქვა დასწრებაზე PPP-ის წევრების პატიმრობის გასაპროტესტებლად.[5] კონფერენციაზე მიღწეული შეთანხმებისამებრ, გაიანამ გაერთიანებული სამეფოსგან დამოუკიდებლობა 1966 წლის 26 მაისს მიიღო. ჯაგანი ეწინააღმდეგებოდა ამ თარიღს, რადგან ის იყო 1964 წლის ვისმარის ხოცვა-ჟლეტის წლისთავი.[32] იმავე წელს ჯაგანმა გამოაქვეყნა წიგნი „დასავლეთი სამსჯავროზე: ჩემი ბრძოლა გაიანის თავისუფლებისთვის“, რომელიც ეხება მის გამოცდილებას გაიანის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და რჩება მის ყველაზე პოპულარულ ნაშრომად.[33]

1965 წელს ჯაგანი შეეცადა აშშ-ში შესვლას ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო პროტესტზე დასასწრებად, მაგრამ მას უარი უთხრეს.[34] მას კვლავ უარი უთხრეს 1967 წელსაც დაგეგმილ საჯარო გამოსვლებზე დასასწრებად, რის გამოც ტური გაუქმდა.[35]

იგი აირჩიეს ოპოზიციის ლიდერად და უმცირესობის ლიდერად 1966 წელს და ამ პოსტზე 1973 წლამდე დარჩა, სანამ იგი მარსელუს ფილდენ სინგჰმა არ ჩაანაცვლა. მოგვიანებით მან კვლავ დაიკავა ეს პოსტი 1976 წლიდან 1992 წელს პრეზიდენტად არჩევამდე.[36] ამ პერიოდში ჯაგანი მუდმივად აპროტესტებდა ბურნჰემის ადმინისტრაციის ავტორიტარულ პოლიტიკას, სადაც არჩევნების გაყალბება დაფიქსირდა 1968, 1973, 1980 და 1985 წლებში.[3]

1969 წელს სახალხო პროგრესული პარტია დაესწრო კომუნისტური და მუშათა პარტიების 1969 წლის საერთაშორისო შეხვედრას, სადაც ჯაგანიც იმყოფებოდა.[37] შემდგომში ჯაგანი არჩეულ იქნა PPP-ის გენერალურ მდივნად.[5]

1973 წელს PPP-მ ბოიკოტი გამოუცხადა ეროვნულ ასამბლეას გაყალბებული არჩევნებისა და არჩევნების დღეს ორი ინდო-გაიანელის დაღუპვის გამო. 1974 წელს ჯაგანის სახლში ჩხრეკისას რევოლვერის ნაწილები იპოვეს და მას იარაღის უკანონო ფლობისთვის ბრალი წაუყენეს.[5]

1975 წლიდან PPP-მ დაიწყო უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ბურნჰემის PNC-სთან, სთავაზობდა „კრიტიკულ მხარდაჭერას“, როდესაც PNC პროსოციალისტურ პოლიტიკას ატარებდა და ვენესუელის სასაზღვრო პრეტენზიების ზეწოლის ქვეშ იყო. 1978 წელს ჯაგანი საბჭოთა კავშირმა კრემლში ხალხთა მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.[5]

ჯაგანი მკაცრად ეწინააღმდეგებოდა 1978 წლის გაიანის საკონსტიტუციო რეფერენდუმს. რეფერენდუმი აგრძელებდა საპარლამენტო ვადას და აფართოებდა საპრეზიდენტო უფლებამოსილებებს. ჯაგანის პარტიამ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. რეფერენდუმი ხმების 97%-ით დამტკიცდა, თუმცა კენჭისყრა გაყალბებულად მიიჩნევა.[3]

ბურნჰემის გარდაცვალების შემდეგ 1985 წელს, ხელისუფლებაში დესმონდ ჰოიტი მოვიდა. ჯიმი კარტერის გავლენით, ჰოიტმა გაატარა საარჩევნო რეფორმები, რამაც 1992 წლის არჩევნების თავისუფალ და სამართლიანად აღიარებამდე მიგვიყვანა.[3]

გაიანის პრეზიდენტი (1992–1997)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჩედი ჯაგანის საპრეზიდენტო სტანდარტი.
ჩედი ჯაგანი (მარცხნიდან მეორე) სხვა სახელმწიფოთა მეთაურებთან და აშშ-ის პრეზიდენტ |ბილ კლინტონთან ერთად 1993 წელს.

