ჩაის საწმენდი მანქანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაის საწმენდი მანქანა — სტაციონალური მანქანა (ჩა-300), რომელსაც იყენებენ მანქანით მოკრეფილი მწვანე ჩაის ფოთლის გასაწმენდად არასტანდარტული დუყებისა და სხვა მინარევებისაგან. მისი ძირითადი კვანძებია ჩარჩო, მიმწოდი, ძირითადი გამომტანი დისკურა და ლენტური ტრანსპორტიორები, ჰაერსატარიანი ვენტილატორი და უჯრედებიანი დოლები. მიმწოდი ტრანსპორტიორი არის უსასრულო ლენტი, რომელზეც დამაგრებულია ალუმინის კუთხედები, ჩამტვირთავი ბუნკერი და რეზინისფრთებიანი ტარაბუა. ძირითადი ტრანსპორტიორი, რომელიც ჩაის ფოთოლს ჰაერსატარის ქვეშ გადააადგილებს, წარმოადგენს სწორკუთხა უჯრედებიან უსასრულო მავთულის ლენტს, რომელიც ორი ლითონის დოლზეა გადაჭიმული. გამომტანი დისკური ტრანსპორტიორი მოთავსებულია ჰაერსატარის ზედა ნაწილში და მას მინარევები გამოაქვს. ოთხი 70x70x60 მმ და სამი 40x40x42 მმ უჯრედებიანი დოლი ჩაის მწვანე ფოთლის მასას წმენდს მსხვილი მცირედ გაუხეშებული და უხეში დუყებისაგან.

გასაწმენდ ჩაის ფოთოლს ხელით ყრიან მიმწოდი ტრანსპორტიორის ბუნკერში. ამ ტრანსპორტიორს ჩაის ფოთოლი ძირითად ტრანსპორტიორზე გადააქვს. ვენტილატორით შექმნილი აღმავალი ჰაერის ნაკადი ჩაის მწვანე ფოთლებისაგან ცალ-ცალკე გამოჰყოფს ნაზ, მცირედ გაუხეშებულ და ხმელ ფოთლებს. მათ მიიწოვს გამოსატანი დისკური ტრანსპორტიორი და მესამე ფრაქციის ნარჩენების ყუთში გადაიტანს. ჩაის მწვანე ფოთლის დანარჩენი მასა ძირითადი ტრანსპორტიორიდან უჯრედიან დოლზე ხვდება. მინარევები, რომელთა ზომები დოლის უჯრედების ზომაზე დიდია, ნარჩენების მეორე ფრაქციის ყუთში მოიყრის თავს. დარჩენილი გაწმენდილი მასა, რომელიც დოლების უჯრედებიდან გადმოიყრება, ლენტური ტრანსპორტიორით პირველი ფრაქციის ყუთში იყრება.

მანქანას ამუშავებს ორი 1,0 კვტ და 1,7 კვტ სიმძლავრის ელექტროძრავა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]