ჩაის ფოთლის კრეფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩაის ფოთლის კრეფაჩაის მოსავლის აღების აგროტექნიკური ღონისძიება. შრომატევადი სამუშაოა. მასზეა დამოკიდებული არამარტო მოსავლის რაოდენობა, ნედლეულის ხარისხი, მკრეფავთა შრომისნაყოფიერება, ასევე ამ მცენარის ცხოველმყოფელობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა. ჩაის ფოთლის კრეფის ბიოლოგიური საფუძველი ისაა, რომ კრეფის მთელი სეზონის განმავლობაში (აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით) შერჩევით მოიკრიფოს 2–3-ფოთლიანი ნაზი დუყები იმ ანგარიშით, რომ ჩაის დასამზადებლად მაღალხარისხოვანი ნედლეული მიიღონ. გარდა ამისა, ბუჩქზე ფოთლებს იმ რაოდენობით ტოვებენ, რამდენიც საჭიროა მრავალი წლის განმავლობაში მცენარის არსებობისა და ცხოველმყოფელობის შესანარჩუნებლად.

ჩაის ფოთლის კრეფას იწყებენ პლანტაციის გაშენებიდან მე-4–მე-5 წელს, ბუჩქების მესამე ფორმირებითი გასხვლის დროს. ამასთანავე ცდილობენ ვარჯის საბოლოო ფორმირებას. ამ მიზნით გვერდით ტოტებზე ფოთოლს მანამ არ კრეფენ, სანამ ტოტი ბუჩქის საერთო სიმაღლეს (50 სმ) არ მიაღწევს. 10-12 წლის ჩაის პლანტაცია უკვე სრულმოსავლიანია. საქართველოში ჩაის ფოთლის კრეფა აპრილ-მაისში იწყება, მაშინ როცა ბუჩქზე განვითარდება 4–5-ფოთლიანი დუყები (15-20%). კრეფენ 2–3-ფოთლიან ნაზ დუყებს, ხოლო ნეკებზე ტოვებენ ორ-ორ ნორმალურ ფოთოლს და თევზა ფოთოლს. ივნისში 3–4-ფოთლიანი ყლორტებიდან იკრიფება 2–3-ფოთლიანი დუყები. ნეკზე კი ტოვებენ თითო ნორმალურ ფოთოლს და თევზა ფოთოლს. ივლისიდან სეზონის ბოლომდე იკრიფება 2–3-ფოთლიანი ნაზი დუყები და ნეკზე ტოვებენ მხოლოდ თევზა ფოთოლს.

მსოფლიოში ჩაის ფოთლის კრეფა ძირითადად ხელით წარმოებს. ყოფილ სსრკ-სა და იაპონიაში მანქანური წესით ჩაის ფოთლის კრეფაში მნიშვნელოვანი შედეგები იყო და არის მიღწეული. საქართველოში შექმნილია ჩაის ფოთლის შერჩევით პრინციპზე კრეფის რამდენიმე ტიპის მანქანა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]