ოპოზიციაში გატარებული 28 წლის შემდეგ, PPP-მ გაიმარჯვა 1992 წლის 5 ოქტომბრის არჩევნებში ხმების დაახლოებით 54%-ით და ჯაგანი პრეზიდენტი გახდა. ადრინდელი უცხოური შიშების საწინააღმდეგოდ, იგი ქვეყანას მართავდა როგორც დემოკრატი სოციალისტი და არა მარქსისტ-ლენინისტი.[38] ჯაგანი ატარებდა პოლიტიკას უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად და თავისუფალი ბაზრისკენ გადასასვლელად. ჯაგანს ასევე ჰქონდა გულთბილი ურთიერთობა აშშ-ის კლინტონის ადმინისტრაციასთან, განსხვავებით 1960-იან წლებში კენედისთან არსებული რთული ურთიერთობისგან.[2]

წინა ადმინისტრაციის შემდეგ, გაიანის ეკონომიკა კვლავ გადიოდა აღდგენის პროცესს მცდარი ეკონომიკური პოლიტიკისა და მაღალი სახელმწიფო ვალის გამო,[39] ასევე დაბალი ფასების გამო გაიანის ისეთ ძირითად საექსპორტო საქონელზე, როგორიცაა ბოქსიტი, ნავთობი და ბანანი.[40] ჯაგანი ატარებდა ეროვნულ ინფრასტრუქტურაში ინვესტირების პოლიტიკას, რაც მოიცავდა ზღვის დამცავ ნაგებობებს, ირიგაციისა და სადრენაჟო სისტემებს, საგზაო და ხიდების პროექტებს, ასევე ინვესტიციებს ჯანდაცვაში, განათლებასა და ელექტროენერგიის წარმოებაში.[7] ჯაგანი ასევე ცდილობდა ამერიკის კონტინენტზე თავისუფალი ვაჭრობის გაუმჯობესებას.[40]

ხელისუფლებაში ყოფნისას ჯაგანი გამოდიოდა ახალი გლობალური ადამიანური წესრიგის ინიციატივით.[7] ეს წინადადება მიზნად ისახავდა განვითარებადი ქვეყნებისთვის სიღარიბის აღმოსაფხვრელად და უთანასწორობის შესამცირებლად საჭირო საშუალებების მოპოვებას.[39] ეს მოიცავდა ვალების ჩამოწერას,[7] გარემოს დაბინძურების გადასახადს, გადასახადს ვალუტის გადაცვლაზე[39] და შეიარაღებაზე დანახარჯების შემცირებას.[40] ამ წინადადებებმა მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.[39] ჯაგანმა ეს ინიციატივა 1995 წლის ბოლოს, გაერთიანებულ ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას გააჟღერა.[40]

