ჩაის საერთაშორისო დღე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩაის საერთაშორისო დღე
ჩაის საერთაშორისო დღე ფოტოსურათი
ჩაის კრეფა შრი-ლანკაში, ჩაის საერთაშორისო დღის ერთ-ერთ აღმნიშნავ ქვეყანაში
დაწესდა გაეროს მიერ, 2019 წელს, აღინიშნება 2020 წლიდან
თარიღი 21 მაისი

ჩაის საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად ყოველწლიურად 21 მაისს აღინიშნება.[1] 2019 წლის 21 დეკემბერს მიღებულ იქნა შესაბამისი რეზოლუცია, რომელიც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციას (FAO) ამ დღის აღნიშვნის ხელმძღვანელობისკენ მოუწოდებს.[2][3]

ჩაის საერთაშორისო დღე მიზნად ისახავს მთელ მსოფლიოში ჩაის ხანგრძლივი ისტორიისა და ღრმა კულტურული და ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. დღესასწაულის მთავარი ამოცანაა ხელი შეუწყოს და წაახალისოს კოლექტიური ქმედებები ჩაის მდგრადი წარმოებისა და მოხმარების სასარგებლოდ, ასევე ცნობიერება აამაღლოს შიმშილისა და სიღარიბის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაის მნიშვნელობის შესახებ.

ჩაის საერთაშორისო დღე 2005 წლიდან 15 დეკემბერს აღინიშნებოდა ჩაის მწარმოებელ ქვეყნებში — ინდოეთი, შრი-ლანკა, ნეპალი, ვიეტნამი, ინდონეზია, ბანგლადეში, კენია, მალავი, მალაიზია, უგანდა და ტანზანია.[4] მისი მიზანი იყო მთელი მსოფლიოს მთავრობებისა და მოქალაქეების ყურადღების მიპყრობა ჩაის საერთაშორისო ვაჭრობის გავლენაზე მუშებსა და მწარმოებლებზე, ასევე დაკავშირებული იყო ფასების მხარდაჭერისა და სამართლიანი ვაჭრობის მოთხოვნებთან.[5][6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005 წლის იანვარში მსოფლიო სოციალურ ფორუმზე ჩაის საერთაშორისო დღის მთავარი შემოქმედები იყვნენ განათლებისა და კომუნიკაციის ცენტრი, პროფკავშირი Hind Mazdoor Sabha, ინდოეთის ეროვნული პროფკავშირების კონგრესი, ახალი პროფკავშირების ინიციატივა, გაერთიანებული პროფკავშირების კონგრესი (ინდოეთი), სოციალური განვითარების ინსტიტუტი, წითელი დროშის კავშირი (შრი-ლანკა). ჩაის პირველი საერთაშორისო დღე ამავე წელს ნიუ-დელიში აღინიშნა,[7] 2006 და 2008 წლებში ღონისძიებები შრი-ლანკაში ჩატარდა.[5] ჩაის საერთაშორისო დღის აღნიშვნა და მასთან დაკავშირებული გლობალური ჩაის კონფერენციები ერთობლივად იყო ორგანიზებული პროფკავშირული მოძრაობების მიერ.[5]

2015 წელს ინდოეთის მთავრობა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) „ჩაის შესახებ მთავრობათაშორისი ჯგუფის“ (IGG on Tea) მეშვეობით ჩაის საერთაშორისო დღის აღნიშვნის გაფართოების ინიციატივით გამოვიდა.[8]

„მთავრობათაშორისი ჯგუფი ჩაის თაობაზე“ ხელმძღვანელობს ჩაის მსოფლიო ეკონომიკის მხარდამჭერ მრავალმხრივ პროგრამას და აქტიურად გამოდიოდა ჩაის საერთაშორისო დღის დაწესების მომხრედ. 2015 წელს, იტალიაში, მილანში გამართულ შეხვედრაზე, მთავრობათაშორისმა ჯგუფმა განიხილა ჩაის საერთაშორისო დღის იდეა. შემდეგ ამ წინადადებას მხარი დაუჭირა FAO-ს სანედლეულო საქონლის პრობლემების კომიტეტმა (CCP) და მიიღო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2019 წლის დეკემბერში.[9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. International Tea Day. UN. ციტირების თარიღი: 2020-05-21.
  2. Resolution adopted by the General Assembly on 19 December 2019. United Nations. ციტირების თარიღი: 2020-05-21.
  3. International Tea Day. FAO. ციტირების თარიღი: 2020-05-21.
  4. International Tea Day. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-22. ციტირების თარიღი: 2015-12-15.
  5. 5.0 5.1 5.2 South Asian tea workers call for International Tea day. ციტირების თარიღი: 2015-12-15.
  6. International Tea Day: Consumers Demand a Fair Cuppa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-22. ციტირების თარიღი: 2015-12-15.
  7. International Tea Day 2005 Report. Centre for Education and Communication (2006-03-02). ციტირების თარიღი: 2015-12-15.
  8. 'Tea day' proposal to UN. ციტირების თარიღი: 2015-12-15.
  9. FAO welcomes global recognition of fruits, vegetables, tea and food loss and waste. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-05-21. ციტირების თარიღი: 2022-05-21.