ჩალაუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩალაუბნის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბანის ჩრდილო–დასავლეთით 3,5 კილომეტრზე, ნასოფლარ ჩალაუბანში, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

კომპლექსი შედგება ერთმანეთზე მიდგმული, სხვადასხვა ზომისა და პერიოდის ორი ეკლესიისგან და მომდევნო ხანების მინაშენებისგან. თავდაპირველად აქ მდგარა წმინდა გიორგის სახელობის პატარა, დარბაზული ეკლესია (6,2x4,6 მეტრი), რომლისთვისაც მოგვიანებით სამხრეთიდან მიუდგამთ მასზე ბევრად უფრო მოზრდილი (გარეთა ზომები ღერძებზე: სიგრძე – 13,1 მეტრი, სიგანე – 5,7 მეტრი) დარბაზული ეკლესია. შემდგომ ამ უკანასკნელისთვის სამხრეთიდან მიუშენებიათ ეგვტერი (9,4x3,3 მეტრი), ხოლო თავდაპირველად ეკლესიისათვის (ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან) – სწორკუთხა სათავსები.

ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ორივე ეკლესიას ჩამოშლილი აქვს ლავგარდანი და აქა–იქ კედლების ზედა ნაწილები; თითქმის მთლიანადაა დანგრეული მინაშენები.

1990–იანი წლების ბოლოს ადგილობრივმა მოსახლეობამ ორივე ეკლესია თუნუქით გადახურა.

წმინდა გიორგის ეკლესია, განეკუთვნება განვით შუა საუკუნეებს. ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. აქა–იქ გამოყენებულია მოზრდილი ლოდებიც და შირიმიც. წყობა ირეგულარულია, ტლანქი.

ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი თარაზულადაა გადახურული. შიგნით კარის თავზე, ღრმა ნიშაა.

აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც ბტყლად გადახურული, ზემოთკენ შევიწროებული სარკმელი და ორი მცირე ზომის ნიშაა. სარკმლის ქვემოთ კედელზე, მიდგმულია გეგმით ნახევარწრიული ტრაპეზი. აფსიდი გადახურულია კონქით. კონქის თაღი ნახევარწრიული ფორმისაა. თაღის, ისევე როგორც კონქის წყობაში შირიმის დაუმუშავებული ქვებია ჩართული. საკურთხევლის მხრების ხაზზე დგას რიყის ქვით ტლანქად ნაშენი და კირით შელესილი კანკელი, რომლის შუაში ნახევარწრიული თაღით დასრულებული აღსავლის კარია, მის გვერდებზე კი, თითო თაღოვანი ღიობი. თაღები დაყრდნობილია მრგვალ სვეტებზე.

დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია.

დარბაზი გადახურულია ცილინდრული ფორმის კამარით.

სამხრეთიდან მდგარი ეკლესიაც დარბაზულია, სავარაუდოდ თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ნაგებია წვრილი რიყის ქვით – ტლანქად. ალაგ–ალაგ გამოყენებულია კნადრატული აგურიც. ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული მოხაზულობის შვერილი აფსიდით, რომელიც დარბაზისგან, როგორც შიგნით, ისე გარედან მხრებითაა გამოყოფილი. შესასვლელი (მოგვიანებით დაუვიწროებიათ) სამხრეთიდანაა – ეგვტერიდან. კარი თარაზულადაა გადახურული. საკურთხეველი დარბაზისგან გამიჯნული რიყის ქვით ნაშენი და კირით შელესილი კანკელით, რომელშიც ორი თაღოვანი კარი (შუაში და ჩრდილოეთ ნაწილში) და განიერი, მშვილდისებრი თაღით დასრულებული ნიშაა. კიდევ ერთი საკმაოდ მცირე ზომის კვადრატული ნიშაა კანკელის ჩრდილოეთ კიდესთან. საკურთხეველი განათებულია განიერი, გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული სარკმლით. იგი აფსიდის ღერძიდან ოდნავ ჩრდილოეთითაა გადაადგილებული და შიგნიდან სამკუთხა თაღი ხურავს. გარედან სარკმელი სწორკუთხაა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ტრაპეზია მიდგმული. აფსიდის გვერდებში (კიდეებთან ახლოს) თითო განიერი ნიშაა. აფსიდი გადახურულია დადაბლებული პროპორციების სხმული კონქით, რომლის თაღს გაბრტყელებული, თითქმის სწორი გვერდები აქვს. მსგავსი ფორმისაა კამარაც. კამარა სამხრეთით კედელზეა დაყრდნობილი, ჩრდილოეთით კი – თავდაპირველ ეკლესიაზე მიშენებულ თაღედზე, კვადრატული ბოძებით თაღებს შორის. ბოძებს დარბაზის მხარეს მოწყობილი აქვთ ერთსაფეხურიანი პილასტრები: მათ პირდაპირ, სამხრეთ კედელზე, მსგავსი პილასტრებია გამოყვანილი. პილასტრებზე გამოყვანილია კამარის საბჯენი თაღები, რომელთა ნაწილი კამარის წყობაშია მოქცეული.

ინტერიერი კირით ყოფილა შელესილი.

ეგვტერი თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია აფსიდის სამხრეთ გვერდი, სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილი და დასავლეთ კედლის ნაშთი. კედლების დანარჩენი ნაწილები მიწითაა დაფარული.

თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილოეთ მინაშენი გეგმით სწორკუთხაა, უაფსიდო, შემორჩენილია აღმოსავლეთ კედელი (სიმაღლე – 1,5 მეტრი) და ჩრდილოეთ კედლის ნაწილი (თითქმის მთელ სიგრძეზე). შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთ კედელში გარეთკენ და დავიწროებული, შიგნიდან და გარედან თაღოვანი სარკმელია გაჭრილი.

თავდაპირველი ეკლესიის დასავლეთ მინაშენი თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შესასვლელი მას დიდი ეკლესიიდან ჰქონია.

გარედან ნაგებობების შემორჩენილი კედლები სადაა, მოკლებულია მორთულობას. ორივე ეკლესია გადახურული იყო ორფერდა სახურავით (მეტ–ნაკლებად შემორჩენილი აქვს დიდ ეკლესიას). დიდი ეკლესიის დასავლეთ ფასადზე შემორჩენილია ლავგარდნის ნაწილი, რომელიც შედგება ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით შვერილი აგურის თითორიგიანი შრეების მონაცვლეობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]