პოლიტიკური შეხედულებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სხვადასხვა წყაროების მიერ ჯაგანი ხშირად მოიხსენიებოდა, როგორც კომუნისტი ან მარქსისტი.[41][42][22][43] კლემ სიჩარანი ამბობდა, რომ ჯაგანების წყვილი ორივე კომუნისტი იყო, თუმცა ჩედი უფრო იდეოლოგიური გახლდათ.[22] ვ.ს. ნაიპოლთან საუბრისას ჯაგანმა დაწვრილებით ისაუბრა მარქსისტული ლიტერატურისადმი თავის სიმპათიაზე.[22] ჯაგანს ასევე კავშირი ჰქონდა კომუნისტ ბილი სტრაკანთან.[22] მისმა პოლიტიკურმა მეტოქემ, ფორბს ბურნჰემმა, 1957 წელს ჯაგანი და მისი მოკავშირეები დაახასიათა, როგორც „დოგმატიკოსები, რომელთა მიზანი კომუნიზმია და რომლებიც ლანძღავენ ყველას, ვისაც არ ეთანხმებიან“.[22] 1984 წელს ჯაგანმა განაცხადა: „მე მხოლოდ გაიანელი ხალხისთვის არ ვიბრძვი. მე ვიბრძვი მსოფლიოს ხალხისთვის. მე წვლილი შემაქვს ამ ბრძოლაში. ეს ბრძოლა იმარჯვებს. სწორედ ამიტომ არის შეერთებული შტატები ამჟამად ასეთ ისტერიკაში, სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ ის, რასაც მე წარმოვადგენ, იმარჯვებს“. ჯაგანმა ასევე აღნიშნა 1990 წელს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში მარცხდებოდა სოციალიზმი და არა კომუნიზმი, და განაცხადა: „კომუნიზმი, როგორც სისტემა, ჯერ არცერთ ქვეყანაში არ გამოცდილა და ის რჩება მაღალზნეობრივ და ჰუმანისტურ იდეალად და დანიშნულების ადგილად“. [22] ჯაგანი რომ მარქსისტი ყოფილიყო, იგი იქნებოდა პირველი დემოკრატიულად არჩეული მარქსისტი დასავლეთ ნახევარსფეროში, ჩილელ სალვადორ ალიენდეზე ადრე.[41]

პერსი ჰინტცენმა განაცხადა, რომ „ჯაგანის კომუნისტად დახასიათებას მხედველობიდან რჩება მისი პოლიტიკური ფილოსოფიის სირთულე... ჯაგანი მართლაც რომ ყოფილიყო კომუნისტი, ეს ნამდვილად არ ასახულა იმ პოლიტიკასა და პროგრამებში, რომელთა განხორციელებასაც მისი პარტია ხელისუფლებაში ყოფნისას ცდილობდა“.[44] არტურ შლეზინგერ უმცროსმა თქვა, რომ ჯაგანი არ იყო კომუნისტი, არამედ იყო „ლონდონის ეკონომიკის სკოლის მარქსისტი, სავსე მომხიბვლელობით“.[27]

1942 წელს სტომატოლოგიური სკოლის დამთავრების შემდეგ, 1943 წელს, ჯაგანმა გაიცნო ჯანეტ როზენბერგი, სტუდენტი მედდა.[7] ისინი დაქორწინდნენ 1943 წელს და შეეძინათ ორი შვილი: ნადირა და ჩედი უმცროსი.[2]

ჯაგანი და მის მეუღლე მთელი ცხოვრება მეგოვრობდნენ ბილი სტრაკანთან, წამყვან ბრიტანელ კომუნისტთან და ბრიტანეთში შავკანიანთა სამოქალაქო უფლებების პიონერთან.[45]

ჯანეტ ჯაგანი ქმრის კვალს გაჰყვა და 1997 წელს ეკავა პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის პოსტები (1999 წელს პრეზიდენტის პოსტზე იგი ბჰარატ ჯაგდეომ შეცვალა).

კლემ სიჩარანმა ჯაგანი დაახასიათა, როგორც პრინციპული ადამიანი, „რომელიც არ იპარავდა და პოლიტიკურ მოღვაწეობას არასოდეს განიხილავდა სიმდიდრის დაგროვების საშუალებად“. ასევე უწოდა „მიმზიდველი და უხრწნელი ადამიანი“, რომელიც ცნობილი იყო თავისი ხელმომჭირნეობით. თუმცა, სიჩარანმა ასევე დაადანაშაულა ჯაგანი იდეოლოგიურ მოუქნელობასა და „აფრიკული დაუცველობის შეგრძნების გაგების ან თანაგრძნობის აშკარა უუნარობაში“.[22] ინდო-გაიანელი ავტორის, ფრენკ ბირბალსინგის სტატიამ ასევე შეაქო მისი კეთილსინდისიერება და აღნიშნა, რომ „პოლიტიკაში მისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის განმავლობაში ვერავინ შეძლო მისთვის თითის დადება, მაშინ როდესაც ფინანსური კორუფციის, სექსუალური გადაცდომის ან საარჩევნო გაყალბების ბრალდებები მისი თანამედროვეების უმეტესობის წინააღმდეგ იყო წაყენებული“.[46]

