ჩაის საკრეფი მანქანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩაის საკრეფი მანქანის მუშაობის ტექნოლოგიური სქემა

ჩაის საკრეფი მანქანაჩაის შპალერებიდან შემოსული ჩაის დუყების საკრეფი მანქანა, საკიდი ან თვითმავალი. საქართველოში ჩაის საკრეფი მანქანის შესაქმნელად მუშაობა 1930 წელს დაიწყეს. შემდგომში ჩაის, სუბტროპიკული და სამთო მანქანების სახელმწიფო საკონსტრუქტორო ბიუროში შეიქმნა სხვადასხვა პრინციპით მომუშავე მანქანების ჯგუფი, გამოვიდა მათი საცდელი პარტიები. 1963 წლიდან დაიწყო ჩაის საკრეფი მანქანის — ჩსნ-1,6 „საქართველო“ — სერიული გამოშვება (მისი შექმნისათვის ავტორთა ჯგუფს ლენინური პრემია მიანიჭეს 1967 წელს); იყენებენ ჩაის შპალერებიდან ნაზი ჩაის დუყების საკრეფად, ჩაის ბუჩქების მსუბუქი ფორმირებისა და ლაო-ჩაის საკრეფად. შეუძლია მუშაობა 8°-მდე დახრილობის ფერდობებსა და ვაკე ადგილებში. ჩაის საკრეფი მანქანის ძირითადი კვანძებია ჩაის საკრეფი აპარატი, რომელსაც აქვს სავარცხლურ-პნევმატიკური მუშა ორგანოები და საჭრელი დანები, პნევმოტრანსპორტიორის სისტემა, საკიდარი, ბუნკერები, მართვის ავტომატური ჰიდრომიმყოლი სისტემა და ტრანსმისია. ჩაის საკრეფი აპარატი შედგება ჩაის საკრეფი სავარცხლის, ამძრავი მექანიზმის, საქშენის, ჰაერსატარებისა და ელასტიკური გოფრირებული შლანგისაგან. აპარატის შასის საკიდ სისტემასთან სახსრული შეერთება უზრუნველყოფს აპარატის გადაადგილებას ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ სიბრტყეში, აგრეთვე გვერდით დახრას. აპარატის სავარცხელს აქვს ერთი უძრავი და ორი მოძრავი საჭრელსეგმენტებიანი რკალი. ჩაის საკრეფი მანქანის მუშაობის დროს (მანქანა მუშაობს შპალერის გასწვრივ) ჩაის საკრეფი აპარატის მუშა ორგანოები, რომლებსაც ჰიდრავლიკური მიმყოლი სისტემა მართავს, ბუჩქის ვარჯში საჭირო სიღრმეზე ჩაღრმავდება. დანების ელასტიკური სადებები უკუსვლით-წინსვლითი მოძრაობით დუყებს უძებნის გადასატეხად ყველაზე მყიფე ადგილს. მოსაკრეფად ვარგისი დუყები ტყდება უძრავი თითების ხის საყრდენებსა და მოძრავი თითების ელასტიკური სადებების წებოებს შორის, დანარჩენ ძლიერ განვითარებულ ჩაის დუყებს, რომლებიც თითებს ზემოთ არის განლაგებული, საჭრელი დანები ჭრის. მოკრეფილი ჩაის დუყები ჰაერის ნაკადს ჰაერსატარით მიაქვს დოლურ ტრანსპორტიორებთან, რომლებიც ფოთოლს მიმღები ბუნკერის საცვლელ ყუთებში ყრიან. მანქანა დააგრეგატებულია თვითმავალ შასიზე ტ-16 მმჩ.

