ჩამოშვება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩამოშვება კოსმონავტიკაშიკოსმოსური საფრენი აპარატის (კსა) ან ჩამოსაშვები აპარატს (ჩა) დაშვება ატმოსფეროში ან უატმოსფერო გარემოში ციურ სხეულებზე დაჯდომის წინ. ატმოსფეროს მქონე პლანეტაზე დაჯდომის დროს კსა-ის სიჩქარე მცირდება აეროდინამიკური წინაღობის გამო. ამ დროს მიზანშეწონილია არა მთელი კსა-ის ჩამოშვება, არამედ მისი ნაწილისა (ჩა). აეროდინამიკური წინაღობა ამცირებს ჩა-ის მოძრაობის სიჩქარეს 150-250 /წმ-მდე. აპარატის შემდგომ დამუხრუჭებასა და დაშვებას ახორციელებენ საპარაშუტო ან სხვა სისტემებით. ჩამოშვება ატმოსფეროში შეიძლება იყოს ბალისტიკური ან მცორავი. გადატვირთვები უფრო ნაკლებია მცორავი ჩამოშვების დროს, ვიდრე ბალისტიკური დაშვებისას. თუ ატმოსფეროში ჩამოშვების წინ კსა არ დამუხრუჭებულა რაკეტული ძრავას საშუალებით, რომელიც წარმოქმნის კსა-ის მოძრაობის მიმართულების საწინააღმდეგო წევას, მაშინ კსა ატმოსფეროში შედის დიდი სიჩქარით (I ან II კოსმოსური სიჩქარით). ამ შემთხვევაში სიჩქარის შემცირებას თან ახლავს დიდი გადამეტტვირთვა და აპარატის გახურება. კოსმონავტებიანი ხომალდის ჩამოშვების დროს გადამეტტვირთვის სიდიდე და მისი მოქმედების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დასაშვებ სიდიდესა და დასაშვები მოქმედების ხანგრძლივობას. უატმოსფერო პლანეტებზე ჩამოშვების დროს კსა-ს ამუხრუჭებენ მხოლოდ რაკეტული ძრავას მეშვეობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]