ჯაგანი სიცოცხლის ბოლო წლებში

ჯაგანმა 1997 წლის 15 თებერვალს გადაიტანა გულის შეტევა და გადაიყვანეს ჯორჯტაუნის საავადმყოფოში, რის შემდეგაც აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავით, შემდეგ კი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენით ენდრიუსის საჰაერო ბაზიდან[47] იმავე დღეს ვაშინგტონში, უოლტერ რიდის არმიის ჰოსპიტალში გადააფრინეს.[2][47] მან იქ გულის ოპერაცია გაიკეთა და გარდაიცვალა ვაშინგტონში 1997 წლის 6 მარტს, თავის 79-ე დაბადების დღემდე 16 დღით ადრე. პრემიერ-მინისტრმა სემ ჰინდსმა იგი პრეზიდენტის პოსტზე შეცვალა და ექვსდღიანი გლოვა გამოაცხადა, ჯაგანი კი დაახასიათა როგორც „უდიდესი შვილი და პატრიოტი, რომელსაც ოდესმე ამ მიწაზე გაუვლია“.[2] მისი დაკრძალვა ერთი დღით გადაიდო, რათა მგლოვიარეებს მისასვლელად დრო ჰქონოდათ, რადგან პორტ-მორანტში დაკრძალვაზე მიმავალი ხალხის უზარმაზარი რაოდენობის გამო საცობები წარმოიქმნა. დაკრძალვას 200 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. იგი სახელმწიფო პატივით გაასვენეს ჯორჯტაუნში, ხოლო კრემაცია მოხდა ბაბუ ჯონის კრემატორიუმში, მის მშობლიურ ქალაქ პორტ-მორანტში.[48] მისი ბოლო რიტუალები შესრულდა ინდუისტური წესების მიხედვით და იგი კრემირებულ იქნა 1997 წლის 12 მარტს.[49] მისი კრემაციის ადგილი გახდა მისი და მოგვიანებით მისი მეუღლის მემორიალი, რომელიც ცნობილია როგორც ჯაგანების მემორიალური მონუმენტი.[50]

სახალხო პროგრესული პარტია, რომელიც ჯაგანმა ჯანეტ ჯაგანთან და ფორბს ბურნჰემთან ერთად დააარსა, კვლავ რჩება გაიანის ორ დომინანტურ პოლიტიკურ პარტიას შორის ერთ-ერთად PNC-სთან ერთად. ორივე ჯგუფის მხარდაჭერა კვლავ მიჰყვება რასობრივ დაყოფას აფრო-გაიანელებსა და ინდო-გაიანელებს შორის.[51][52] არსებობს მოსაზრებები, რომ ჯაგანს შესაძლოა ნაწილობრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდეს გაიანის პოლიტიკაში არსებულ რასობრივ დაყოფაზე. უოლტერ როდნიმ აღნიშნა, რომ „...ერთზე მეტი პოლიტიკური პარტიაა პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში რასობრივი ურთიერთობების კრიზისზე. ვფიქრობ, ჩვენმა ხელმძღვანელობამ ამ საკითხში იმედები გაგვიცრუა“. როდნიმ ასევე მიუთითა გარე ჩარევაზე, როგორც რასობრივი ურთიერთობების გაუარესების კატალიზატორზე.[53]

ჩედი ჯაგანის კვლევითი ცენტრი ჯორჯტაუნში უკვდავყოფს მის ცხოვრებასა და მოღვაწეობას; იქ განთავსებულია მისი კაბინეტის ასლიც.[54] ცენტრი მდებარეობს „წითელ სახლში“, რომელიც 1961 წლიდან 1964 წლამდე ჯაგანის ოფიციალურ რეზიდენციას წარმოადგენდა.[55] ჩედი ჯაგანის საერთაშორისო აეროპორტს, რომელიც ქვეყნის უდიდესი და მთავარი საჰაერო ჭიშკარია, ჯაგანის სახელი ეწოდა.[56]

