ჩაფი (საზომი ერთეული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩაფი.

ჩაფი — სითხის საზომი ერთეული ფეოდალური ხანის საქართველოში. გავრცელებული იყო თითქმის ყველა კუთხეში. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით ტერმინი „ჩაფი“ პირველად XIII საუკუნეში შედგენილ ვანის ქვაბების შეწირულობებში მოიხსენიება. XVI საუკუნიდან იგი ფართოდ ვრცელდება მთელს საქართველოში.[1] ივანე ჯავახიშვილის დაკვირვებით, დასავლეთ საქართველოს საბუთებში ღვინის საწყაოდ იგი უკვე XVI საუკუნეში გვხვდება, კერძოდ, 1550–1570 წლების სიგელში — აღნიშნულია, რომ ზედაშედ შეწირულია „ერთი ჩაფი ღვინო“. აღმოსავლეთ საქართველოში ჩაფი მოგვიანებით იხსენიება. XVII საუკუნით დათარიღებულ მცხეთის ბოკოწინელთაგან მოცემულ სიგელში გვხვდება „ხუთი ჩაფი ტკბილი“.[2] სულხან-საბა ორბელიანი ჩაფს კოკის ნაოთხალად თვლის და მას გუერდის და დორაკის ტოლფას საწყაოდ მიიჩნევს.[1] „ჩაფი“ მოხსენიებულია ვახტანგ მეფის „დასტურლამალშიც“.[2] XIX საუკუნის მონაცემებით ჩაფი შეიცავდა 3 თუნგსა და 12-თუნგიანი კოკის მეოთხედს შეადგენდა. უფრო მოგვიანებით ჩაფს 1-თუნგიან ჭურჭლადაც მოიხსენიებენ. ეთნოგრაფიული მონაცემებით ირკვევა, რომ არსებობდა ჩაფი, რომელიც 12,3 ლიტრს იტევდა. აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ ყოფაში სპილენძის ჩაფიც დასტურდება და ძირითადად გამოიყენება ქვევრიდან ღვინის ამოწყვის დროს. კარგად გაწყობილ მარანში, როგორც წესი საწყაო ჩაფი აუცილებელი ნივთი იყო.[1] ივანე ჯავახიშვილის განმარტებით, ჩაფი სომხურადაც საზომს ნიშნავს, თუმცა იგი, ქართულისაგან განსხვავებით, ზოგადი ცნების აღმნიშვნელია. ამასთანავე, ეს საზომი ისეთ დროს და საქართველოს ისეთ ნაწილში შემოდის ხმარებაში, როდესაც და სადაც სომხური ტერმინის გავლენას ჯავახიშვილი ძნელად სავარაუდოდ მიიჩნევს.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 ჩაფი // ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი, თბ.: მერიდიანი, 2011, ISBN 978-9941-10-489-3.
  2. 2.0 2.1 2.2 ჯავახიშვილი ნ., ჩაფი // ივანე ჯავახიშვილი : ენციკლოპედიური ლექსიკონი / მთ. რედ. მეტრეველი რ., თბ.: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2002. — გვ. 712, ISBN 99928-929-8-6.