ჩალაუბნის ეკლესიების კომპლექსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩალაუბნის ეკლესიების კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩალაუბნის ჩრდილო-აღმოსავლეთით 2-2,5 კილომეტრზე. ნასოფლარ ჩალაუბნის სასაფლაოზე. კომპლექსი გვერდიგვერდ, მდგარი ორი ეკლესიისგან შედგება, მათგან ერთი, შედარებით მოზრდილი, ღვთისმშობლის, ხოლო მეორე მთავარანგელოზთა სახელობისაა.

ღვთისმშობლის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია. შეიცავს ქრონოლოგიურად განსხვავებულ ორ სამშენებლო ფენას თავდაპირველი ფენა, რომელიც სავარაუდოდ განვითრებულ შუა საუკუნეებით თარიღდება, მოზრდილი რიყის ქვის ირეგულარული წყობითაა ნაშენი კირის სქელ დუდაბზე. ამ დროისაა აღმოსავლეთ კედელი, დასავლეთ და სამხრეთ კედლების დიდი ნაწილები. მოგვიანებით ეკლესია განუახლებიათ. კედლების აღდგენილი ნაწილები ძირითადად რიყის ქვისაა, ხოლო კამარა აგურის. წყობა ტლანქია და ოსტატობის დაბალ დონეს ამჟღავნებს. აგურით ალაგ-ალაგ გარეთა კუთხეებიცაა აღდგენილი. შიგნით კედლები გაჯის სქელი ფენით ყოფილა შელესილი. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. კარის დიობი გარეთკენ გაფართოებულია და გამოყვანილია კვადრატული აგურით. ეკლესიის მოგრძო, საკმაოდ ჩაბნელებული დაბაზი, აღმოსავლეთით დასრულებულია საკურთხევლის ნახევარწრიული თაღით, ხოლო გარედან თარაზულადაა გადახურული. აფსიდის გვერდებში თითო სწორკუთხა ნიშაა. ჩრდილოეთ ნიშა რემონტის დროს გაუდიდებიათ და თავდაპირველი სახე დაკარგული აქვს. სარკმლის ქვემოთ, კედელზე რიყის ქვით ნაშენი ტრაპეზია მიდგმული. აფსიდი გადახურულია რიყის ქვით ნაწყობი კონქით, მისი სივრცე დარბაზში აგურის ორსაფეხურიანი თაღით გამოიყოფა. მათ შორის ერთი აფსიდის კუთხეებზეა გადაყვანილი ხოლო მეორე აგურის საფეხუროვან კრონშტაინებზე. ეს უკანასკნელი კამარის საყრდენად იყო განკუთვნილი. დარბაზის გრძივი კედლები ორ-ორი ყრუ თაღითა დანაწევრებული. თაღებს შორის თითო მარტივი პილასტრია, რომლებზედაც აგურის შეისრული საბჯენი თაღია გადაყვანილი. შეისრულია კამარაც. სამხრეთით ორივე თაღი, ისევე როგორც მათ შორის მდებარე პილასტრია, გვიანდელი რემონტის დროინდელია და საკმაოდ დაუდევრადაა ნაგები. ჩრდილოეთისა კი სამხრეთისგან განსხვავებით, საგულდაგულოდ ნაწყობი ნახევარწრიული თაღებითაა დასრულებულ. თუმცა ამ კედლის ზედა ნაწილიც გვიანდელია და თავდაპირველი ფენისგან წყობის სიტლანქით გამოირჩევა. აგურით ნაშენი თაღი კამარას დასავლეთითაც აქვს. იგი დასავლეთ კედლის პილასტრებზეა დაყრდნობილი. ეკლესიის შიდა სივრცეს, საკურთხევლის სარკმლის გარდა კიდევ ერთი, დასავლეთ კედელში გაჭრილი ვიწრო, სწორკუთხა სარკმელი აშუქებს, რომელიც კედლის განახლებულ ნაწილს მოქცეული. ფასადები მოკლებულია ყოველგვარ მორთულობას: სამხრეთ ფასადზე შემორჩენილია აგურის საფეხურიანი ლავგარდნის მცირე ნაწილი.

მთავარანგელოზთა ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარანგელოზთა ეკლესია გეგმით სწორკუთხაა. შეიცავს ქრონოლოგიურად განსხვავებულ ორ ფენას. ძირითადი თავდაპირველი ფენა სავარაუდოდ განვითარებულ შუა საუკუნეებისა. იგი ნაგებია. რიყის მოზრდილი ქვით. წყობა ირეგულარულია კედლების ზედაპარი შიგნით და გარედან გასწორებულია კირის ბათქაშით. გარეთა კუთხეებში ალაგ-ალაგ შირიმია გამოყენებული. განახლებული ნაწილები მთლიანად აგურისაა. შენობა ძლიერაა დაზიანებული: ჩამონგრეულია კამარა და კონქის თაღის დიდი ნაწილი დანგრეულია სამხრეთ-დასავლეთ კუთხე და დასავლეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი. აფსიდს და შემორჩენილია კედლების ფართო გამჭოლი ბზარები დაუყვება. ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს. კარი შიგნიდან ხით ყოფილა გადახურული. ეკლესიის დარბაზს, რომლის განივი ღერძი რამდენადმე აღემატება გრძივ ღერძს, აღმოსავლეთით ღრმა აფსიდი ერთვის. აფსიდის ღერძზე ერთი ვიწრო სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთი ერთი სწორკუთხა ნიშაა, ხოლო ქვემოთ კედელზე რიყის ქვით ნაგები ტრაპეზია მიდგმული. რემონტის დროს აფსიდი მთლიანად აგურით ნაშენი კონქით გადაუხურავთ. დასავლეთ კედელში იკითხება სარკმლის კვალი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]