2007 წელს ჯაგანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა გაიანის გათავისუფლების ორდენი (OR).[57] ეს ჯილდო იერარქიით აღემატება გაიანის ღირსების ორდენს, თუმცა იგი გაიცა ორდენების კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის გარეშე და ის არ ფიგურირებს ეროვნული ჯილდოების ოფიციალურ სიაში.[58] 2005 წელს ჯაგანმა ასევე მიიღო ოლივერ ტამბოს თანამგზავრების ორდენი სამხრეთ აფრიკისგან.[59]

ჯაგანის, როგორც „ერის მამის“ აღიარება გაიანაში დასტურდება რამდენიმე სხვადასხვა წყაროს მიერ, მათ შორის ჩედი ჯაგანის კვლევითი ცენტრის,[5] Guyana Chronicle-ის,[57] Times of India-ს[60] და PPP-ის ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურების მიერ, როგორიცაა ირფაან ალი.[61][62] ამის საპირისპიროდ, PNC-ის წევრმა და იმ დროს სოციალური ერთობის მინისტრმა ამნა ალიმ 2015 წელს წარმოთქმულ სიტყვაში „ერის მამად“ ფორბს ბურნჰემი დაასახელა.[63]

შერჩეული პუბლიკაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯაგანი ასევე იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ავტორი და სიტყვების ავტორი. მის პუბლიკაციებში შედის:

  • აკრძალული თავისუფლება: ბრიტანეთის გაიანის ისტორია (1954)
  • დასავლეთი სამსჯავროზე: ჩემი ბრძოლა გაიანის თავისუფლებისთვის (1966)
  • კარიბის რევოლუცია (1979)
  • კარიბები: ვისი უკანა ეზო? (1984)
  • Sშერჩეული სიტყვები 1992–1994 (1995)
  • აშშ სამხრეთ ამერიკაში (1998)
  • ახალი გლობალური ჰუმანური წესრიგი (1999)
  • შერჩეული მიმოწერა 1953–1965 (2004)