ჩაის საკრეფი მანქანა ჩა-900/650 თვითმავალია, იყენებენ ჩაის ფოთლის შერჩევითი კრეფისათვის (შემოუსვლელ დუყებს ბუჩქზე ტოვებს), ყრუ დუყების მასიურად შემოსვლისას მიყოლებული კრეფისათვის, შპალერების შესასწორებლად, საპირე მასალისა და ლაო-ჩაის კრეფისათვის ვაკეზე და 20°-მდე დახრის ფერდობებზე. ჩაის საკრეფი მანქანის სავალი ნაწილია სამთვლიანი შასი. მას აქვს ფერდობზე მუშაობის დროს აგრეგატის სწორად დასაყენებელი ნახევრად ავტომატი. შასიზე ჰკიდებენ ერთნაირი კონსტრუქციის სხვადასხვა ზომის (სხვადასხვა მწკრივთაშორისისათვის) ჩაის საკრეფ აპარატებს. მათი მუშა ორგანოებია საცვლელი მჭრელი რკალები, რომელთაც აქვთ უძრავ თითებში ჩამონტაჟებული სპეციალური ელასტიკური მცველები. კრეფის პროცესში შემოუსვლელ დუყებს ელასტიკური მცველები აპარატიდან გადახრის. აპარატზე დაყენებულია ექვსსექციიანი ტარაბუა და ორი ტრანსპორტიორი (ძირითადი და გამოტანილი). მუშა ორგანოებს ამუშავებს შასის სიმძლავრის წასართმევი ლილვი. ჩაის საკრეფი აპარატის მუშა ორგანოებს ბუჩქში საჭირო ზომებს ჩაუშვებენ. ტარაბუას რეზინის ფრთებს ჩაის დუყები საჭრელ რკალთან მიაქვს. რკალის თავზე დაყენებულია შემრჩევი ლილვები, რომლებიც ტარაბუას ფრთასთან შეხებისას ბრუნავს. საჭრელი რკალის ქვემოთ დამაგრებულია კაპრონისძაფებიანი თითები, რომლებიც შემოუსვლელ დუყებს მჭრელი რკალის მოქმედების ზონაში არ უშვებენ. ტარაბუათი გადახრილ მაღალ დუყებს შემრჩევი ლილვაკები ჩაის საკრეფ აპარატს აწვდის. მოჭრილი ჩაის ძირითადი და განივი ტრანსპორტიორით ბუნკერში ხვდება. ჩაის საკრეფი მანქანების მწარმოებლურობაა 0,2 ჰა/სთ, როცა სიჩქარე 1 კმ/სთ-ის ტოლია. არის აგრეთვე ხელის მოტორიზებული ჩაის საკრეფი მანქანები, ისინი შეიძლება იყოს ბენზინისძრავიანი და ელექტროძრავიანი, ბენზინისძრავიანი ჩაის საკრეფი მანქანის ძირითადი კვანძებია ძრავა, ძალური გადამცემი მექანიზმი და საკრეფი აპარატი. ელექტროძრავიანი (იკვებება გენერატორიდან) ჩაის საკრეფი მანქანის ძირითადი კვანძებია გენერატორი, ელექტროძრავა, 50 -ის სიგრძის კაბელი, საკრეფი აპარატი, ხოლო ისეთი მანქანისა, რომელიც იკვებება ელექტრონული ქსელიდან, — მიკროტიპის ელექტროძრავიანი საკრეფი აპარატი, ტრანსფორმატორ-გარდამქმნელი, 50 მ-ის სიგრძის კაბელი. საკრეფი აპარატი ენერგიას ღებულობს ელექტროქსელიდან ტრანსფორმატორით, რომელიც ერთდროულად ორ აპარატს კვებავს. საკრეფ აპარატებს აქვთ სეგმენტური მჭრელი დანები. კრეფის პროცესში მუშა აპარატს ბუჩქის ზედაპირიდან ისეთ დონეზე გადააადგილებს, რომ მოიკრიფოს ხარისხოვანი ფოთოლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 73-74.
  • შხვაცაბაია ჟ., ბეჟანიშვილი გ., სოფლის მეურნეობის მანქანები, ნაწ. 2, თბ., 1982 წელი.