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Hinds, Sam. Address by former PM Sam Hinds at Cheddi Jagan memorial ceremony March 10th 2019. People's Progressive Party, Guyana (11 March 2019). ციტირების თარიღი: 9 January 2025
  2. 1 2 3 4 5 6 7 Larry Rohter, "Cheddi Jagan, Guyana's Founder, Dies at 78", The New York Times, 7 March 1997.
  3. 1 2 3 4 5 6 7 Nohlen, D (2005) Elections in the Americas: A data handbook, Volume I, p355 ISBN 978-0-19-928357-6
  4. Naipaul, V. S. (15 March 2012) The Writer and the World. Knopf Canada. ISBN 9780307370648. 
  5. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 Biography of Cheddi Jagan. Cheddi Jagan Research Centre. ციტირების თარიღი: 13 February 2023
  6. Jagan, Cheddi (1967). „Growing Up“. The West on Trial: My Fight for Guyana's Freedom.
  7. 1 2 3 4 5 6 Mangar, Tota (21 March 2021). „DR.CHEDDI B. JAGAN: HIS LIFE AND TIMES, 1918- 1997“. Guyana Chronicle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 March 2023. ციტირების თარიღი: 3 March 2023.
  8. 1 2 History of the PPP დაარქივებული 16 June 2011 საიტზე Wayback Machine. , PPP website.
  9. 1 2 3 4 5 6 Bahadur, Gaiutra (30 October 2020). „In 1953, Britain openly removed an elected government, with tragic consequences“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 January 2023. ციტირების თარიღი: 2 January 2023.
  10. Biographies of former presidents დაარქივებული 28 August 2008 საიტზე Wayback Machine. , GINA.
  11. The Suspension of the British Guiana Constitution - 1953 (Declassified British documents).
  12. 1 2 3 4 „MI5 files reveal details of 1953 coup that overthrew British Guiana's leaders“. The Guardian. Associated Press. 26 August 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 March 2023. ციტირების თარიღი: 13 February 2023.
  13. Ramotar, Donald. JANET JAGAN: A Pioneer and Revolutionary. Cheddi Jagan Research Centre. ციტირების თარიღი: 13 February 2023
  14. Ramharack, Baytoram (29 January 2023). „Janet Jagan: Marxist radical or Guyanese liberator?“. Stabroek News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 February 2023. ციტირების თარიღი: 13 February 2023.
  15. History of Guyana. Source: Area Handbook of the US Library of Congress. Mother Earth Travel. ციტირების თარიღი: 13 February 2023
  16. „Guyanese President Cheddi Jagan dies“. CNN. 6 March 1997. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 February 2023. ციტირების თარიღი: 13 February 2023.
  17. 1 2 Reece, Maggie (27 March 2014). „Forbes Burnham & Cheddi Jagan on their way to London and India - 1953“. Guyana Graphic. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 February 2023. ციტირების თარიღი: 13 February 2023.
  18. Suspension of Constitution, 21 October 1953. UK Parliament. ციტირების თარიღი: 13 February 2023
  19. „CIA Covert Operations: The 1964 Overthrow of Cheddi Jagan in British Guiana“. The George Washington University. National Security Archive. 6 April 2023. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 March 2023. ციტირების თარიღი: 10 June 2023.
  20. „Examining the secret surveillance of Jagan and Burnham during 1953 visit to Britain“. Stabroek News. 9 January 2022. ციტირების თარიღი: 2 January 2023.
  21. The Interim Government, 1953-57. Source: US Library of Congress. ციტირების თარიღი: 13 February 2023
  22. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 Seecharan, Clem (22 March 2018). „Cheddi Jagan, Communism and the African-Guyanese“. Stabroek News. ციტირების თარიღი: 14 February 2023.
  23. 1 2 Cheddi Jagan; premier, Guyana. Encyclopedia Britannica. ციტირების თარიღი: 14 February 2023
  24. The Second PPP Government, 1957-61, and Racial Politics. Country Studies. ციტირების თარიღი: 13 February 2023
  25. Historical information events and dates on the Parliament of Guyana from 1718 to 2006 დაარქივებული 29 November 2018 საიტზე Wayback Machine. Parliament of Guyana
  26. 1 2 3 Seeram, Shah (30 March 2014). „Kaldor Budget and Black Friday February 16, 1962 – commentary“. Guyana Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 January 2023. ციტირების თარიღი: 3 January 2023.CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link)
  27. 1 2 3 4 5 6 7 Prados, John. CIA Covert Operations: The 1964 Overthrow of Cheddi Jagan in British Guiana. National Security Archive. ციტირების თარიღი: 14 February 2023
  28. Waters Jr., Robert Anthony; Daniels, Gordon Oliver (24 November 2010). „Striking for freedom? International intervention and the Guianese sugar workers' strike of 1964“. Cold War History. 10 (4): 537–569. doi:10.1080/14682741003603102. S2CID 154080206. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 March 2023. ციტირების თარიღი: 15 March 2023.
  29. 1 2 3 4 5 Curtis, Mark. The 'coup' in British Guiana, 1963; an extract from Unpeople: Britain's Secret Human Rights Abuses. Vintage (12 February 2007). ციტირების თარიღი: 15 February 2023
  30. „British Guiana: Race War“. Time. 5 June 1964. ციტირების თარიღი: 15 February 2023.
  31. Shah, Ryaan (21 May 2017). „The Wismar Massacre“. Guyana Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 January 2023. ციტირების თარიღი: 2 January 2023.
  32. Cheddi Jagan Quotations. Cheddi Jagan Research Centre. ციტირების თარიღი: 2 March 2023
  33. Jagan, Cheddi (1972) West on Trial: The Fight for Guyana's Freedom. International Publishers. ISBN 0717803570. 
  34. „JAGAN DENIED ENTRY INTO U.S.“. The New York Times. 7 October 1965. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 April 2023. ციტირების თარიღი: 25 April 2023.
  35. Villeneuve, Hubert (2020) Teaching Anticommunism Fred Schwarz and American Postwar Conservatism. McGill-Queen's University Press. 
  36. Historical information events and dates on the Parliament of Guyana from 1718 to 2009 დაარქივებული 5 May 2023 საიტზე Wayback Machine. Parliament of Guyana
  37. Osmanczyk, Edmund Jan/Mango, Anthony. Encyclopedia of the United Nations and International Agreements. Taylor & Francis, 2002. p. 428
  38. Reuters, "Cheddi Jagan Elected As Guyana's President" დაარქივებული 11 December 2021 საიტზე Wayback Machine. , The New York Times, 8 October 1992.
  39. 1 2 3 4 „Jagan's New Global Human Order was never taken seriously“. Kaieteur News. 4 November 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 November 2022. ციტირების თარიღი: 3 March 2023.
  40. 1 2 3 4 Decker, Ed. Jagan, Cheddi 1918–1997. Cengage. ციტირების თარიღი: 3 March 2023
  41. 1 2 Edmonds, Kevin (29 March 2023). „Guyana: Remembering Dr. Cheddi Jagan“. NACLA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 February 2023. ციტირების თარიღი: 20 February 2023.
  42. Leurs, William (12 July 1976). „DEPARTMENT DISCUSSES ALLEGATIONS OF COMMUNIST INFLUENCE IN CERTAIN WESTERN HEMISPHERE COUNTRIES“ (PDF). The US Department of State Bulletin. LXXV (1933): 50. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 14 February 2023. ციტირების თარიღი: 14 January 2023.
  43. Renwick, Robin (1996) Fighting with Allies, 1, London: Palgrave MacMillan, გვ. 189. DOI:10.1057/9780230379824_31. ISBN 978-0-333-65743-0. 
  44. Rohee, Clement (27 May 2017). „Was Jagan a communist?“. Stabroek News. ციტირების თარიღი: 14 February 2023.
  45. Horsley, David (2019). Billy Strachan 1921-1988 RAF Officer, Communist, Civil Rights Pioneer, Legal Administrator, Internationalist and Above All Caribbean Man (en). London: Caribbean Labour Solidarity, გვ. 17. 
  46. Birbalsingh, Frank (7 March 1997). „Obituary: Cheddi Jagan“. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 April 2023. ციტირების თარიღი: 3 March 2023.
  47. 1 2 "In the Americas", The Miami Herald (nl.newsbank.com), 16 February 1997.
  48. Letters to the editor: The government should build sanitary facilities at Babu John (3 April 2015).
  49. Guyanese President Cheddi Jagan cremated. ციტირების თარიღი: 20 February 2023
  50. Jagans' Memorial Monument – National Trust. ციტირების თარიღი: 26 March 2023
  51. Mendes-Franco, Janine. Guyana's 2020 general election results mired in controversy. Global Voices (8 March 2020). ციტირების თარიღი: 1 January 2023
  52. Palash R., Ghosh (28 November 2011). „Guyana Elections Expected to Break Down According to Racial Lines“. IB Times. International Business Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 January 2023. ციტირების თარიღი: 3 January 2023.
  53. Rodney, Walter. Street Speech. History is a Weapon. ციტირების თარიღი: 2 March 2023
  54. „The Cheddi Jagan Research Centre“. Guyana International Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 November 2021. ციტირების თარიღი: 30 November 2021.
  55. RED HOUSE (KAMANA COURT). ციტირების თარიღი: 30 November 2021
  56. About us. ციტირების თარიღი: 30 November 2021
  57. 1 2 „Cheddi Jagan: The Liberator“. Guyana Chronicle. 13 March 2022. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 April 2023. ციტირების თარიღი: 3 March 2023.
  58. 1 2 „Order of liberation raises eyebrows, questions“. Stabroek News. 7 January 2008. ციტირების თარიღი: 3 March 2023.
  59. 1 2 National Orders awards 27 April 2005. ციტირების თარიღი: 29 January 2016
  60. Shukla, Vivek (26 October 2022). „Cheddi Jagan to Rishi Sunak“. The Times of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 April 2023. ციტირების თარიღი: 3 March 2023.
  61. Former President Cheddi Jagan remembered for his stellar contribution to Guyana. Government of Guyana. ციტირების თარიღი: 7 December 2024
  62. Dr Jagan's contributions to democracy will never be forgotten- President Ali. Government of Guyana (13 April 2021). ციტირების თარიღი: 3 March 2023
  63. Samaroo, Sunita (7 August 2015). „Burnham hailed as nat'l hero, 'father of the nation' at commemoration of 30th death anniversary“. Kaieteur News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 January 2016. ციტირების თარიღი: 3 March 2023.